Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩრდილოეთ კავკასიაში შექმნილი ვითარება საქართველოსთვის რამდენიმე ტიპის საფრთხეს უკავშირდება


ნალჩიკის მოვლენებმა საქართველოს ხელისუფლებას ტერორიზმისგან მომდინარე საფრთხე შეახსენა. თუმცა, შექმნილი სიტუაციის საპასუხოდ, ქვეყნის ჩრდილოეთ

საზღვარზე განსაკუთრებული რეჟიმის ამოქმედება ხელისუფლებამ საჭიროდ არ მიიჩნია. ოფიციალური განმარტებით, ამჯერად საქართველოს სახელმწიფო საზღვარს არავითარი საფრთხე არ ემუქრება. ამასთან, ყაბარდო-ბალყარეთის დედაქალაქზე თავდასხმის ფაქტმა კვლავ აქტუალობა შესძინა საქართველოს წინაშე არსებულ - არა მხოლოდ ტერორიზმის საშიშროების - პრობლემას.


ყაბარდო-ბალყარეთის დედაქალაქზე თავდასხმა შემაშფოთებელი ფაქტია და კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რა საფრთხეს წარმოადგენენ უკანონო შეიარაღებული ფორმირებები და ტერორისტები ნებისმიერი ქვეყნისათვის - ამგვარია საქართველოს ხელისუფლების პოზიცია, რომელიც საჯაროდ პარლამენტის თავმჯდომარემ გამოხატა. საზღვრის დაცვის დეპარტამენტი რუსეთის სასაზღვრო უწყებისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე აცხადებს, რომ შექმნილი სიტუაცია საგანგებო ზომების მიღების აუცილებლობას არ ქმნის:

[კორნელი სალიას ხმა] ,,საზღვრისკენ საფრთხე არ მოდის და, აქედან გამომდინარე, ჯერჯერობით დამატებითი ძალები იქითკენ გადასროლილი არ არის.” (სტილი დაცულია)

საზღვრის დაცვის დეპარტამენტის შტაბის ხელმძღვანელი კორნელი სალია განმარტავს, რომ შემდგომი მოქმედება სიტუაციის განვითარების ადეკვატური იქნება. ყაბარდო-ბალყარეთის დედაქალაქზე თავდასხმას, როგორც ჩრდილოეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესების ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილს, საქართველოსთვის შემაშფოთებელ მოვლენად აფასებს დამოუკიდებელი ექსპერტი თემურ იაკობაშვილი:

[თემურ იაკობაშვილის ხმა] ,,ვინც, ასე ვთქვათ, შეუტია გუშინ ჩრდილოეთ კავკასიას, მათი მიზანი არის ძალიან კარგად ჩამოყალიბებული და შეგახსენებთ, რომ მათ თავის დედაქალაქად მიაჩნიათ სოხუმი. ეს ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს.” (სტილი დაცულია)

ნალჩიკზე თავდამსხმელთა შორის იყო რამდენიმე სოხუმელი, რომლებიც ლიკვიდირებულნი არიან - ეს ინფორმაცია რუსულმა სააგენტოებმა, ადგილობრივ სპეცსამსახურებზე დაყრდნობით, პარასკევს გაავრცელეს. ყაბარდო-ბალყარეთის მოვლენებთან საქართველოს ერთგვარი კავშირი ჯერჯერობით მხოლოდ სოხუმის მოხსენიებით შემოიფარგლა, განსხვავებით ჩრდილოეთ კავკასიაში, მათ შორის, ბესლანში განხორციელებული ადრინდელი თავდასხმებისგან. ამ მხრივ, არსებული გამოცდილების გათვალისწინებით, თემურ იაკობაშვილი საქართველოს წინაშე არსებულ საფრთხეთა შორის, გარდა უშუალოდ ტერორიზმისა, რუსეთის არაადეკვატურ რეაქციასაც ასახელებს:

[თემურ იაკობაშვილის ხმა] ,,ის, რაც ჩვენ გვქონდა პანკისში, არის იმის დამადასტურებელი, რომ ომებს ჩრდილოეთ კავკასიაში აქვს ასეთი თვისება, რომ გავრცელდეს მეზობელი ქვეყნების ტერიტორიებზე. რაც, რა თქმა უნდა, იწვევს რუსეთის სამხედრო ძალებისა და შეიარაღების კონცენტრაციას. როგორც წესი, ისინი არიან აბსოლუტურად არაადეკვატურები. როგორც წესი, ისინი იწყებენ მერე თითების გამოშვერას საქართველოსკენ და იწყება, რომ აი, საქართველოდან შემოდიან ტერორისტები, უნდა დაიბომბოს საქართველო. და ეს არაერთხელ მომხდარა.” (სტილი დაცულია)

საქართველოს ხელისუფლება ირწმუნება, რომ მსგავს საფრთხეებზე ადეკვატური რეაგირების უნარი აქვს. გიორგი არველაძე, რომელიც ამჟამად პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობასაც ასრულებს, უშუალოდ ტერორიზმთან ბრძოლის გარდა, საქართველოს კიდევ ერთ მიზანს ასახელებს:

[გიორგი არველაძის ხმა] ,,ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა უნდა იყოს აბსოლუტურად უკომპრომისო და უფრო ინტენსიური. ჩვენ ვართ არა მხოლოდ მომხმარებელი საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემისა, არამედ ჩვენი წვლილიც უნდა შევიტანოთ ამ სისტემის ფორმირებაში.” (სტილი დაცულია)

საქართველოსთვის ტერორიზმთან ბრძოლა და რეგიონული სტაბილურობა ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციით განსაზღვრულ მიზნებს შორისაა. ამავე დოკუმენტში საუბარია რუსეთთან კეთილმეზობლურ და თანასწორუფლებიან ურთიერთობაზეც. თუ როგორ აპირებს საქართველო ამ სამი მიზნის მიღწევას, თეორიულად მას შემდეგ გამოჩნდება, რაც ხელისუფლება მთავარი კონცეფციიდან გამომდინარე კონკრეტულ დოკუმენტებს შეიმუშავებს.
  • 16x9 Image

    ნინო როდონაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან.

XS
SM
MD
LG