Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსული პასპორტები მხოლოდ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებში არ რიგდება


პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე კოტე გაბაშვილი ხმაურიან განცხადებას აკეთებს: რუსული პასპორტები, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის

თვითგამოცხადებული რესპუბლიკების გარდა, საქართველოს ტერიტორიაზე სხვაგანაც რიგდება. სახელდება ლიახვის ხეობა და ყაზბეგის რაიონი, სადაც გაბაშვილი ახლახან იმყოფებოდა. მისი თქმით, მოსახლეობა რუსული პასპორტების აღებაზე დაუფარავად საუბრობს, თუმცა ყაზბეგის რაიონის გამგებელი გოგი ქირიკაშვილი ასეთი ფაქტების არსებობას უარყოფს. რატომ გახდა ყაზბეგის რაიონი რუსეთის საგანგებო ინტერესის სამიზნე და რა პოლიტიკური თუ ეკონომიკური ფონი აქვს მეზობელი ქვეყნის კიდევ ერთ უხეშ ჩარევას საქართველოს შიდა საქმეებში?

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე კოტე გაბაშვილი ახმაურებს მწვავე პრობლემას, რომელსაც საქართველოს შიდა საქმეებში ხელების უხეშ ფათურს უწოდებს:

(კოტე გაბაშვილის ხმა) ”არის შემთხვევები, როდესაც ყაზბეგის მოქალაქეებს, ლიახვის ხეობის მოქალაქეებს, ლტოლვილებს, რომლებიც აქ ცხოვრობენ, აძლევენ მოქალაქეობას რუსეთისას, ზოგს - ორჯონიკიძეში, ზოგს - საელჩოში. ეს არის დარღვევა ორმხრივი ურთიერთობების. ის, რაც ხდება აფხაზეთსა და ცხინვალში, არ უნდა განმეორდეს აქაც. იქაც არ უნდა ხდებოდეს.” (სტილი დაცულია)

კოტე გაბაშვილის მიერ წარმოდგენილი ნუსხა ყაზბეგის რაიონით იწყება, თუმცა რაიონის გამგებელი გოგი ქირიკაშვილი ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს. მას ასეთი ფაქტების არსებობა არც კი წარმოუდგენია:

(გოგი ქირიკაშვილის ხმა) ”არა, რუსულ პასპორტს ვინ მისცემს აქ. ჩვენთან ეგეთი რამე არ ხდება. ეგეთი რამე როგორ შეიძლება?! არა, მაგას ვინ გააკეთებს?!”. (სტილი დაცულია)

კოტე გაბაშვილი კი დარწმუნებულია, რომ რუსეთის პასპორტების დარიგების ფაქტებს ყაზბეგის რაიონში (სადაც ის ახლახან იმყოფებოდა) დიდი ძებნა-ძიება არ სჭირდება და რომ მოსახლეობა იქ ამ თემაზე აბსოლუტურად დაუფარავად საუბრობს:

(კოტე გაბაშვილის ხმა) ”ვიარე ქუჩებში, ვიარე... შევედი, გამოვედი - იქ, აქ, ვიღაცა ნაცნობებს და... აი, მომიყვნენ ასეთი ამბები, რომ იძულებული არიან ასე გააკეთონ. ახლა, ხომ არ დავუწყებ იქ ხალხს დავას, არა?! რუსეთმა, როგორცა ჩანს, გააკეთა სავიზო რეჟიმი სწორედ იმისათვის, რომ ტერორისტები კი არ გაეჩერებინა, არამედ... აქ ჩვეულებრივი მოქალაქეების ურთიერთობები იმდენად შეეზღუდა, რომ გასაადვილებლად მერე ეს დარღვევა გაეკეთებინა.” (სტილი დაცულია)

მეზობელ ქვეყანასთან მკაცრი სავიზო რეჟიმის პირობებში რუსეთის პასპორტებით შეიარაღებულ საქართველოს მოქალაქეებს, ექსპერტთა აზრით, უპირველეს ყოვლისა, სავაჭრო მიმოსვლა უადვილდებათ და, როგორც ჩანს, რუსეთის ხელთ არსებული კოზირიც სწორედ ეს არის. ეკონომისტი დავით ნარმანია ვარაუდობს, რომ რუსეთმა ყაზბეგის რაიონი მისი საგანგებო სავაჭრო როლის გამოც შეარჩია:

(დავით ნარმანიას ხმა) ”ყველა ძირითადი ტვირთი, რომელიც რუსეთში მიდის ან რუსეთიდან საქართველოში შემოდის, უდიდესი ნაწილი, საავტომობილო ტრანსპორტით ან ტრაილერებით რაც მოძრაობს, ყველა გადის აბსოლუტურად საბაჟო ყაზბეგს. იმიტომ რომ, აქეთ ოსეთის მხარე ჩაკეტილია, იქიდან ვეღარ მოძრაობენ, აფხაზეთი ჩაკეტილია და ამიტომაც ერთადერთი გზა არის ეს ყაზბეგის გზა, საიდანაც ტვირთები მოძრაობს. საქართველოში შემოდის სპირტი, შემოდის ხორბალი, აქედან გადის: თხილი, დაფნა, ძირითადად - სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია.” (სტილი დაცულია)

სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევათა ფონდის პრეზიდენტი ალექსანდრე რონდელი კი ვაჭრობის კიდევ ერთ და მეტად სამწუხარო ფორმას გამოყოფს:

(ალექსანდრე რონდელის ხმა) ”საერთოდ, მათი მიდგომა, ახლანდელი, არის ასეთი, რომ იყიდონ ქართველები. და ჩვენ, საერთოდ, ადვილად ვიყიდებით. ეს სამწუხაროა და თან, ეს იციან მათ, ეს ახალი მეთოდი აქვთ მათ, რომ ვიყიდოთ ყველა. ეს მიდგომა, რომ ყველაფრის ყიდვა შეიძლება და ყველას ყიდვა შეიძლება, გაჭირვებული როცა გყავს მხედველობაში, როგორც ჩანს, ეს ჭრის და ეს მაგათმა კარგად გამოთვალეს.” (სტილი დაცულია)

ალექსანდრე რონდელი რუსეთის მიერ კარგად გამოთვლილი სვლის მიღმა შესაძლებლად მიიჩნევს კიდევ უფრო შორსმიმავალი და ვერაგი გეგმების არსებობასაც:

(ალექსანდრე რონდელის ხმა) ”აი, ეს ნაწილი საქართველოსი, რომელიც, პრინციპში, ფიზიკური და გეოგრაფიული მიზეზების გამო, ნუ, ახლა, მოწყვეტილი არ არის, მაგრამ... მაინც ქედის იქითა ტერიტორიაა, შეიძლება ითქვას, ერთადერთი რაიონია ყაზბეგის რაიონი, რომელიც წყალგამყოფი ქედის იქითაა. ამიტომ, ნუ, შეიძლება, რა ვიცი, შორსმიმავალი მიზნებიც ჰქონდეთ. საერთოდ, ექსპანსიონიზმი მათი ცნობილია.” (სტილი დაცულია)

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოში რუსეთის პასპორტების გავრცელების არეალის გაფართოების გამო განგაში უკვე ატეხა. კომიტეტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ, ვიდრე სიტუაცია კიდევ უფრო არ დამძიმებულა, იუსტიციისა და საგარეო საქმეთა სამინისტროები სასწრაფოდ უნდა გააქტიურდნენ.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG