Accessibility links

logo-print

რუსული პრესის ყურადღების ცენტრში კვლავ რჩება საქართველოს პარლამენტის დადგენილება, რომელიც


რუსული პრესის ყურადღების ცენტრში კვლავ რჩება საქართველოს პარლამენტის დადგენილება, რომელიც რუსეთის სამშვიდობო ძალების საქმიანობას ეხება და კონფლიქტის

ზონებიდან მათ შესაძლო გაყვანას ითვალისწინებს. 17 ოქტომბრის “ნეზავისიმაია გაზეტას” ცნობით, აღნიშნული “მკაცრი დადგენილება” გახდა იმის საფუძველი, რომ გადაიდო თბილისში 18 ოქტომბრისათვის დაგეგმილი ბიზნესფორუმი, ორი ქვეყნის საქმიანი წრეების წარმომადგენლების მონაწილეობით. აღარ გაიმართება საქართველო-რუსეთის სამთავრობათაშორისო კომისიის სხდომა, რომელზეც ეკონომიკური თანამშრომლობის მრავალი ასპექტი უნდა განხილულიყო. “ საქართველოს პარლამენტის სპიკერი ნინო ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ კომისიაში მონაწილეობაზე უარის თქმით რუსეთი უფრო ძაბავს ვითარებას, რადგან პარლამენტის დადგენილება მხოლოდ საქართველოს მთავრობის “პირდაპირ და გულწრფელ დამოკიდებულებას გამოხატავს”, მოჰყავს ნინო ბურჯანაძის სიტყვები “ნეზავისიმაია გაზეტას”.

საინტერნეტო გამოცემა “ვესტი რუ” კი ახალქალაქის 62-ე რუსეთის ბაზიდან სამხედრო ტექნიკის გაყვანის პრობლემას ეხება და საქართველოს ხელისუფლებას უსაყვედურებს “საკუთარი გადაწყვეტილებების შეუსრულებლობაში.” სტატიის ავტორი ალექსანდრ როგატკინი წერს, რომ “2008 წლისათვის ასამდე რუსულმა ჯავშანტექნიკამ უნდა დატოვოს საქართველოს ტერიტორია, თუმცა საქართველოს მხარე ამის ნებართვას არ იძლევა სამანქანო გზით და რუსი ოფიცრები იძულებულნი არიან ეძებონ შემოვლითი მთის ბილიკები, რომლითაც ტექნიკის გაყვანა სახიფათოა. გარდა ამისა, რუს სამხედრო მოსამსახურეებს არ აძლევენ ვიზებს, მათ არა აქვთ ქალაქში შესვლის უფლება, რათა შეცვალონ დემობილიზებული ჯარისკაცები. ბაზა სრულ იზოლაციაში იმყოფება,” - წერს ინტერნეტგამოცემა “ვესტი რუს” ჟურნალისტი და სტატიას ახალქალაქის სომხურ მოსახლეობაზე ზრუნვით ამთავრებს: “უკანასკნელ ხანს ახალქალაქის სომხური მოსახლეობა ღებულობს მუქარის შემცველ ფურცლებს:’ურწმუნო ძაღლებო, დაგვიტოვეთ სარჩო-საბადებელი, ქონება და გაიქეცით. გაიხსენეთ 1915 წელი - სომეხთა გენოციდი. რუსები თქვენ ვერ დაგეხმარებიან. ახალქალაქის განთავისუფლების ბრიგადა.’ ” ეს იყო ციტატა რუსულ საინტერნეტო გამოცემა “ვლასტი რუ”-დან.

საინტერნეტო გამოცემა “პოლიტიჩესკი ჟურნალი” კი აქვეყნებს ცნობილი რუსი პოლიტოლოგის ალექსანდრ მარკედონოვის სტატიას, სათაურით “კავკასიური ბუმერანგი”, რომელშიც სტატიის ავტორი რუსეთის კავკასიური პოლიტიკის შეფასებას იძლევა.

მარკედონოვს მიაჩნია, რომ “რუსეთის ნაციონალურმა პოლიტიკამ ამიერკავკასიაში სრული კრახი განიცადა და რუსეთის ორბიტიდან გარბიან არა მხოლოდ ტრადიციული ოპონენტები, საქარველოსა და აზერბაიჯანის სახით, არამედ სომხეთიც. რუსეთის ავტორიტეტი ეცემა სამხრეთ კავკასიაში, რუსეთის ტრადიციულ “ვოტჩინებად” (საფეოდალოებად) მიჩნეულ არაღიარებულ რესპუბლიკებში,” - წერს რუსი პოლიტოლოგი.
“რუსეთმა დღემდე ვერ მოახერხა გადაეტანა პოლიტიკური შოკი, რაც აფხაზეთში 2004 წლის ბოლოსთვის ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნებისას იწვნია. აფხაზეთმა, რომელიც 2004 წლამდე რუსეთის საგარეო საქმეთა და ფედერალური უშიშროების სამსახურის ფილიალის რეპუტაციას ატარებდა, არჩევანი დამოუკიდებლობისა და დემოკრატიის სასარგებლოდ გააკეთა. დღემდე, ფაქტობრივად, რუსეთის ისტებლიშმენტს არ უღიარებია “ახალი აფხაზეთი” და უღიარებელი რესპუბლიკის ახალი ლიდერები, როგორც “თავისიანები,” - წერს სერგეი მარკედონოვი საინტერნეტო გაზეთ “პოლიტიჩესკი ჟურნალში” გამოქვეყნებულ სტატიაში და დასძენს:

“რუსეთმა 90-იანი წლების დასაწყისში ვერ შეძლო გაყინული ეთნიკური კონფლიქტების გადაწყვეტა ამიერკავკასიის რეგიონში, რითაც სასიცოცხლოდ იყვნენ დაინტერესებულნი დამარცხებული მხარეები - საქართველო და აზერბაიჯანი. შესაბამისად, დაზარალებულთა ახალი მფარველების გამოჩენაც - ამერიკისა და ევროპის სახით - გარდაუვალია. გამომდინარე აქედან, რუსეთისათვის პრობლემა ის კი არ არის, დაბლოკოს ახალი მოთამაშეების ძალისხმევა, რისთვისაც რესურსებიც არ არსებობს, არამედ ადეკვატურად შეძლოს ამერიკული და ევროპული მშვიდობისმყოფლობის პროგნოზირება და ამაზე ასევე ადეკვატური რეაგირება. ამ უნარების შეთვისება კი სასიცოცხლოდ აუცილებელია, რადგან 2004-2005 წლებში სამხრეთ კავკასიაში ამერიკულმა და ევროპულმა ყოფნამ ახალი ხარისხი შეიძინა. თუ რუსეთი უკვე დღეს ვერ მოახერხებს ნორმალურ კონკურენციას და თანამშრომლობას კავკასიური “დიდი თამაშის” ახალ ძალებთან და, ამასთან, ვერ მოახერხებს ამ თანამშრომლობისა და კონკურენციის ყველა პლუსისა და მინუსის ადეკვატურ შეფასებას, რუსეთი განწირული იქნება “სათადარიგო მოთამაშის” როლისათვის. შესაბამისად, რუსეთმა, როგორც 90-იან წლებში, კვლავაც უნდა დაიბრუნოს “სამშვიდობო პროცესის” ლიდერის ფუნქცია - ახალი პროექტებისა და მოლაპარაკებების ინიცირებით აჯობოს შეერთებული შტატების, ევროპისა და თავად ამიერკავკასიური რესპუბლიკების წინადადებებს. რუსეთს არა აქვს ფუფუნება იყოს კონცენტრირებული კავკასიაში, მან უნდა იმოქმედოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, კონცენტრაცია რუსეთს დონისა და ყუბანის საზღვრებზე მოუწევს, წერს საინტერნეტო გაზეთ “პოლიტიჩესკი ჟურნალში” გამოქვეყნებულ სტატიაში რუსი პოლიტოლოგი ალექსანდრ მარკედონოვი.
XS
SM
MD
LG