Accessibility links

logo-print

რატომ დაიწყო ”თბილგაზის” გაკოტრების პროცესი


17 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ დაიწყო თბილისის გაზგამანაწილებელი კომპანია ”თბილგაზის” გაკოტრების პროცესი, თუმცა ამის შესახებ ოფიციალურად არც “თბილგაზს”

და არც დედაქალაქის მთავრობას არ გამოუცხადებია. არადა, კრედიტორებმა თბილისის მუნიციპალურ საკუთრებაში მყოფი “თბილგაზის” გაკოტრება ერთი კვირით ადრე წამოიწყეს და გაკოტრების დროებით მმართველიც დანიშნეს. რატომ გადაწყდა ”თბილგაზის” გაკოტრება და რა გავლენას იქონიებს ეს თბილისის ბუნებრივი აირით მომარაგებაზე?

თბილისის გაზგამანაწილებელ კომპანიას ბოლო 15 წლის მანძილზე 200 მილიონ ლარზე მეტი დავალიანება დაუგროვდა სხვადასხვა კრედიტორების მიმართ. მათ შორის, ყველაზე დიდი, 100 მილიონიანი, დავალიანება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ დაგროვდა. “თბილგაზს” 40 მილიონი ლარი მართებს თბილისის მერიის, ხოლო კომპანია “იტერას” მიმართ ვალი კი 18 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. მეოთხე მსხვილი კრედიტორია “გაზექსპორტი”, 5 მილიონი აშშ დოლარით.

ეს კრედიტორები “თბილგაზის” გაკოტრებას ჯერ კიდევ ერთი წლის წინ აპირებდნენ. მაშინ ეს განზრახვა არ განუხორციელებიათ, რადგან კომპანიის სათავეში დანიშნულმა დავით მორჩილაძემ კრედიტორები დაარწმუნა, რომ კომპანიის რეაბილიტაციას შეძლებდა:

[დავით მორჩილაძის ხმა] ”მე მზად მქონდა ინვესტიციები, ხალხი, რომელსაც უნდოდა გაყიდვის გარეშე ინვესტიციების გაკეთება, უბნებად დაყოფის იდეა რომ იყო, უბნებში ინვესტიციების გაკეთება.”(სტილი დაცულია)

დავით მორჩილაძის პროექტის ხორცშესხმა სცადა მისმა მემკვიდრემ გიორგი გვიჩიანმა, რომელმაც გასულ კვირაში “თბილგაზის” ლოტებად დაშლა და მართვის უფლების აუქციონზე გასაყიდად გატანა გამოაცხადა. ამავე დროს, დაიწყო გაკოტრების პროცესიც. მე ამის მიზეზი “თბილგაზის” ოფიციალურ წარმომადგენელს ეკა სარიას ვკითხე.

[ეკა სარიას ხმა] ”საერთოდ, როდესაც ორგანიზაციის კრედიტორები ითხოვენ ორგანიზაციის გაკოტრებას, ეს ნიშნავს იმას, რომ მათ აღარ სჯერათ ამ ორგანიზაციის რეაბილიტაციის და ისინი ცდილობენ მაქსიმალურ ფასში გაყიდონ აქტივები, რომლებიც ამ კომპანიას აქვს და იმ ვალების ნაწილი მაინც დაიფარონ, რომელიც აქვს ამ კომპანიას.”(სტილი დაცულია)

ამას თითქმის შეუძლებლად მიიჩნევს “თბილგაზის” ყოფილი მმართველი დავით მორჩილაძე:

[დავით მორჩილაძის ხმა] ”გაყიდვა და უბნებად დაყოფა, ალბათ, გამორიცხავს ერთმანეთს, იმიტომ რომ თუკი გაიყიდა, უკვე ახალი მფლობელი გადაწყვეტს იმას, უბნებად დაყოს თუ სხვანაირად მიხედოს.”(სტილი დაცულია)

დავით მორჩილაძე საქართველოში ”გაზექსპორტს” წარმოადგენს. იგი რუსეთის ”გაზპრომის” შვილობილი კომპანიაა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ შესთავაზა “თბილგაზის” პრივატიზება, თუმცა, დავით მორჩილაძის განცხადებით, ეს მოლაპარაკებები ბოლომდე არ მისულა. და თუ რატომ, ამას გაზის და ნავთობის საკითხთა ექსპერტი ლიანა ჯერვალიძე განმარტავს:

[ლიანა ჯერვალიძის ხმა] ” ’თბილგაზი’ საინტერესო იქნება იმ შემთხვევაში, თბილისში რომ ბევრი დიდი და გადახდისუნარიანი საწარმო იყოს. “თბილგაზში” ძირითადი მომხმარებელი არის მოსახლეობა, რომელიც გადახდისუნარიანი არ არის. ამიტომ ძნელია კომერციული თვალსაზრისით დაინტერესდე ‘თბილგაზით’.”

არაოფიციალური ინფორმაციის თანახმად, საქართველოს მთავრობა ცდილობდა ასეთი კომპანია მიეყიდა ყაზახეთისა და რუსეთის ერთობლივი კომპანიისთვის, ”ყაზ-როს გაზპრომისთვის”, რათა თავიდან აეცილებინა ბუნებრივი აირის გაძვირება. როგორც ცნობილია, რუსეთიდან მიღებული გაზის საფასური იანვრიდან, 65 აშშ დოლარის ნაცვლად, 110 დოლარამდე გაიზრდება. თუმცა ჯერჯერობით ყაზახური მხარის პასუხი არსად ჩანს. ენერგეტიკული საკითხების ექსპერტს ლიანა ჯერვალიძეს ნაკლებად სავარაუდოდ მიაჩნია, რომ “გაზპრომის” მონაწილეობით შექმნილი ყაზახურ-რუსული კომპანია თავად “გაზპრომის” ინტერესების წინააღმდეგ წავიდეს და საქართველოში იაფფასიანი გაზი შემოიტანოს.
XS
SM
MD
LG