Accessibility links

როგორ არის დაცული ინტელექტუალური საკუთრება საქართველოში


1990-1991 წლებში, საბჭოთა კავშირის დაშლისა და მის ადგილზე დამოუკიდებელი სახელმწიფოების ჩამოყალიბების საწყის ეტაპზე, საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების

დაცვის სფეროში სრული ორგანიზაციული და სამართლებრივი ვაკუუმი შეიქმნა. მდგომარეობა შედარებით გამოსწორდა, როცა ამოქმედდა სამრეწველო საკუთრების დაცვის ეროვნული სისტემა, ხოლო პარლამენტმა მიიღო საპატენტო კანონი და კანონი სასაქონლო ნიშნების შესახებ. თუმცა, ყოველივე ამის მიუხედავად, მეცნიერებისა და ხელოვნების სფეროში დასაქმებულ ადამიანებს კვლავ უჭირთ მრავალწლიანი და დაძაბული შრომის ფასად შექმნილი ინტელექტუალური საკუთრების დაცვა. როგორ არის დაცული ინტელექტუალური საკუთრება საქართველოში?

იურისტების განმარტებით, ინტელექტუალურ საკუთრებას შეადგენს უფლებათა ერთობლიობა, რომელიც წარმოიშობა შემოქმედებით საქმიანობასთან დაკავშირებით და მოიცავს მეცნიერების, ტექნოლოგიების, წარმოებისა და ხელოვნების სფეროებს. ინტელექტუალური საკუთრების ერთ-ერთი ფორმაა საავტორო უფლება, რომლის ხელყოფა ლამის ყოველ ფეხის ნაბიჯზე ხდება.რეჟისორი გიზი გაბესკირია, თანაავტორი ფილმისა „დათა თუთაშხია“, ამბობს, რომ საავტორო უფლებების დაცვით თავს ბევრი არ იწუხებს, ავტორებს კი უსახსრობის გამო მეკობრეებთან გამკლავება უჭირთ:

[გიზი გაბესკირიას ხმა] „ყველგან ტრიალებს ჩვენი ფილმები. აბსოლუტურად დაუცველია. არსაიდან არ დაგირეკავენ. თქვენი ფილმი გავუშვით და საავტორო ამდენი გერგებათო. ეს დიდი პრობლემაა. ჩივილს იმდენი დრო და ფული უნდა, რომ ამის თავი და საშუალება არავის აქვს.“

ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის, „საქპატენტის“, გენერალური დირექტორის დავით გაბუნიას თქმით, საქართველოში საავტორო უფლებებს კანონი იცავს. თუმცა, მისივე განცხადებით, ერთია სათანადო ნორმატიული აქტების მიღება და მეორე - მათი აღსრულება.

[დავით გაბუნიას ხმა] „იმისათვის, რომ დაცული იყოს უფლებები ქვეყანაში, უნდა არსებობდეს შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა. უნდა იყოს კანონის გამოყენების კულტურა, უნდა მუშაობდეს ინსტიტუციონალური სისტემა, რათა აღსრულდეს კანონი. ძირითადი პრობლემა არ უკავშირდება საკანონმდებლო ბაზას. პრობლემაა ნაწარმოების გამოყენების ლეგიტიმური ბაზის შექმნა.“

საავტორო უფლებების დარღვევა ჩვეულებრივი ამბავია საქართველოს რეგიონებში მაუწყებელი ტელევიზიებისთვის. თუმცა, როგორც ტელეკომპანია „იმედის“ იურისტი ირაკლი შარაბიძე ამბობს, ამ მხრივ ცენტრალური ტელეარხებიც სცოდავენ:

[ირაკლი შარაბიძის ხმა] „არ შეიძლება დაიშვას იმის პრეცედენტი, რომ ვინმემ ისარგებლოს სხვისი ინტელექტუალური საკუთრებით. მით უმეტეს, რომ საქართველოში უკვე შეიქმნა პრეცედენტები: „რუსთავი-2“-ს მოვუგეთ სასამართლო პროცესი, ხოლო საზოგადოებრივი მაუწყებელი უფრო გაგებით მოეკიდა საკითხს და საქმე სასამართლომდე არ მიიყვანა.”

„იმედის“ იურისტები საავტორო უფლების დარღვევის გამო ამჯერად ტელეკომპანია „მზეს“ უჩივიან. საქმე ეხება მხატვრული ფილმის „თუნუქის დოლის“ ეთერში გაშვებას, რისი უფლებაც, როგორც ირაკლი შარაბიძე ამბობს, „მზის“ ხელმძღვანელობას არ ჰქონდა. თუმცა ტელეკომპანია „მზის“ იურიდიული სამსახურის უფროსს გიორგი ჩხეიძეს დავის საგანი სულ სხვა ჭრილში გადააქვს:

[გიორგი ჩხეიძის ხმა] „’იმედი’ არ არის სათანადო მოსარჩელე, ანუ არ არის უფლებამოსილი პირი იდავოს „თუნუქის დოლის“ საავტორო უფლებების დარღვევა- არდარღვევის თაობაზე. ნაწარმოებზე მითითებულია ვინ არის ამ უფლების მატარებელი. თუ საწინააღმდეგო არ არის დამტკიცებული, ნიშნავს, რომ ამ კონკრეტულ კომპანიას ეკუთვნის განსაკუთრებული ქონებრივი უფლებები. რომ ყოფილიყო სათანადო მოსარჩელე, „იმედს“ პროცესზე უნდა წარმოედგინა უფლებების მთელი ჯაჭვი, თუ როგორ მიიღო მან ეს უფლებამოსილება.“

ტელეკომპანიების დავას უზენაესი სასამართლო განიხილავს.თუ „იმედმა“ პროცესი მოიგო, „მზეს“ 2500 ამერიკული დოლარის გადახდა დაეკისრება. მაგრამ რა ეშველებათ ქართველ ავტორებს, რომლებიც უცხოელი კოლეგების ბედს შენატრიან?

[გიზი გაბესკირიას ხმა] „არის პიროვნება, ქალი, რომელმაც დაწერა ერთი სიმღერა, იცხოვრა 77 წელი და იყო მატერიალურად შესანიშნავად უზრუნველყოფილი. ეს სიმღერა ყოფილა „ბესამე მუჩო“. ერთი სიმღერით იცოცხლა მთელი ცხოვრება.“(სტილი დაცულია)

თუმცა გიზი გაბესკირია იმედს არ კარგავს. იგი დარწმუნებულია, რომ ავტორების, „საქპატენტისა“ და ხელისუფლების ძალისხმევით, საავტორო უფლებებს საქართველოშიც დაიცავენ.
XS
SM
MD
LG