Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ემუქრებიან თუ არა მოსამართლეებს, ეს პარლამენტმა უნდა დაადგინოს


ქართულ სასამართლოზე ხელისუფლების დანარჩენი შტოების ზეწოლის რეალურობა თავად ხელისუფლებამ, კერძოდ, პარლამენტმა უნდა დაადგინოს. ეს დავალება იურიდიულ

საკითხთა კომიტეტმა მიიღო პარლამენტის თავმჯდომარისგან, რომელსაც, როგორც თავად აცხადებს, არ სურს, რომ საქართველოს დაშინებული მოსამართლეები ჰყავდეს.
ნინო ბურჯანაძისგან მიღებული დავალების შესასრულებლად საპარლამენტო კომიტეტი დახმარებას კვლავ მოსამართლეებისგან ითხოვს.
რამდენად რეალურია რეალური საპარლამენტო დასკვნის მომზადება?

ხელშეუხებლობისა და ჩაურევლობის გარანტიებს მოსამართლეებს თეორიულად ყოველთვის ყველა ჰპირდებოდა და ამჟამადაც ჰპირდება.
ქართული სასამართლო სისტემა რომ ხელისუფლების დანარჩენი შტოების წარმომადგენელთა ზეწოლას განიცდის და რომ მოსამართლეებს ხშირად რიგითი პროკურორებიც კი ემუქრებიან, ამის თაობაზე ყველა საუბრობს, თუმცა ხელისუფლება კონკრეტულ მტკიცებულებებს ითხოვს. თავად ქვეყნის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი ამბობს, რომ არც მისთვის და არც იუსტიციის საბჭოსთვის არც ერთ მოსამართლეს ზეწოლასა და მუქარასთან დაკავშირებით დღემდე არ მიუმართავს:

[კოტე კუბლაშვილის ხმა] ,,ყოველთვის ყველას ამას ვეუბნები, თუ ვინმეს ზეწოლა ხორციელდება ვინმეზე, მან უნდა მითხრას მე ან უნდა უთხრას იუსტიციის საბჭოს. ეს არის ერთადერთი ლეგიტიმური გზა. არ უნდა მიმართოს ვიღაცას, ქუჩაში გამვლელ ადამიანს.” (სტილი დაცულია)

ქუჩაში გამვლელ ადამიანთა შორის არ უნდა იგულისხმებოდეს პარლამენტის თავმჯდომარე, რომელმაც სასამართლოზე ზეწოლის ფაქტების დადგენა იურიდიულ საკითხთა კომიტეტს დაავალა. კომიტეტის თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილი დარწმუნებულია, რომ ამ პროცესში წინააღმდეგობასა და პრობლემებს ნებისმიერი ადამიანი შეხვდება:

[ლევან ბეჟაშვილის ხმა] ,,თუ, ასე ვთქვათ, რომელიმე დაზარალებულმა მხარემ, ამ შემთხვევაში მოსამართლეებმა, ვის მიმართაც ხორციელდება გარკვეული ზეწოლა, არ განაცხადეს ამაზე ოფიციალურად, არ მისცეს სათანადო ახსნა-განმარტებები და ჩვენებები და სათანადო მტკიცებულებები არ წარმოადგინეს, ბუნებრივია, ნებისმიერ ადამიანს და ნებისმიერ სუბიექტს გაუჭირდება ზეწოლის დადგენა.” (სტილი დაცულია)

ლევან ბეჟაშვილი თავის მიერვე დასახელებული წინააღმდეგობების დაძლევის ეტაპებად ასახელებს იუსტიციის საბჭოსგან შესაბამისი მასალების მიღებას და საუბარს იმ მოსამართლეებთან, რომელთა მიმართ ზეწოლის, როგორც თავად ამბობს, თეორიული საფუძველი არსებობს:

[ლევან ბეჟაშვილის ხმა] ,,მივცემთ მათ ხელშეუხებლობის გარანტიებს, მხარდაჭერის გარანტიებს და, ბუნებრივია, მივიღებთ არსებობის შემთხვევაში შესაბამის ახსნა-განმარტებებს და თუ რეალური იქნება, დავიწყებთ იმ პირთა პასუხისმგებლობის საკითხზე მუშაობას, რომლებმაც განახორციელეს აღნიშნული უკანონო ქმედებები. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვჭირდება მხარდაჭერა თავად მოსამართლეთა კორპუსისაგან, რომ მათ ეს ზეწოლის ფაქტები გაამჟღავნონ, მოგვცენ მტკიცებულებები, რომ ჩვენ მათ გარანტად დავუდგეთ.” (სტილი დაცულია)

თავად იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ თეორიების დონეზე მოსამართლეებზე ზეწოლისა და მუქარის შემთხვევები
მასაც მრავლად სმენია, მხოლოდ თეორია კი ობიექტური დასკვნის შესაძლებლობას არ ქმნის. ამ ტიპის ერთ-ერთი ბოლო ინფორმაცია, რომელმაც პარლამენტის თავმჯდომარის დავალება განაპირობა, კონკრეტული მოსამართლისადმი შსს-ს მაღალჩინოსნის მუქარა იყო. თუმცა, როგორც ამ თეორიული შემთხვევის მონაწილემ, დღეს უკვე ყოფილმა მოსამართლემ, განგვიმარტა, სასამართლო სისტემიდან მისი წასვლა ზეწოლას და მუქარას არ უკავშირდებოდა. ამ დღეებში პრეზიდენტის წინაშე ფიცი რამდენიმე ახალმა მოსამართლემ დადო. ისევე როგორც სხვებმა, ხელშეუხებლობის და მხარდაჭერის გარანტია მათაც მიიღეს. დაპირებებთან ერთად ამ მოსამართლეებს კონკრეტული დავალებაც აქვთ - ნებისმიერი ზეწოლის ფაქტი საჯაროდ უნდა განაცხადონ. მსგავსი შემთხვევა დღემდე პრაქტიკულად არ ყოფილა, რასაც ხშირად თავად მოსამართლეთა პრობლემად აფასებენ. არსებობს კიდევ ერთი - გარკვეული შიშის თეორია, რომელიც უშუალოდ ხელისუფლებისთვის ჯერჯერობით არასერიოზული არგუმენტია.
  • 16x9 Image

    ნინო როდონაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან.

XS
SM
MD
LG