Accessibility links

logo-print

იუსტიციის სამინისტროს ზედამხედველობის საბჭო იუსტიციის მინისტრს ისევ უპირისპირდება


იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი ზედამხედველობის საბჭო იუსტიციის მინისტრს კიდევ ერთხელ დაუპირისპირდა. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ მონიტორინგის საბჭოს წევრები,

რომლებიც ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში პატიმრის გარდაცვალების მიზეზების დასადგენად მივიდნენ, იქ მობილური ტელეფონით არ შეუშვეს. ხოლო მაშინ, როდესაც მონიტორინგის საბჭოს თავმჯდომარემ სახალხო დამცველის რწმუნება მოიშველია, კოტე კემულარიამ ცნობას ვადაგასული უწოდა. მართლაც გაუვიდა თუ არა ვადა თეა თუთბერიძის სახელზე გაცემულ რწმუნების დოკუმენტს და გულისხმობს თუ არა ის მოქმედების თავისუფლებას? როგორ უფლებებს ანიჭებს კანონი მონიტორინგის საბჭოს და რატომ დარჩა პრეზიდენტის ინიციატივით შექმნილი საზოგადოებრივი მონიტორინგის ორგანო ჰაერში გამოკიდებული?

იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი ზედამხედველობის საბჭოს წევრებს მოქმედი კანონმდებლობა მობილური ტელეფონებით სარგებლობას, რა თქმა უნდა, არ უკრძალავს და, მათ შორის, არც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს. თუმცა ფაქტი ჯიუტია - 18 ოქტომბერს ხსენებული საბჭოს თავმჯდომარე თეა თუთბერიძე ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მობილური ტელეფონით არ შეუშვეს:

(თეა თუთბერიძის ხმა) ”გვითხრეს, მობილურებით ვერ შეხვალთო. ნუ, ახლა, დღეს მობილურებით შესვლას აგიკრძალავენ, ხვალ აგიკრძალავენ, რომ შეიტანო კალამი და ფურცელი და ოქმი შეადგინო, ზეგ თმის ვარცხნილობა არ მოეწონებათ და მაკიაჟი. არასერიოზულია.” (სტილი დაცულია)

იუსტიციის მინისტრს კოტე კემულარიას მაკიაჟი, თმის ვარცხნილობა და მობილური ტელეფონი არ უხსენებია, მაგრამ ერთი რამ გარკვევით თქვა:

(კოტე კემულარიას ხმა) ”ადრე რაც ხდებოდა, მომავალში აღარ მოხდება. მომავალში მოხდება ზუსტად ისე, როგორც ეს წერია კანონში. კანონში წერია, რომ აუდიო, ვიდეო და სხვა გადამღები სისტემების შეტანა მხოლოდ იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებით მოხდება.” (სტილი დაცულია)

ამგვარი შეთანხმების აუცილებლობა საზოგადოებრივი მონიტორინგის საბჭოს არ ეხება, - დაბეჯითებით აცხადებს ანა დოლიძე, საბჭოს წევრი და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე. პრეზიდენტის ინიციატივით შექმნილი საბჭოს უფლებებს კი ის, მოკლედ და კონკრეტულად, ასე აყალიბებს:

(ანა დოლიძის ხმა) ”ჩვენ გვაქვს უფლება შევიდეთ ნებართვის გარეშე, გავაკონტროლოთ ადამიანის უფლებათა მდგომარეობა და რეკომენდაციები მივაწოდოთ 3 თვეში ერთხელ - მინისტრს და 6 თვეში ერთხელ - პრეზიდენტს.” (სტილი დაცულია)

თუმცა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში შესვლის შეუზღუდავი უფლება ერთია, გადაღების უფლება კი - მეორე. ანა დოლიძე ამბობს, რომ მონიტორინგის საბჭოს აუდიო-ვიდეო გადაღებებს კანონი არ უკრძალავს. თუმცა კანონი კონკრეტულად არც აუდიო-ვიდეო გადაღებების დაშვებაზე საუბრობს. ამგვარი განმარტება ერთ დროს სარეჟიმო დებულებებში, მართლაც, იდო, მაგრამ ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც იუსტიციის მინისტრის სავარძელზე გიორგი პაპუაშვილი იჯდა, ხსენებული დებულებები ამოიღეს. მაშინ მონიტორინგის საბჭოს წევრებს უთხრეს, რომ დებულებები დროებით, ალტერნატიული ვარიანტის შემუშავებამდე, იქნა ამოღებული. თუმცა მას შემდეგ საკმაოდ დიდი დრო გავიდა და საბჭოც, ასე ვთქვათ, ჰაერში გამოკიდებული აღმოჩნდა. მის წევრებს ახლა ლოგიკის მოშველიება უწევთ: თუკი კანონი არ კრძალავს, ესე იგი დასაშვებია, მით უმეტეს, რომ, ანა დოლიძის თქმით, გადაღების გარეშე მათ მუშაობას აზრი ეკარგება:

(ანა დოლიძის ხმა) ”ფაქტების დოკუმენტირების გარეშე ჩვენი მონიტორინგის უფლება არის აბსოლუტურად ზედაპირული უფლება, თუ ჩვენ არ მოგვეცა საშუალება, რომ ადგილზევე დავაფიქსიროთ რაიმე ფორმით ეს ფაქტები.” (სტილი დაცულია)

რაც შეეხება სახალხო დამცველის მიერ თეა თუთბერიძის სახელზე გაცემულ რწმუნების დოკუმენტს, რომელიც კოტე კემულარიამ ვადაგასულად მიჩნია, სახალხო დამცველი ”ნამდვილსა” და ”მოქმედს” უწოდებს. თუმცა, როგორც სოზარ სუბართან საუბრისას ირკვევა, დოკუმენტის მოქმედების მასშტაბები მაინცდამაინც სახარბიელო არ არის:

(სოზარ სუბარის ხმა) ”მის რწმუნებას ნამდვილად არ გასვლია ვადა, ის არის ჩვენი წარმომადგენელი, ოღონდ ჩვენ მიერ გაცემულ ცნობაში არაფერი არ არის ნათქვამი მობილურების შეტანაზე და ამის უფლება არც ჩვენ გვაქვს, აქ რომ რამე შევცვალოთ ან არ შევცვალოთ. რაც შეეხება ვიდეო და აუდიო გადაღების უფლებას, ეს უფლება მათ ჰქონდათ მინიჭებული მინისტრთან ზეპირი შეთანხმების საფუძველზე, გიორგი პაპუაშვილთან, და შემდგომშიც ეს გრძელდებოდა. მაგრამ, მთლიანობაში, თუკი სამინისტრო შეცვლის თამაშის წესებს, რასაკვირველია, მე ამ შემთხვევაში მოვალე ვარ, რომ ამ წესებს დავემორჩილო.” (სტილი დაცულია)

მიუხედავად ამისა, სოზარ სუბარი ემხრობა ლოგიკას, რომ მონიტორინგის ორგანოს ფაქტების აღბეჭდვის უფლება აუცილებლად უნდა ჰქონდეს:

(სოზარ სუბარის ხმა) ”საერთაშორისო პრაქტიკა, ამ მხრივ, არის ცალსახა. თუ ადამიანი ნაცემია, უნდა შეგეძლოს მისი გადაღება და ყველაფრის გაკეთება. მაგრამ კანონით არის ეს დასარეგულირებელი. ამ წუთში ეს არ არის დარეგულირებული.” (სტილი დაცულია)

მანამდე კი, ვიდრე ეს მოხდება, საზოგადოებრივი მონიტორინგის საბჭო იუსტიციის მინისტრის კოტე კემულარიას პასუხისმგებლობის საკითხის კიდევ ერთხელ და კიდევ უფრო ხმამაღლა დაყენებას აპირებს.
XS
SM
MD
LG