Accessibility links

logo-print

აბაშიძემ საქართველოს სტრასბურგში უჩივლა


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი აჭარის ყოფილი ლიდერის ასლან აბაშიძის ადვოკატების ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლომ აბაშიძის სარჩელი საქართველოს წინააღმდეგ წარმოებაში მიიღო.

აბაშიძე ევროპის სასამართლოში შეეცდება დაამტკიცოს, რომ მისთვის ქონების ჩამორთმევა უკანონოდ მოხდა. საუბარია იმ უძრავ-მოძრავ ქონებაზე, რომლის კონფისკაცია ხელისუფლებამ აჭარის ექს-ლიდერის საქართველოდან წასვლის შემდეგ განახორციელა. მინდა ამ სკანდალური საქმის შესახებ გესაუბროთ.

აჭარის ავტონომიის ყოფილი ლიდერის ასლან აბაშიძის ქონების კონფისკაცია და ამ ქონების გაყიდვაზე ჩატარებული პომპეზური ”სატელევიზიო აუქციონები” საქართველოს ხელისუფლებას შეიძლება ძვირად დაუჯდეს. ასლან აბაშიძის ადვოკატების სოსო ბარათაშვილისა და შალვა შავგულიძის ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა სტრასბურგის სასამართლომ წარმოებაში მიიღო მათი სარჩელი, რომელიც საქართველოს ხელისუფლების მიერ აბაშიძისათვის ქონების უკანონო ჩამორთმევას ეხება.

2004 წლის თებერვალში საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი ”უკანონო და დაუსაბუთებელი ქონების შესახებ”, რომლის მიხედვით, დამკვიდრდა ტენდენცია, რომლითაც ბრალდებულის სტატუსში მყოფ პირს, ანუ პირს, რომლის დანაშაული საბოლოოდ არ არის დადგენილი, შესაძლებელია სამუდამოდ ჩამოერთვას ქონება. ცვლილება ითვალისწინებს, რომ იმ პირობებშიც კი, როდესაც ამ პიროვნების ბრალი საბოლოოდ დადასტურებული არ იქნება, ის ქონებას ავტომატურად ვერ იბრუნებს. ამ კანონის მიღება განიმარტა იმით, რომ ასე სჭირდება დღეს საზოგადოებას.

სწორედ ამ კანონის საფუძველზე შეიტანა სარჩელი აჭარის პროკურორმა აჭარის უმაღლეს სასამართლოში აბაშიძისათვის ქონების ჩამორთმევის შესახებ. როგორც მოსალოდნელი იყო, აჭარის უმაღლესმა სასამართლომ ასლან აბაშიძეს და მასთან დაკავშირებულ პირებს უძრავ-მოძრავი ქონება ჩამოართვა. ამ პროცესში ჩართული იყვნენ სოსო ბარათაშვილი და შალვა შავგულიძე, როგორც აბაშიძის ადვოკატები. მათ მოითხოვეს გარკვეული დრო, რათა მისცემოდათ საშუალება შეეგროვებინათ სათანადო მტკიცებულებები ქონების კანონიერების დასასაბუთებლად, მაგრამ სასამართლომ ამისათვის არც ერთი დღე არ გამოუყო ადვიკატებს, რითაც, სოსო ბარათაშვილის აზრით, დაარღვია დაცვის უფლება. სოსო ბარათაშვილი ამბობს, რომ აჭარის უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილების და პროცესუალური ნორმების დარღვევის შემდეგ მათ სტრასბურგის სასამართლოსათვის მიმართვას საშუალება მიეცათ:

[სოსო ბარათაშვილის ხმა] ”ჩვენ მოგვეცა საშუალება წარგვედგინა სარჩელი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, სადაც ვითხოვთ, რომ ასლან აბაშიძის და სხვა პირების მიმართ მიჩნეულ იქნეს დარღვეულად: ადამიანის უფლებათა კონვენციის მეოთხე მუხლი, რომელიც მოიცავს სამართლიანი სასამართლოს უფლებას; მეშვიდე მუხლი, რომლითაც არ შეიძლება კანონს, დამძიმების თვალსაზრისით, მიენიჭოს უკუქმედების ძალა და პირველი ოქმის პირველი პუნქტი, რომელიც გულისხმობს საკუთრების უკანონო ხელყოფის დაუშვებლობას.”

ადვოკატი ოპტიმისტურად არის განწყობილი და სტრასბურგში საქმის მოგების იმედი აქვს.

[სოსო ბარათაშვილის ხმა] ”ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენი პოზიცია არის საფუძვლიანი, რადგან ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არის სამართლიანი სასამართლო, განსხვავებით საქართველოს შიდა სასამართლოებისაგან.”

რუსულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, სარჩელი ეხება უკანონოდ ჩამორთმეულ ქონებას, რომლის ღირებულება დაახლოებით 100 მლნ. აშშ დოლარად არის შეფასებული, თუმცა, აბაშიძის ადვოკატების ინფორმაციით, მათ სარჩელში საგანგებოდ არა აქვთ დაფიქსირებული მატერიალური და მორალური ზარალი; ეს მოხდება სასამართლოს შემდეგ ეტაპზე, როდესაც შესაბამისი ექსპერტიზა ჩატარდება. 100 მლნ. დოლარი კი, ადვოკატების თქმით, ის თანხაა,რომელიც აჭარის პროკურატურამ თავისი აუდიტორების მეშვეობით დაასახელა. სოსო ბარათაშვილი ფიქრობს, რომ ქონების ღირებულება გადაჭარბებულია და ის ნამდვილად არ იქნება 100 მილიონი.
XS
SM
MD
LG