Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთავრობა სოფლის მეურნეობის სუბსიდირებას არ აპირებს


პარლამენტის აგრარულ კომიტეტში მომავალი წლის ბიუჯეტის განხილვისას გაირკვა, რომ მთავრობა სოფლის მეურნეობის განვითარებაზე რეკორდულად დიდი თანხის - 78 მილიონი

ლარის -დახარჯვას აპირებს. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ 2006 წელსაც შენარჩუნდება ცალკეული დარგების სუბსიდირების პრაქტიკა. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოყოფილი თანხა აგროსექტორის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაზე დაიხარჯება. უშველის თუ არა მთავრობის ძალისხმევა სოფლის მეურნეობასა და სოფლად მცხოვრებ ადამიანებს?
ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, საქართველოში დასაქმებული ადამიანების ნახევარზე მეტი სოფლად ცხოვრობს და თავს, ძირითადად, მიწის დამუშავებით ირჩენს. თუმცა ხშირია შემთხვევა, როცა გლეხი ან ფერმერი მოწეული მოსავლის ფულად ქცევას ვერ ახერხებს.
[მამაკაცის ხმა] „ახლა ხვნა-თესვის დროა, მაგრამ კაპიკი არავის აქვს, რომ სულ არ დავიღუპოთ. ოთხი გადამამუშავებელი ქარხანა იყო ჩვენს რაიონში, მაგრამ სამი ისე დაშალეს, რომ საერთოდ აღარ არსებობს. ეს წინა ხელისუფლების გადმონაშთია, მაგრამ ამ მთავრობამ მაინც ხომ უნდა მოგვხედოს.“
ფინანსთა სამინისტროში კი აცხადებენ, რომ ხელისუფლება აგროსექტორში დასაქმებულ ადამიანებზე ზრუნავს. მინისტრ ალექსანდრე ალექსიშვილის თქმით, 50 პროცენტით გაიზრდება სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება. თუმცა მთავრობა ცალკეული დარგების სუბსიდირების პრაქტიკაზე უარის თქმასაც აპირებს.
[ალექსანდრე ალექსიშვილის ხმა] „კომიტეტი სვამდა საკითხს, რომ უფრო მეტი ყოფილიყო სუბსიდირების მოცულობა, მაგრამ ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს უნდა იყოს გაწერილი კონკრეტული პროგრამების მიხედვით.“(სტილი დაცულია)
ფინანსთა მინისტრის თქმით, სახელმწიფო აგროსექტორს არაპირდაპირ დახმარებას ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და ენერგოპრობლემების მოგვარების გზით გაუწევს. ალექსიშვილის ამ მოსაზრებას იწონებს ეკონომიკის ექსპერტი ჯაბა ებანოიძე, რომლის თქმითაც, სოფლის მეურნეობის სამინისტრო არაერთი ფუნქციისგან უნდა გათავისუფლდეს:
[ჯაბა ებანოიძის ხმა] „სამინსტროს აქვს მთელი რიგი ისეთი ფუნქციებისა, რომლისგანაც უნდა განთავისუფლდეს. ბევრი დარგი უნდა გადაეცეს კერძო სექტორს. ავიღოთ თუნდაც მცენარეთა დაცვა, თესლის შემოტანა. განსაკერძოვებელია მელიორაციის მთელი სისტემა, იგივე ვეტერინარია... არის მთელი რიგი დარგებისა, რომელთა კერძო სექტორისთვის გადაცემა არის შესაძლებელი.“
ერთი სიტყვით, მთავრობა, ანუ სოფლის მეურნეობის სამინისტრო, არ უნდა ერეოდეს კერძო ბიზნესის კომპეტენციაში, თუმცა პარალელურად უნდა უზრუნველყოს ისეთი გარემოს ჩამოყალიბება, რომელიც დარგის განვითარებას შეუწყობს ხელს. ლაპარაკია დაბალი საპროცენტო განაკვეთის გრძელვადიან კრედიტზე, რომლის აღების საშუალება ქართველ ფერმერებს არა აქვთ.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG