Accessibility links

logo-print

სოხუმსა და მოსკოვში ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური მოლაპარაკებები განახლდება

  • ნინო როდონაია

ხუთშაბათს ქართული და აფხაზური დელეგაციები კონფლიქტის ზონის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვას სოხუმში განაგრძობენ.

მოლაპარაკებას საქართველოში გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი უხელმძღვანელებს. სოხუმის შეხვედრისგან განსხვავებით, ერთი კონკრეტული ხელმძღვანელი არ ეყოლება ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარების მიზნით შექმნილი შერეული საკონტროლო კომისიის სხდომას, რომელიც მომავალ ორშაბათს მოსკოვში გაიმართება.
რამდენად განსხვავებული იქნება დაგეგმილი კონსულტაციების მონაწილეთა ტონი და როგორია მოლოდინი?

აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში საომარი მოქმედებების შესაძლო განახლების აღკვეთასა და უსაფრთხოების გარანტიათა შემუშავებასთან დაკავშირებული მოლაპარაკება, რომელიც გაეროს ეგიდით ხუთშაბათს სოხუმში განახლდება, რიგით მეხუთეა. ოფიციალური თბილისის შესაბამის წინადადებებზე პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი ირაკლი ალასანია მუშაობს, თუმცა, სოხუმში ქართულ დელეგაციას სახელმწიფო მინისტრი გიორგი ხაინდრავა უხელმძღვანელებს. მისი ინფორმაციით, წლის ბოლოსთვის მხარეებმა, შესაძლოა, კონკრეტულ შეთანხმებას მიაღწიონ, მაგრამ საფუძვლად გალის რაიონში არსებული ვითარების შეცვლა უნდა იქცეს. გაეროს ინიციატივით, გალში ადამიანის უფლებათა დაცვის ოფისის გახსნა და საერთაშორისო საპოლიციო სტრუქტურის ამოქმედება უსაფრთხოების უზრუნველყოფის ერთ-ერთ წინაპირობადაა შეფასებული, რასაც სოხუმი დღემდე არ ეთანხმება:

[გიორგი ვოლსკის ხმა] ,,აფხაზურ მხარეს, ალბათ, უნდა ესმოდეს, რომ ადამიანის უფლებების ოფისის გახსნა, იგივეა, რაც საერთაშორისო საპოლიციო კომპონენტის შემოტანა სამშვიდობო ძალებში, ეს არის მოთხოვნა საერთო საკაცობრიო პრინციპებიდან გამომდინარე და არა მოთხოვნა იმისი, რომ მათ პოლიტიკური პოზიციები დათმონ.” (სტილი დაცულია)

სახელმწიფო მინისტრის მოადგილე გიორგი ვოლსკი აღნიშნავს, რომ, აფხაზური მხარის თანხმობის შემთხვევაში, გალის რაიონი, უსაფრთხოებისა და წესრიგის დამყარების თვალსაზრისით, რეალური თანამშრომლობის მაგალითი იქნება. რამდენად რეალური იქნება კონკრეტული ფორმატით თანამშრომლობის გაგრძელება, ამ დღეებში მოსკოვში უნდა გაირკვეს. ამჯერად საუბარია ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარების მიზნით შექმნილ შერეულ საკონტროლო კომისიაზე, რომლის სხდომა 24-25 ოქტომბერსაა დაგეგმილი. სექტემბერში, ცხინვალის დაცხრილვის შემდეგ, კომისიის სხდომებში მონაწილეობაზე უარი ჯერ ოსურმა მხარემ თქვა და თბილისისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა, რამდენიმე დღეში კი ამ ფორმატით მუშაობა არაეფექტურად საქართველოს ხელისუფლებამ გამოაცხადა. მიუხედავად ამისა, მხარეები მოსკოვში შეხვედრაზე დათანხმდნენ. ცხინვალის დე ფაქტო მთავრობის განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრი ბორის ჩოჩიევი კომისიის ფორმატის შეცვლასთან დაკავშირებით თბილისის ინიციატივის გაზიარებას არ გამორიცხავს:

[ბორის ჩოჩიევის ხმა] ,,თუ მათ აქვთ წინადადებები შერეული საკონტროლო კომისიის ფორმატთან დაკავშირებით, ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ სხდომაზე განვიხილოთ მხარეთა წინადადებები გარკვეული ცვლილებების თაობაზე.”

მოსკოვის შეხვედრისას შერეული საკონტროლო კომისიის ქართული ნაწილი ამჟამინდელი სამშვიდობო პროცესის არაეფექტურობასთან დაკავშირებულ პასუხს, ძირითადად, რუსეთისგან ელის. როგორც გიორგი ვოლსკი ამბობს, თბილისის პრეტენზიები კონკრეტული არგუმენტებითა და ფაქტებით იქნება დასაბუთებული:

[გია ვოლსკის ხმა] ,,რაიმე პოლიტიკურ გადაწყვეტაზე სამომავლოდ და არც ურთიერთნდობის აღდგენის ატმოსფეროზე არ შეიძლება იყოს ლაპარაკი, თუ ასეთი მახინჯი ფორმით გაგრძელდა სამშვიდობო ოპერაცია. იმედი გვაქვს, რომ საერთო გაგებას მივაღწევთ ამ საკითხზე.” (სტილი დაცულია)

კონფლიქტებთან დაკავშირებული გაუგებარი ტენდენციების შენარჩუნებას საქართველოს ხელისუფლება, როგორც თავად აცხადებს, აღარ აპირებს და ამ პროცესში ამჯერად აშშ-ის ჯერჯერობით თეორიულ მონაწილეობაზე საუბრობს.
XS
SM
MD
LG