Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დანიელ ფრიდის სამხრეთ კავკასიური ტურნე თბილისიდან ბაქოში გაგრძელდება


დღეს საქართველოში სამუშაო ვიზიტი დაამთავრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილემ დანიელ ფრიდმა. ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს

ხელმძღვანელად იგი 2005 წლის 5 მაისს დაინიშნა. ამ რანგში, შესაბამისად, იგი უკვე მეორედ ეწვია თბილისს. პირველად ეს დანიელ ფრიდის თანამდებობაზე დანიშვნიდან რამდენიმე დღეში, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის საქართველოში ვიზიტის დროს, მოხდა. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის შეფასებით, მას შემდეგ საქართველოს დედაქალაქი კიდევ უფრო დამშვენდა. თუმცა დანიელ ფრიდის ტურნე თბილისის ვიზუალურ სიახლეებზე გაცილებით უფრო მნიშვნელოვან საკითხებს მოიცავდა. საქართველოს მთავრობასა და პარლამენტში გამართული შეხვედრების ძირითადი თემა “ვარდების რევოლუციის” შემდეგ განვითარებული მოვლენები და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის პერსპექტივები იყო.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში დანიელ ფრიდი საქართველოში სომხეთიდან ჩამოვიდა და, შესაბამისად, თბილისიდან აზერბაიჯანში გაემგზავრება. მაღალი სტუმრის სამხრეთ კავკასიური ტურნეს მთავარი მიზანი რეგიონში შექმნილი ვითარების ადგილზე გარკვევა და ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან დემოკრატიული პროცესების მხარდაჭერის დემონსტრირებაა. უშუალოდ საქართველოს მისამართით გაგზავნილი მესიჯი ორი პუნქტისგან შედგება.

[დანიელ ფრიდის ხმა]“ პირველი, ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოში მიმდინარე რეფორმებს. ეს რეფორმები უნდა გაგრძელდეს, რათა განვითარებისათვის ქვეყანამ უცხოელი ინვესტორები მიიზიდოს. დემოკრატიული რეფორმები კი უფრო უნდა გაღრმავდეს, რათა ქვეყანას ჰყავდეს არა მხოლოდ ძლიერი ლიდერები, არამედ ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტები. მეორე, მხარს ვუჭერთ საქართველოს მცდელობას მშვიდობიანი გზით მოაგვაროს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთთან არსებული კონფლიქტები.”

როგორც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე ამბობს, საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებთან წარსამართი პოლიტიკის დეტალებსა და სამშვიდობო ძალების შესაძლო ინტერნაციონალიზების თემაზე საუბარი ამ დღეებში საქართველოს პრემიერ–მინისტრის ამერიკაში ვიზიტის ფარგლებში გაგრძელდება. ზურაბ ნოღაიდელმა, მოგეხსენებათ, შეერთებულ შტატებში დაგეგმილი ვიზიტი საგარეო საქმეთა მინისტრისა და პარლამენტის დაპირისპირების გამწვავების გამო ერთი დღით გადადო. მისი ვიზიტი ექვს დღეს გასტანს. ვიზიტის პროგრამაშია მოლაპარაკებები ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანთან, კონდოლიზა რაისთან, შეხვედრები სენატორებთან, კონგრესმენებთან, ბიზნესმენებთან და დონორებთან. მანამდე კი დანიელ ფრიდი დიპლომატიურად შენიშნავს, რომ რუსეთს ცხინვალის რეგიონთან კონფლიქტის მოგვარებაში კონსტრუქციული როლის შესრულება შეუძლია ისე, რომ დაცული იქნეს როგორც სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის ინტერესები, ისე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა:

[დანიელ ფრიდის ხმა] “მე ასევე კარგად მესმის ის იმედგაცრუება, რაც რუსეთთან და სამშვიდობო ძალებთან დაკავშირებით არსებობს და რაც საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებაშიც აისახა. ჩემი მთავრობა გააკეთებს მაქსიმუმს, რაც მის ძალებშია, რათა მხარი დაუჭიროს სამხრეთ ოსეთის საკითხის მოგვარებას რუსეთთან, ჩვენს ევროპელ მეგობრებთან და, რა თქმა უნდა, საქართველოსთან ერთად.“

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე დანიელ ფრიდი ამ თემაზე ესაუბრა როგორც საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ–მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, ისე თავდაცვის მინისტრს და სახელმწიფო მინისტრს კონფლიქტების საკითხებში. ამ შეხვედრების შემდეგ კი უკვე პრესის წინაშე განაცხადა, რომ კონფლიქტებთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს დახმარების კონკრეტულ გეგმას მას შემდეგ ჩამოაყალიბებს, რაც თავად საქართველოს ხელისუფლება მიიღებს გადაწყვეტილებას კონფლიქტის ზონებში მოქმედების შესახებ.

ჩემი ვიზიტის მთავარი მიზანი სამხრეთ კავკასიაში ისტორიის ტემპის დაჩქარებაა –დანიელ ფრიდმა ეს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს აზერბაიჯანში გამგზავრების წინ განუცხადა.
XS
SM
MD
LG