Accessibility links

logo-print

რატომ დაატოვებინეს მინისტრის პოსტი სალომე ზურაბიშვილს?


საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრთან დაპირისპირებამ პიკს მიაღწია: უმრავლესობა ერთხმად შეთანხმდა, მოეთხოვათ

მინისტრის თანამდებობიდან გადაყენება. ეს ორშაბათს, პარლამენტში ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ, მოხდა, სამშაბათს კი პარლამენტართა მოთხოვნის შესახებ პრეზიდენტი საქმის კურსში პარლამენტის თავმჯდომარემ ჩააყენა.

ზურაბიშვილის წინააღმდეგ აგორებულ ახალ და ყველაზე მძაფრ კამპანიასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტი გადადო. სამშაბათს სახელმწიფო კანცელარიაში ის 2 საათის განმავლობაში ესაუბრა მინისტრს, რის შემდეგაც უკვე პრეზიდენტთან თათბირზე გამოცხადდა უმრავლესობის რამდენიმე წარმომადგენელი. სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებამდე პრეზიდენტმა მმართველი გუნდის რამდენიმე საპარლამენტო წარმომადენელთან კონსულტაციების გავლა ინება.

არჩევანი საფრანგეთიდან ჩამოყვანილ გამოცდილ დიპლომატსა და მის წინააღმდეგ ამხედრებულ პარლამენტარებს შორის გაკეთებულია. მიხეილ სააკაშვილმა, რომელმაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად სალომე ზურაბიშვილის დანიშვნა თავის დროზე საფრანგეთის პრეზიდენტს შეუთანხმა, პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის პირით აუწყა თავის ამომრჩეველს საკუთარი გადაწყვეტილება:

[ზურაბ ნოღაიდელის ხმა] ”დღეს საღამოს პარლამენტთან ურთიერთობაში მინისტრმა შეინარჩუნა მიუღებელი ტონი და, დღევანდელი კონსულტაციების შედეგად, პარლამენტარებთან კონსულტაციების შედეგად, მე მივიღე გადაწყვეტილება მისი გათავისუფლების შესახებ.”

გადაწყვეტილება დღის ბოლოს იქნა მიღებული. მანამდე იყო შეხვედრა ზურაბიშვილსა და ნოღაიდელს შორის, რის შემდეგაც შედგა საპარლამენტო უმრავლესობის რამდენიმე წარმომადგენლის კონსულტაციები პრეზიდენტთან, ამ კონსულტაციებს შორის პრეზიდენტმა მოუსმინა თავად სალომე ზურაბიშვილს. კეთდებოდა კომენტარები, რომ ის ამჟღავნებდა თბილ და ლოიალურ დამოკიდებულებას მინისტრისადმი. უმრავლესობის წარმომადგენლობა - კოტე გაბაშვილის, მაია ნადირაძის, ნიკა გვარამიას, გიგა ბოკერიას და ბესო ჯუღელის შემადგენლობით (სწორედ ისინი ცდილობდნენ პრეზიდენტის დარწმუნებას იმაში, რომ სალომე ზურაბიშვილი არ შეეფერებოდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს) - დღის მანძილზე არ იყო დარწმუნებული, რომ პრეზიდენტი გაიზიარებდა მათ მოთხოვნას და თანამდებობიდან გადააყენებდა მინისტრს. მანამდე, სანამ პრეზიდენტი საბოლოო არჩევანს გააკეთებდა, შედგა მინისტრის სკანდალური და უაღრესად გაბედული გამოსვლა ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის ეთერით, გამოსვლა, რომელიც შეთანხმებული იყო პრეზიდენტთან და რომელმაც პრეზიდენტს გაუადვილა არჩევანი - არჩევანი, სალომე ზურაბიშვილის სიტყვებით, ”ქაჯებს - ძველ კლანურ სისტემასა - და ახალ - ევროპულ - სისტემას შორის, რუსეთსა და დასავლეთს შორის." ადამიანებს, რომლებმაც ააგორეს სერიოზული და არსებითად უსაგნო კამპანია საგარეო საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ იმ მიზეზით, რომ არ მოსწონდათ მათთან მინისტრის ურთიერთობის ტონი, სტილი, ზურაბიშვილმა ქაჯები უწოდა:

[სალომე ზურაბიშვილის ხმა] ”ეს ადამიანები კი არ არიან, ქაჯები არიან და წარმოადგენენ იმ ძველი სისტემის გადარჩენის ბოლო ცდას. თუ ჩვენ დავიხევთ უკან მათ წინაშე, გადასვლა სრულყოფილ დემოკრატიაში გადაიდება ან დაიშლება, საერთოდ. ამდენად, ეს არის ისტორიული მომენტი საქართველოსთვის და არა მარტო საქართველოსთვის - რეგიონისთვის და, ალბათ, მსოფლიოსთვის."

იყო კიდევ ერთი ძალიან სერიოზული მინიშნება სალომე ზურაბიშვილის გამოსვლაში. მან პრეზიდენტს ურჩია დაეთხოვნა პარლამენტი, სადაც, მისი აზრით, უმრავლესობას კლანური ინტერესებით მოქმედი ადამიანები შეადგენენ:

[სალომე ზურაბიშვილის ხმა] ”მე მიმაჩნია, რომ ამ მძიმე მომენტში ერთადერთი საშუალება კრიზისიდან გამოსვლის იქნებოდა პარლამენტის დაშლა და ახალი არჩევნების დანიშვნა, არჩევნების, რომელიც არ იქნება დაფუძნებული იმ ძველ სიებსა და კლანურ სისტემაზე. ”

მანამდე, სანამ თანამდებობიდან გაათავისუფლებდნენ, სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებას - ყველას, ვისაც აღელვებს საქართველოს მომავალი, ვინც საქართველოს მომავალს ევროპაში ხედავს და არა რუსულ სივრცეში - სთხოვა, 20 ოქტომებრს, 1 საათზე, მივიდეს თბილისის იპოდრომზე და ამით გამოხატოს თავისი პოზიცია. სალომე ზურაბიშვილი საქართველოდან წასვლას არ აპირებს, ის დარჩება ქართულ პოლიტიკაში, როგორც თავადვე თქვა, საქართველოს უკეთესი მომავლისთვის საბრძოლველად.
XS
SM
MD
LG