Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართულ-აფხაზური მოლაპარაკება გაურკვეველი დროით გადაიდო


გაეროს ეგიდით სოხუმში ხუთშაბათისთვის დაგეგმილი ორდღიანი ქართულ-აფხაზური მოლაპარაკება არ შედგა. თბილისსა და სოხუმში მიზეზად იმას ასახელებენ,

რომ ჯერჯერობით შეუთანხმებელია კონფლიქტის ზონის უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული დოკუმენტის ზოგიერთი დეტალი. პროექტზე, რომელმაც უსაფრთხოების საერთაშორისო გარანტიები უნდა განსაზღვროს, მუშაობა უკვე რამდენიმე წელია მიმდინარეობს. მიუხედავად იმისა, რომ საბოლოო შეთანხმებით გამოხატული კონკრეტული შედეგი ჯერჯერობით არ ჩანს, ქართული და აფხაზური მხარეები, ისევე როგორც მათი შუამავლები, მუდმივად პროგრესზე საუბრობენ.

აფხაზეთის კონფლიქტის ზონის უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებული მოლაპარაკების შედეგებით კმაყოფილება მისმა მონაწილეებმა ბოლოს აგვისტოში გამოხატეს, თბილისში, და დიალოგის სოხუმში გაგრძელებაზე სექტემბრის პირველი ნახევრისთვის შეთანხმდნენ.

თუმცა გაეროს ეგიდით მიმდინარე მოლაპარაკების განახლება ქართულმა და აფხაზურმა მხარეებმა ამ დრომდე ვერ შეძლეს. საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი მიზეზად ასახელებს ჯერჯერობით შეუთანხმებელ იმ დეტალებს, რომელმაც გალის რაიონის მოსახლეობის უსაფრთხოება უნდა დაიცვას. ანალოგიური მიზეზია დასახელებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშიც. ამ უწყების ხელმძღვანელი სერგეი შამბა მიიჩნევს, რომ უსაფრთხოების კონკრეტული გარანტიები ორივე მხარის ინტერესებს უნდა ითვალისწინებდეს:

[სერგეი შამბას ხმა] "რა თქმა უნდა, დღეს არა, მაგრამ, საბოლოო ჯამში, იმედი გვაქვს, რომ აქაც წინსვლა გვექნება, ისევე როგორც რკინიგზისა და დევნილთა დაბრუნების საკითხებში.”

გაეროს ეგიდით ქართულ-აფხაზური მოლაპარაკება, რომლის კონკრეტული მიზანი კონფლიქტის ზონის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა, 2002 წლის ივლისიდან მიმდინარეობს. ამ პროცესში საშუამავლო მისიას აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, საფრანგეთისა და რუსეთის ელჩები და საქართველოში გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ასრულებენ. ამ ფორმატით მთავარი აქცენტი გადატანილია გალის რაიონში დევნილთა დაბრუნებასა და მათი უსაფრთხოებისა და უფლებების დაცვაზე. სოხუმთან საბოლოო შეთანხმებას თბილისი სწორედ გალის რაიონში ვითარების გაუმჯობესებას უკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ რეალური პროგრესი ჯერჯერობით არ შეინიშნება, სამშვიდობოსთან ერთად მოთმინების პოლიტიკაზე საუბრობს მოლაპარაკების პროცესში საქართველოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი ირაკლი ალასანია:

[ირაკლი ალასანიას ხმა] "ჩვენი მოლაპარაკების პროცესის სამშვიდობო ხაზი, რა თქმა უნდა, შერეული რეალურად ცივი გონებით გათვლილ პოლიტიკურ კალკულაციებთან და მოლაპარაკების რეალურად გათვლილ პროცესთან, შედეგს გამოიღებს. მე არ ვიძახი, რომ ეს მოხდება ხვალ-ზეგ, მაგრამ ამ გზას ალტერნატივა არა აქვს. აქედან გამომდინარე, მოთმინებით უნდა აღვივსოთ, მაგრამ, ასევე, რეალურად ნაბიჯები ყოველდღიურად გადავდგათ.” (სტილი დაცულია)

მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება უშუალოდ ლეგიტიმური მთავრობის მეთაურთან მოლაპარაკებაზე უარს აცხადებს, ირაკლი ალასანია კონფლიქტის ზონის უსაფრთხოებასა და დევნილთა დაბრუნებასთან დაკავშირებული ინიციატივების ავტორია. საკუთარი წინადადებები აქვს სოხუმსაც, თუმცა მხარეთა პოზიციების საბოლოოდ შეჯერება კვლავ გაურკვეველი ვადით გადაიდო. ჯერჯერობით ერთადერთი პრინციპი, რაზეც გაეროს ეგიდით მიმდინარე მოლაპარაკების პროცესში მხარეები თანხმდებიან, აფხაზეთის კონფლიქტის მშვიდობიანი მეთოდებით მოგვარებაა.
  • 16x9 Image

    ნინო როდონაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან.

XS
SM
MD
LG