Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინ და როგორ ქმნის ახალ წითელ ნუსხას საქართველოში


ახალი წითელი ნუსხა, რომელშიც საქართველოს ფლორისა და ფაუნის ხელშეუხებელი სახეობები დაკონკრეტდება, წლის ბოლომდე მზად უნდა იყოს. ოდნავ მოგვიანებით კი ხსენებული

ნუსხა ილუსტრირებულ ”წითელ წიგნად” უნდა გამოიცეს. რით განსხვავდება პოსტსაბჭოთა ეპოქის წითელი ნუსხა ”წითელ ეპოქაში” მოქმედისგან, რომელ სახეობებს ემუქრება გადაშენების საფრთხე და რატომ მოექცა წაბლი საგანგებო ყურადღების ცენტრში?

წითელი ნუსხის შემდგენელი 9-წევრიანი კომისია, რომელიც პრაქტიკულად ფინანსების გარეშე, ენთუზიაზმზე მუშაობს, 7 თვის წინათ შეიქმნა. ჯგუფს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წამყვანი თანამშრომელი, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი დავით თარხნიშვილი ხელმძღვანელობს. მეცნიერი ამბობს, რომ ახალ წითელ ნუსხასა და გასული საუკუნის 80-იან წლებში გამოცემულს შორის ძალიან დიდი განსხვავება იქნება:

(დავით თარხნიშვილის ხმა) ”არის გარკვეული მწერების სახეობები, არის გარკვეული ფრინველების სახეობები, რომლებიც იყო შესული, ვთქვათ, საბჭოთა კავშირის წითელ წიგნში ან საქართველოს წითელ წიგნში, მაგრამ რომლებიც არ აკმაყოფილებს, აი, ამ მკაცრ კრიტერიუმებს. არის სხვა სახეობები, რომლებიც არ იყო შესული წითელ ნუსხაში და შევა ეროვნულ წითელ ნუსხაში. საბოლოო ჯამში, იქნება უფრო მეტი სახეობა, ვიდრე იყო საბჭოთა კავშირის წითელ ნუსხაში.” (სტილი დაცულია)

ახალი ნუსხისთვის ფლორისა და ფაუნის წარმომადგენლები ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის კრიტერიუმების მიხედვით შეირჩევა. მაგრამ იმისათვის, რომ ამა თუ იმ სახეობის რიცხოვნობას მსოფლიო კრიტერიუმებით მიუდგე, მათ შესახებ ზუსტი ინფორმაციაა საჭიროა. აღრიცხვა კი, როგორც ასეთი, საქართველოს სუსტი წერტილია და არამხოლოდ ბუნებასთან მიმართებით. თარხნიშვილი არსებულ ვითარებას, მართლაც, არასახარბიელოს უწოდებს, თუმცა აღნიშნავს იმასაც, რომ ზუსტი ინფორმაციიის მოპოვება მაინც შესაძლებელია ბევრ სახეობასთან მიმართებით. სხვა შემთხვევებისთვის კი, აი, ასეთი გამოსავალი არსებობს:

(დავით თარხნიშვილის ხმა) ”არის ძალიან ბევრი სახეობა, იგივე - მცენარეების, რომლებზეც ჩვენ ვიცით, ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს სახეობა არის ან დაცემული, ან აქვს მცირე არეალი და ასე შემდეგ, მაგრამ არ გვაქვს კარგი დამადასტურებელი მონაცემები ამის თაობაზე. ამ შემთხვევაში ჩვენ იძულებული ვართ, რომ შევიტანოთ ეს სახეობები კატეგორიაში ”არასაკმარისი მონაცემები”. არის ძალიან ბევრი სახეობები, რომლებზეც არ არის აუცილებელი, რომ რიცხოვნობა ზუსტად დადგინდეს, მაგრამ არის ინფორმაცია არეალის ზომაზე. და არეალის ზომაც არის ერთ-ერთი საფუძველი იმისა, რომ სახეობა შეიძლება შევიდეს წითელ ნუსხაში.” (სტილი დაცულია)

წითელ ნუსხაში ძველებურად რჩება წაბლი, თუმცა ახლახან ის ყურადღების საგანგებო ცენტრში მოექცა. გარემოსდამცველი ლაშა ჩხარტიშვილი ამბობს, რომ ხელის მოთბობით დაინტერესებულმა წრეებმა თარხნიშვილის კომისიას გამონაკლისის დაშვება და წაბლის გაჩეხის უფლება სთხოვეს:

(ლაშა ჩხარტიშვილის ხმა) ”ამ შემთხვევაში ლაპარაკი იყო, ღიად რომ ვთქვათ, გარკვეული ბიზნესჯგუფის ლობირებაზე, რომელიც იმერეთში აპირებდა ჭრების განხორციელებას. ამ ბიზნესჯგუფის წარმატებაში პირდაპირ დაინტერესებული იყვნენ მაღალჩინოსნები, რაც აჩვენებს იმ ტენდენციას, რომ ამ ქვეყანაში იმის მაგივრად, რომ ექსპერტულ აზრს დაეყრდნონ მოხელეები და სამოხელეო ინსტიტუტები და შემდეგ იქნეს გადაწყვეტილება მიღებული, აქვს ადგილი, პირიქით, ექსპერტებზე ზეწოლის მცდელობას მოხელეების მხრიდან, რათა იქნეს გამოძალული გარკვეული, მათთვის სასარგებლო, დასკვნები. ”(სტილი დაცულია)

ლაშა ჩხარტიშვილი ამბობს, რომ დავით თარხნიშვილი ღირსეულად მოიქცა - ამ საკითხზე გარემოსდამცველთა ღია შეხვედრაც მოიწვია და ლობისტებს არ დაუთმო. თარხნიშვილის თქმით, გარკვეულმა ჯგუფებმა დაავადებული წაბლის ხეების გაჩეხა, მართლაც, მოითხოვეს, თუმცა მეცნიერი ამ ფაქტთან მიმართებით უკანონობაზე არ საუბრობს:

(დავით თარხნიშვილის ხმა) ”მე არ მინდა მაინცდამაინც იმაზე გავამახვილო ყურადღება და ვთქვა, რომ, ასე ვთქვათ, ლობირებდა. იყო ასეთი შეკითხვა: შეიძლება თუ არა სანიტარული ჭრების ჩატარება, მერქნის გაყიდვით, და ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ეს არ შეიძლება.” (სტილი დაცულია)

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე სოფიო ახობაძე ვიღაც-ვიღაცეების უკანონო ინტერესებს ვერ იხსენებს. სამაგიეროდ, საუბრობს დაავადებაზე, რომელიც ამ სახეობას უტევს:

(სოფიო ახობაძის ხმა) ”ბოლო პერიოდში ეგრეთ წოდებული წაბლის კიბო - ასეთი დაავადებაა, რომელიც ფართოდ არის გავრცელებული და საკმაოდ დიდ საფრთხეს უქმნის წაბლს.” (სტილი დაცულია)

საქართველოში დღეს მხოლოდ წაბლს არ უჭირს. ხშირად საუბრობენ, რომ ცუდ მდგომარეობაშია მგელი. მაგრამ დავით თარხნიშვილი კიდევ უფრო უარეს მდგომარეობაში ჩავარდნილ ორ ცხოველს და ერთ ფრინველს ასახელებს:

(დავით თარხნიშვილის ხმა) ”მგელზე უფრო მნიშვნელოვნად მცირდება დათვი და... ირემი არის საშინელ მდგომარეობაში... და არის ფრინველების რაღაც სახეობები, ძალიან ვიწრო არეალი გააჩნიათ. მაგალითად, არის ასეთი - დიდი კოჭობა.” (სტილი დაცულია)

იმისათვის, რომ, თახვის, სპარსული ვეფხვისა და სხვა არაერთი სახეობის მსგავსად, საქართველოში ფაუნისა და ფლორის სხვა წარმომადგენლებიც არ გადაშენდნენ, წითელი ნუსხა (და, მით უმეტეს, განახლებული) ჰაერივით არის საჭირო. - ასე ფიქრობენ ექსპერტები. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო კი წითელი წიგნის დასაბეჭდი თანხების მოძიებას ცდილობს. წითელი წიგნი წითელი ნუსხის ილუსტრირებული გამოცემაა.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG