Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას ფიქრობენ თბილისელები სალომე ზურაბიშვილის თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ


პარლამენტისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს დაპირისპირებამ, რასაც მოგვიანებით სალომე ზურაბიშვილის თანამდებობიდან განთავისუფლება მოჰყვა, გულგრილი ვერც ის

თბილისელები დატოვა, რომლებიც ყოფილი მინისტრის მხარდასაჭერად იპოდრომზე არ მისულან. რას ფიქრობენ დედაქალაქის ქუჩებში შემთხვევით შერჩეული მოქალაქეები - იწონებენ თუ არა ისინი პრეზიდენტის გადაწყვეტილებას და როგორ აფასებენ საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე სალომე ზურაბიშვილის მოღვაწეობას?

საგარეო საქმეთა მინისტრი თანამდებობიდან პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა გაათავისუფლა, თუმცა ჩემ მიერ გამოკითხულ მოქალაქეებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ გადაწყვეტილება პრეზიდენტმა მიიღო. ბატონი დავითი, რომელსაც მე რუსთაველის გამზირზე გამოველაპარაკე, დარწმუნებულია, რომ პრეზიდენტს ცუდ რჩევებს აძლევენ:

[ბატონ დავითის ხმა] „ასეთი ღირსეული ხალხი არ არის დასაკარგი. სამწუხაროდ, ვინც პრეზიდენტს ასეთ რჩევებს აძლევს, ისინი არც პრეზიდენტის მოკეთეები არიან და არც ქვეყნის. და თუ ასე გაგრძელდება, ჩვენნაირ ხალხსაც დაკარგავენ.“

ბატონ დავითის თქმით, ყოფილი მინისტრი ნამდვილი პროფესიონალი და პრინციპული ადამიანია, რომელმაც ქართული დიპლომატია უკანასკნელი წელიწად-ნახევრის განმავლობაში სწორი მიმართულებით ატარა:

[ბატონ დავითის ხმა] „მიმაჩნია, რომ ქალბატონი სალომე არის ერთი შესანიშნავი პიროვნება, არათუ სახელმწიფო მოხელე - განათლებული, კულტურული, რომ არაფერი ვთქვათ მის წარმომავლობაზე. და ნამდვილად, კვიცი გვარზე ხტისო, ის შემთხვევაა.”

ხელისუფლების გადაწყვეტილებას სხვა მოქალაქეებიც აკრიტიკებენ:

[ქალბატონის ხმა] „ხელისუფლების ძალიან ბევრი რამე მომწონს, ძალიან ბევრი რამ არ მომწონს, მაგრამ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის ასე გაშვება არ მიმაჩნია სწორ პოლიტიკურ ნაბიჯად. მე ვფიქრობ, რომ არ უნდა მოეხსნათ.“

[მამაკაცის ხმა] „ქალბატონი სალომე არის პროფესიონალი. ჩვენ არა გვყავს ასეთი პროფესიონალები. წონა აქვს მას. ყველგან, სადაც ჩავიდა, შეცვალა წარმოდგენა ჩვენს ქვეყანაზე. ჩავდექით ჩვენ, ფაქტობრივად, ევროპის ქვეყნების რიგში.“

[ქალბატონის ხმა] „სააკაშვილმა უკან დაიხია და ცუდად მოიქცა. ზურაბიშვილი ნამდვილი დიპლომატია, მისნაირი საქართველოში ბევრი არ არის.“


მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც მხარს უჭერენ ხელისუფლებას. მაგალითად, ბატონი გიორგი შეცდომად მიიჩნევს საფრანგეთის ყოფილი ელჩის მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას. „ზურაბიშვილი აქამდე უნდა მოეხსნათ“, ბრძანებს ჩემი რესპონდენტი:

[ბატონ გიორგის ხმა] „ნამდვილად ხელისუფლების გადაწყვეტილებას მხარს ვუჭერ - ქალბატონი სალომე ხელისუფლების საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრაობდა. პრეზიდენტისადმი ჩემი პატივისცემის მიუხედავად, გაუმართლებლად მიმაჩნდა ამ ქალბატონის საქართველოში ჩამოყვანა, იქიდან გამომდინარე, რომ ყველა ნაბიჯი, რომელიც ამ ქალბატონმა გადადგა, არ შეიძლება ჩაითვალოს ქართველი ხალხის ნების გამომხატველად.“

ბატონი გიორგი დარწმუნებელია, რომ სალომე ზურაბიშვილს, როგორც დამოუკიდებელ პოლიტიკოსს, საქართველოში პერსპექტივა არა აქვს. თუმცა ბატონ გიორგის ამ მოსაზრებას ბევრი თბილისელი არ იზიარებს.

[ბატონ გიორგის ხმა] „მისი ამჟამინდელი ნაბიჯებიდან გამომდინარე, წარმატების ძალიან ნაკლები შანსი აქვს, იმიტომ რომ, ვინც კი გახლავთ ავტორიტეტული ფიგურა პოლიტიკაში, ყველას დაუპირისპირდა.“

[ქალბატონის ხმა] „წარმოდგენა არ მაქვს, მაგრამ რაც უნდა გააკეთოს სალომე ზურაბიშვილმა, ყველაფერში დავუჭერ მხარს.“

[მამაკაცის ხმა] „შეცდომა იქნება, სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციაში რომ გადავიდეს. თუ დადგება ხალხის მხარეზე, სწორად მოიქცევა. მაგრამ ეს ყველაფერი არ უნდა მოხდეს ცხელ გულზე.“

[ქალბატონის ხმა] „ვფიქრობ, რომ მას დიდი პერსპექტივა აქვს საქართველოში. დამოუკიდებელ პოლიტიკოსადაც რომ გააგრძელოს მოღვაწეობა, თავის სიტყვას ნამდვილად იტყვის.“
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG