Accessibility links

logo-print

რა უნდა მოიმოქმედოს მსოფლიომ, რათა შემცირდეს ნავთობზე დამოკიდებულების ხარისხი?


2005 წელი ნავთობის ფასების ზრდით აღინიშნა, რამაც უარყოფითი გავლენა მოახდინა არაერთი მაღალგანვითარებული ქვეყნის ეკონომიკურ პოტენციალზე.

ამიტომ ექსპერტთა წრეებში თანდათან სულ უფრო პოპულარული ხდება კითხვა: რა უნდა მოვიმოქმედოთ, რათა შევამციროთ ნავთობზე დამოკიდებულების ხარისხი? გასულ კვირაში, ნიუ იორკში, სწორედ ამ პრობლემაზე სამსჯელოდ შეიკრიბნენ სპეციალისტები. კონკრეტულად რაზე ისაუბრეს მათ?

აშშ მსოფლიოს ნავთობის მხოლოდ სამ პროცენტს მოიპოვებს, მოხმარებით კი თითქმის 25 პროცენტს მოიხმარს. ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ ნავთობის ფასების მერყეობა დიდ გავლენას ახდენს შეერთებული შტატების ეკონომიკაზე.

ამიტომ არის, რომ ამერიკელი მეცნიერები განსაკუთრებით ინტერსიურად ეძებენ ენერგიის ალტერნატიულ წყაროებს. ნავთობის წლევანდელმა სარეკორდო ფასებმა ეს ძიება კიდევ უფრო ინტენსიური გახადა.

პარასკევს, ნიუ იორკის უნივერსიტეტში გამართული და ამ საკითხებისადმი მიძღვნილი კონფერენციის მონაწილეთა შორის იყო ემორი ლოვინსი, არაკომერციული საკონსულტაციო კომპანიის, "როკი მაუნტინ ინსტიტუტის" ერთ-ერთი ხელმძღვანელი. ჩვენი რადიოს ნიუიორკელ კორესპონდენტს ნიკოლა კრასტევს მან უთხრა, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით, ყოველი ბარელი ნავთობიდან შეერთებული შტატები დღეს ორჯერ უფრო მეტ ენერგიას იღებს, ვიდრე 30 წლის წინათ იღებდა. მაგრამ, ლოვინსის აზრით, აუცილებელია ენერგიის წყაროების მოხმარების ეფექტიანობა კიდევ უფრო გაიზარდოს.

[ემორი ლოვინსის ხმა] "საკმარისია, ნავთობის მოხმარების ეფექტიანობა ორჯერ გავზარდოთ, რომ გავანახევრებთ მოხმარებული ნავთობის მოცულობას. ერთი ბარელის ფასი შეიძლება 12 დოლარამდე შევამციროთ. მეორე ნახევარი შეიძლება შევცვალოთ თანამედროვე ბიოლოგიური საწვავით, ძირითადად ცელულოზური ეთანოლით. დავზოგავდით ბუნებრივ აირსაც. ყოველივე ამის შედეგად ერთი ბარელის საშუალო ფასი 18 დოლარი იქნებოდა. ასე რომ, საჭირო გახდებოდა 180 მილიონი დოლარის ერთჯერადი ინვესტიცია და საავტომობილო და საავიაციო მრეწველობათა გარდაქმნა, მათი გადაყვანა თანამედროვე ბიოსაწვავზე."

ემორი ლოვინსის ვარაუდით, ტექნოლოგიური ცვლილებების განხორციელება მილიონზე მეტ ახალ სამუშაო ადგილს შექმნიდა. ამ ცვლილებათა შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია მსუბუქი და სატვირთო ავტომანქანების დიზაინის შეცვლა. ისინი უნდა გახდეს უფრო მსუბუქი, უფრო ეკონომიური და, ამავე დროს, არ უნდა შემცირდეს მათი უსაფრთხოება. ლოვინსმა მაგალითად მოიყვანა ერთი ექსპერიმენტული ავტომანქანა, რომელსაც ერთი ლიტრი ბენზინი 28 კილომეტრის დასაფარად ჰყოფნის.

ჩვენი კიდევ ერთი თანამოსაუბრე, როჯერ ოლტმანი, რომელსაც თავის დროზე აშშ-ის ფინანსთა მინისტრის მოადგილის პოსტი ეკავა, საკითხს პოლიტიკურ ჭრილში განიხილავს. მისი აზრით, თავის საგარეო პოლიტიკას ვაშინგტონი აუცილებლად უნდა უთანხმებდეს ენერგეტიკის სფეროში არჩეულ გეზს. ეს, როგორც ოლტმანი ფიქრობს, მომავალში უთუოდ დაიცავს ამერიკის ეკონომიკას ნავთობის ფასების მერყეობის შედეგად მიღებული დარტყმებისგან. შესაბამისად, ენერგეტიკის სფეროში პარტნიორების შერჩევისას ვაშინგტონმა უპირატესობა უნდა მიანიჭოს პოლიტიკურად უფრო მეტად სტაბილურ ქვეყნებს და არა ახლო აღმოსავლეთის ნავთობით მდიდარ სახელმწიფოებს.

[როჯერ ოლტმანის ხმა] "არის რეგიონები - მაგალითად მექსიკა - აქვე, ჩვენს საზღვართან; კასპიის რეგიონი; გარკვეულწილად კანადაც კი - სადაც შეერთებული შტატების ძალისხმევამ და ამ რეგიონების მიერ ნავთობის საკუთარი რესურსების ექსპლუატაციის საქმეში ვაშინგტონის დახმარებამ მსოფლიო მასშტაბით დაახლოებით 20 პროცენტით გაზარდა ნავთობწარმოების მოცულობა; და, შესაბამისად, შეასუსტა ზეწოლა ნავთობის მსოფლიო ფასებზე, შეამცირა ჩვენი დაუცველობის ხარისხი მიწოდებაში წარმოქმნილი შეფერხებების შემთხვევაში."
XS
SM
MD
LG