Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალი ოპოზიციური ფრაქციის მიზნები ახლო და შორეული პერსპექტივისთვის


საქართველოს პარლამენტში გაიხსნა დემოკრატიული ფრონტი ”ვარდების რევოლუციის” იდეალებისთვის საბრძოლველად.

ახალი ოპოზიციური ფრაქცია, სახელწოდებით ”დემოკრატიული ფრონტი”, სწორედ ასეთ ამოცანას ისახავს. მასში, რევოლუციური წარსულის რესპუბლიკელებისა და კონსერვატორების გარდა, რამდენიმე დამოუკიდებელი, უპარტიო დეპუტატი გაერთიანდა. ფრაქციის თავმჯდომარეც უპარტიო დავით ზურაბიშვილი გახდა. მინდა ამ გაერთიანებისა და მისი მიზნების შესახებ გესაუბროთ.

მიზნები სერიოზულია: დაწყებული ფრაქციის შემადგენლობის გაფართოებით და საპარლამენტო უმცირესობის ფორმირებით, დამთავრებული რევოლუციის იდეალებისთვის ძლიერი ოპოზიციური ფრონტის გახსნით არამარტო პარლამენტში და ხელისუფლების შეცვლით. ახალი ოპოზიციური ფრაქციის წარმომადგენლები დარწმუნებულები არიან, რომ მათ მიერ დაწყებული მოძრაობა საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში ხელისუფლების ძლიერ ალტერნატივას ჩამოაყალიბებს .
”დემოკრატიული ფრონტის” სახეეები ”ვარდების რევოლუციის” გმირები არიან. ისინი უმრავლესობას სხვადასხვა დროს სხვადასხვა მიზეზით გაემიჯნენ. მიზეზები იყო: ყბადაღებული საკონსტიტუციო ცვლილებები, აჭარის არჩევნები თუ საპარლამენტო უმრავლესობის შიგნით რამდენიმე კაცის მიერ დაწესებული დისციპლინური წესები. სულ ბოლოს უმრავლესობის რიგებიდან დემარში გია თორთლაძემ განახორციელა, მანამდე - დავით ზურაბიშვილმა. დღეს ორივე მათგანი ახალ ოპოზიციურ ფრაქციას წარმოადგენს, რესპუბლიკელებთან და კონსერვატორებთან ერთად. უფრო მეტიც, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ყოფილი მოადგილე დავით ზურაბიშვილი ფრაქცია ”დემოკრატიული ფრონტის” თავმჯდომარეა და რევოლუციური ოპოზიციის სახელით ლაპარაკობს:

[დავით ზურაბიშვილის ხმა] ”ჩვენ მიგვაჩნია, რომ ის პრინციპები, ის იდეალები, რაც “ვარდების რევოლუციის” დროს იყოს დეკლარირებული და რისთვისაც ამდენი ხალხი გამოვიდა ქუჩაში, დღევანდელი ხელისუფლების მიერ არის იგნორირებული. ჩვენ გვაკისრია პასუხისმგებლობა რევოლუციის შედეგებზეც. ”

დავით ზურაბიშვილის სიტყვებით, პოლიტიკოსებს , რომლებსაც აკისრიათ პასუხისმგებლობა რევოლუციის შედეგებზე, აერთიანებთ დემოკრატიისა და თავისუფლების იდეალებისთვის ბრძოლის მოვალეობაც.

რესპუბლიკური პარტიის ყოფილი თავმჯდომარე დავით ბეძენიშვილიც ამბობს, რომ სწორედ ამ მოვალეობამ უკარნახა რესპუბლიკელებს და კონსერვატორებს ერთ ფრაქციაში გაერთიანება. რატომ აირჩიეს ერთმანეთი იდეოლოგიურად, ცოტა არ იყოს, განსხვავებულმა პოლიტიკურმა ძალებმა? არჩევანი ფრაქციის შექმნის ინტერესმა და შევარდნაძისა და აბაშიძის წინააღმდეგ ბრძოლაში საერთო გამოცდილებამ განაპირობა. მთავარი განმასხვავებელი პარტიული ნიშნები რჩება, თუმცა ის, რომ ფრაქციის თავმჯდომარე უპარტიო გახდა, ხაზს უსვამს იმას, რომ ”დემოკრატიულ ფრონტში” პარტიული ნიშნები წარმმართველი არ იქნება. მთავარი, როგორც ჩანს, იქნება ლოზუნგი, რომელიც ფრაქციის პრეზენტაციაზე, რესპუბლიკელების სახელით, დავით ბერძენიშვილმა გამოიტანა:

[დავით ბერძენიშვილის ხმა] ” ‘საქართველო შევარდნაძის გარეშე’ არის ჩვენი ლოზუნგი და ‘საქართველო შევარდნაძის ნარჩენების გარეშეც’ იქნება.”


ვინ ხსნის ამ ლოზუნგით დემოკრატიულ ფრონტს პარლამენტს შიგნით? -კონსერვატორები (კობა დავითაშვილი, კახა კუკავა, გოჩა ჯოჯუა, გუგა ცანავა, ბეჟან გუნავა, ბიძინა გუჯაბიძე), რესპუბლიკელები ( დავით და ლევან ბერძენიშვილები, ივლიანე ხაინდრავა, თემურ ნერგაძე, ლაშა ნაცვლიშვილი, ვალერი გელაშვილი ) და, მათთან ერთად, დამოუკიდებელი დეპუტატები: დავით ზურაბიშვილი, გია თორთლაძე და ლევან გაჩეჩილაძე ( ვაკის მაჟორიტარი, წარსულში ”ახალი მემარჯვენეების” ერთ-ერთი ლიდერი).

[ლევან გაჩეჩილაძის ხმა] ”არ შეიძლება ოპოზიცია მარტივ მამრავლებად იყოს დაყოფილი. ამიტომ მე ყოველთვის ვიბრძოლებ იმისთვის, - როგორც პარალმენტის შიგნით, ისე მის გარეთ, - რომ ამ ქვეყანაში ჩამოყალიბდეს ჯანსაღი ძლიერი ოპოზიცია - როგორც პარლამენტში, ისე მის გარეთ. ”

პარლამენტში და მის გარეთ იქნება თანამშრომლობა ”მემარჯვენე ოპოზიციასთან”, არ არის გამორიცხული შედგეს თანამშრომლობა ლეიბორისტებთანაც. ფრაქცია ”დემოკრატიული ფრონტი” დემოკრატიულ ფრონტად მთელი ქვეყნის მასშტაბით უნდა ჩამოყალიბდეს - ყოველ შემთხვევაში, ასეთია ფრაქციაში გაერთიანებული დეპუტატების მიზანი.
XS
SM
MD
LG