Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაღალი რანგის ქართველი ჩინოვნიკების საქმეები ევროპის სასამართლოში


საქართველოს სათბობ–ენერგეტიკის ყოფილი მინისტრის დავით მირცხულავას საქმესთან დაკავშირებით ადვოკატებმა სტრასბურგის ევროპის სასამართლოში დამატებითი დოკუმენტაცია გაგზავნეს.

ეს არის ინფორმაცია ციხის სამკურნალო დაწესებულებაში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით. სასამართლოს აღნიშნული ინფორმაცია დავით მირცხულავას პატიმრობის კანონიერების საკითხის განხილვისათვის სჭირდება. პატიმრის დაცვის მხარის მონაცემებით, ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლო საქართველოს სათბობ–ენერგეტიკის ყოფილი მინისტრის საქმეზე განაჩენს უახლოეს მომავალში გამოიტანს.

დავით მირცხულავას დაცვის მხარის ინფორმაციით, საქართველოს სათბობ–ენერგეტიკის ყოფილი მინისტრის საქმეზე სასამართლო მომდევნო სხდომაზე იმსჯელებს. მართალია, ამ სხდომის თარიღი ცნობილი არ არის. მაგრამ, როგორც ეკა ბესელია ვარაუდობს, ძალიან მალე, უახლოეს კვირებში, დავით მირცხულავას საქმეზე სასამართლო დასკვნას გამოიტანს. ენერგეტიკის ყოფილმა მინისტრმა სტრასბურგის სასამართლოს საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ სარჩელით 2004 წლის თებერვალში მიმართა, უკანონო დაკავების მოტივით. ძირითადი საქმე რამდენიმე პუნქტისგან შედგება: სამართლიანი სასამართლოს უფლების ხელყოფა, ძიების პროცესში უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა, მძიმე ავადმყოფისათვის პატიმრობის ღონისძიების შეფარდება, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიშ პირობებში მოთავსება და სხვ. ის, რომ დავით მირცხულავასთვის ციხის საავადმყოფოშიც კი არ არის სათანადო პირობები შექმნილი, იუსტიციის სამინისტრომ არ დამალა იმ დოკუმენტით, რომელიც დაცვის მხარეს ევროსასამართლოში წარსადგენად გაუგზავნა.

[ეკა ბესელიას ხმა] “ეს იყო ოფიციალური დადასტურება სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელის ხელმოწერით, რომ ციხის საავადმყოფოს არ გააჩნია წლიური ბიუჯეტი, რომ დღიური ხარჯი - როგორც კვებაზე, ასევე მკურნალობაზე -პატიმრებისა შეადგენს ერთ ლარამდე. რომ კვალიფიკაციით ექიმები არიან სულ 250 პატიმარზე: თითო ონკოლოგი, თითო უროლოგი, ერთი კარდიოლოგი და ასე შემდეგ; ასევე, იქ არსებული მძიმე პირობები, ანტისანიტარიული ვითარება და ასე შემდეგ.“(სტილი დაცულია)

ადვოკატ ეკა ბესელიასთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, რომ იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა არსებული მდგომარეობის შელამაზება არ სცადა და დავით მირცხულავას დაცვის მხარეს პატიმართა კვებისა და ჯანდაცვის შესახებ რეალური ინფორმაცია მიაწოდა. ამ ინფორმაციის თანახმად, პატიმრის კვებაზე დღეში 77 თეთრი იხარჯება, ხოლო მკურნალობაზე - 42 თეთრი.

კიდევ ერთი ყოფილი მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელის, კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის, სულხან მოლაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დასკვნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 31 ოქტომბრამდე ელის. იმის გათვალისწინებით, რომ დაცვისა და ბრალდების მხარემ სასამართლოს სიმართლის დასადგენად ორი განსხვავებული, ეგრეთ წოდებული, ჯანმრთელობის ცნობა მიაწოდა, ევროსასამართლომ მხარეებს ექვსკაციანი პარიტეტული სამედიცინო კომისიის შექმნის რეკომენდაციით მიმართა. მიუხედავად იმისა, რომ დრო არ ითმენს, ბრალდების მხარე არ ჩქარობს.

[შალვა შავგულიძის ხმა]“ მანდ პასუხისმგებლობა იქნება სახელმწიფოს მხარეზე. ჩვენ დროულად წარვადგინეთ ჩვენი კანდიდატები და კიდევ ერთი შეხსენების წერილი გავგზავნეთ მინისტრის სახელზე. სახელმწიფოს ნაცვლად გამოვყოფდით ჩვენ კიდევ სამ კაცს, მაგრამ მერე იტყვიან, რომ ექვსივე თქვენი გამოყოფილიაო და რა ვქნათ.“

სულხან მოლაშვილის ადვოკატის შალვა შავგულიძის თქმით, სახელმწიფო ბრალდების მხარემ ერთხელ უკვე შეიყვანა შეცდომაში ევროპის სასამართლო. ეს იყო ზაფხულში, როდესაც დაცვის მხარემ, დროებითი ღონისძიების სახით, სულხან მოლაშვილის წინასწარი პატიმრობიდან გასათავისუფლებლად შუამდგომლობა აღძრა. სახელმწიფომ საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად ერთთვიანი ვადა მოითხოვა. ამასობაში კი სასამართლომ სულხან მოლაშვილის გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. ასეთ ფონზე პრაქტიკულად დაკარგა კიდეც აქტუალობა წინასწარი პატიმრობის დროებითი ღონისძიებით შეცვლის საკითხმა, ანუ იმან, რისთვისაც ევროპელი მოსამართლეები პარიტეტული სამედიცინო კომისიის დასკვნას ითხოვდნენ. თუმცა სულხან მოლაშვილის უკანონო პატიმრობის საკითხზე არსებულ ძირითად საქმეში ეს სამედიცინო დასკვნა მაინც მნიშვნელოვანი დოკუმენტი იქნება. თუმცა პარიტეტული კომისიის შექმნის შემაფერხებელ ფაქტორებზე იუსტიციის სამინისტროს კომენტარის მოპოვება პრაქტიკულად შეუძლებელი აღმოჩნდა.
XS
SM
MD
LG