Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ქართული სპორტის ლეგენდას - ვიქტორ სანეევს მასპინძლობს


ვიქტორ სანეევს - ლეგენდარულ სპორტსმენს, სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონსა და საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენ მამაკაცს,

რომელიც ათ წელზე მეტია ემიგრაციაში ცხოვრობს - 3 ოქტომბერს 60 წელი შეუსრულდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს კულტურის სამინისტრო და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი თბილისში საუბილეო ღონისძიებებს ატარებენ. მოწვევა მიიღეს თავად იუბილარმა და მისი ოჯახის წევრებმა, რომლებიც საქართველოში შორეული ავსტრალიიდან 23 ოქტმომბერს ჩამოფრინდნენ. მინდა გიამბოთ იმის შესახებ, თუ როგორ დახვდნენ სამშობლოში ლეგენდარულ სპორტსმენს.

სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონსა და მოსკოვის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორს ვიქტორ სანეევს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მესვეურები მასპინძლობენ. საქართველოს მეოცე საუკუნის საუკეთესო მამაკაც სპორტსმენს, რომელიც გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან ავსტრალიაში მოღვაწეობს, დაბადების დღე პრეზიდენტმაც მიულოცა. მიხეილ სააკაშვილმა იუბილარს შესაფერი საჩუქარი მოუმზადა:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] „მე მაქვს პატივი მოვაწერო ხელი ქართველის, სოხუმში დაბადებულის და საქართველოს სახელოვანი სპორტსმენის ვიქტორ სანეევისათვის მოქალაქეობის მინიჭების აქტს.“

სულ ცოტა ხნის წინ საქართველოს კანონმდებლობა კრძალავდა ორმაგ მოქალაქეობას, თუმცა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის გიგა ბოკერიას განმარტებით, კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილების წყალობით, ვიქტორ სანეევი რეალურად ისარგებლებს ყველა იმ უფლებით, რომელთაც საქართველოს მოქალაქეობა ითვალისწინებს:

[გიგა ბოკერიას ხმა] „დავუშვით საკონსტიტუციო ცვლილებით ის, რომ ორმაგი მოქალაქეობა შესაძლებელია. არა მარტო საპატიო, არამედ რეალური მოქალაქეობა. არ არსებობს მკაფიოდ გაწერილი კრიტერიუმები, საკმაოდ მოქნილია ეს კანონმდებლობა პრეზიდენტისათვის და შეუძლია ნებისმიერ ადამიანს მიანიჭოს საქართველოს მოქალაქეობა.“

ვიქტორ სანეევი არ მალავს, რომ მოხიბლულია პრეზიდენტის საჩუქრითა და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მასპინძლობით. „მართალია, ავსტრალიაში ვცხოვრობ, მაგრამ თავს ყოველთვის საქართველოს მოქალაქედ მივიჩნევდი,“ განაცხადა დიდმა სპორტსმენტმა რადიო „თავისუფლებისთვის“ მიცემულ სატელეფონო ინტერვიუში:

[ვიქტორ სანეევის ხმა] „მადლიერი ვარ საქართველოს ოლიმპიური კომიტეტისა, რომელმაც სამშობლოში მომიწვია. ასევე მადლობა მინდა ვუთხრა საქართველოს პრეზიდენტს მოქალაქეობის მონიჭებისთვის, თუმცა თავს ყოველთვის საქართველოს მოქალაქედ მივიჩნევდი. ახლაც ასე ვთვლი, მიუხედავად იმისა, რომ ავსტრალიაში ვცხოვრობ.“


ერთი სიტყვით, ვიქტორ სანეევი მასპინძლობითა და საჩუქრით კმაყოფილია, თუმცა, როგორც თავად ამბობს, მისთვის ყველაზე ძვირფასი საჩუქარი ხალხის სიყვარულია. ხალხს კი, როგორც ამაში თქვენც ადვილად დარწმუნდებით, ბატონი ვიქტორი ახსოვს და უყვარს.

[მამაკაცის ხმა] „უდიდესი სპორტსმენი იყო. სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი, მეოთხე ოლიმპიადაზე მეორეზე გავიდა. დიდი სპორტსმენი იყო და დიდი საქმე გააკეთა საქართველოს სპორტისთვის.“

[მამაკაცის ხმა] „დიდებული, კარგი კაცი! ეგეთი ხალხი აქ უნდა იყოს, სათანადო პირობები უნდა ჰქონდეს აქ, რომ აღარ წავიდეს.“


საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში აცხადებენ, რომ ვიქტორ სანეევი სამშობლოში ერთ კვირას დაყოფს. მთავარი საიუბილეო ღონისძიება, როგორც კომიტეტის პრეს-სამსახურის უფროსი კახა ბერიძე განმარტავს, 29 ოქტომბერს ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში გაიმართება:

[კახა ბერიძის ხმა] „ამ საიუბილეო ღონისძიებებში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ქვეყნების ოლიმპიური კომიტეტების ხელმძღვანელები. სასიხარულოა, რომ 13 ქვეყნის წარმომადგენლებმა სურვილი გამოთქვეს ჩამოსულიყვნენ და მონაწილეობა მიეღოთ ამ ღონისძიებაში, რომელიც 28-29 ოქტომბერს გაიმართება.“

ვიქტორ სანეევის საიუბილეო დღეები მთელ კვირას გასტანს და 31 ოქტომბერს დასრულდება, რის შემდეგაც იგი კვლავ ავსტრალიაში გაფრინდება. ხომ არ აპირებს დიდი სპორტსმენი სამშობლოში საცხოვრებლად დაბრუნებას?

[ვიქტორ სანეევის ხმა] „არა, მე კონტრაქტი მაქვს. ვიდრე კონტრაქტით გათვალისწინებული ვადა არ ამოიწურება, ვერაფერს გიპუსუხებთ... “
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG