Accessibility links

შეერთებულ შტატებში სამოქალაქო უფლებებისთვის ბრძოლის სიმბოლო და ლიდერი, როზა პარკსი, 92 წლის ასაკში გარდაიცვალა


შეერთებულ შტატებში რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი ლიდერი, შავკანიანი ქალი როზა პარკსი, 92 წლის ასაკში გარდაიცვალა.

50 წლის წინ როზა პარკსმა უარი განაცხადა ავტობუსში ადგილი დაეთმო თეთრკანიანი მამაკაცისთვის. ამ უარმა შეერთებულ შტატებში სამოქალაქო უფლებებისთვის მასშტაბური ბრძოლის დაწყებას დაუდო სათავე. მინდა როზა პარკსის ცხოვრების რამდენიმე ასპექტი გავიხსენო.

ზოგჯერ რევოლუციებს მოულოდნელი ნაპერწკალი აღვივებს.

ეს 1955 წელს მოხდა. შეერთებულ შტატებში მონობა თითქმის საუკუნის განმავლობაში აღარ არსებობდა, მაგრამ შტატების სამხრეთში შავკანიანები კვლავ მკაცრი სეგრეგაციისა და ძლიერი დისკრიმინაციის პირობებში ცხოვრობდნენ.

ქალაქის ავტობუსებში შავკანიანი მგზავრები უკანა ადგილებზე ისხდნენ, თეთრკანიანები - წინ. თუ ავტობუსი გაივსებოდა, შავკანიანებს თავიანთი ადგილები თეთრკანიანებისთვის უნდა დაეთმოთ. ასე იყო განსაზღვრული ადგილობრივი კანონით. და ყველა ამ კანონით ცხოვრობდა.

მაგრამ ერთ დღეს ეს კანონი შავკანიანმა მკერავმა ქალმა, როზა პარკსმა, დაარღვია.

ამ დღემდე როზა პარკსი წლების მანძილზე მგზავრობდა ავტობუსით და ყოველთვის იცავდა სეგრეგაციის წესებს.

მაგრამ 1955 წლის იმ დეკემბრის დღეს ის სამუშაოდან განსაკუთრებით დაღლილი ბრუნდებოდა. როდესაც ავტობუსში თეთრკანიანთა ჯგუფი ავიდა და მძღოლმა მას ადგილის გათავისუფლება მოსთხოვა, პარკსმა წარმოუდგენელი რამ გააკეთა – მან ადგილის დათმობაზე უარი განაცხადა.

იმავე წელს ჩაწერილ რადიოინტერვიუში პარკსმა ეს წუთები ასე გაიხსენა:

[როზა პარკსის ხმა] "მძღოლმა მითხრა, რომ თუ არ ავდგებოდი, პოლიციას გამოიძახებდა. მე ვუპასუხე, გამოიძახე-მეთქი. მან ეს გააკეთა. პოლიცია მოვიდა და დამაპატიმრეს.”

პარკსის თქმით, თავიდან იგი, უბრალოდ, დაღლილობის და გაღიზიანების გამო არ ადგა ფეხზე. მაგრამ რამდენიმე წამში მის გონებაში რაღაც მოხდა. პარკსმა გაიაზრა, რომ მას აღარ შეეძლო იმ შეურაცხყოფის ატანა, რომელსაც იგი, როგორც მონტგომერიში, ალაბამის შტატში, მცხოვრები შავკანიანი ქალი, ყოველდღიურად განიცდიდა. პარკსმა მაშინ მიიღო გააზრებული გადაწყვეტილება, რომ ამიერიდან რასიზმის მძლავრ ტრადიციებს პირადად დაუპირისპირდებოდა:

[როზა პარკსის ხმა] "შიშის განცდა არ მქონია. გადაწყვეტილი მქონდა, ერთხელ და საბოლოოდ გამერკვია, რა უფლებები გამაჩნდა როგორც ადამიანს და როგორც მოქალაქეს – თუნდაც მონტგომერიში, ალაბამის შტატში, ცხოვრებისას."

პარსკმა ციხეში რამდენიმე დღე დაყო. სასამართლომ იგი სეგრეგაციის კანონის დარღვევის გამო დამნაშავედ ცნო. მას, ჯარიმის სახით, 14 დოლარი გადაახდევინეს.

მაგრამ როზა პარკსის დაუმორჩილებლობის აქტი მონტგომერის შავკანიანი მოსახლეობისთვის მობილიზაციის საწინდრად იქცა. როზას ამბავმა შთააგონა ახალგაზრდა მოძღვარი, მარტინ ლუთერ კინგი. იგი სამოქალაქო დაუმორჩილებლობის პირველ მასობრივ კამპანიას ჩაუდგა სათავეში და ქალაქის ავტობუსებს ბოიკოტი გამოუცხადა.

მონტგომერიში ავტობუსების მგზავრთა 75 პროცენტი შავკანიანი იყო. შემდეგი წლის განმავლობაში ავტობუსით მათგან თითქმის აღარავინ სარგებლობდა. შავკანიანები სამსახურებში ფეხით ან საზიარო მანქანით დადიოდნენ. ამის გამო ავტობუსების კომპანიებმა მნიშვნელოვანი ფინანსური დანაკარგები განიცადეს.

1956 წლის ნოემბერში შეერთებული შტატების უზენაესმა სასამართლომ ავტობუსებში სეგრეგაცია არაკონსტიტუციურად გამოაცხადა - და ბოიკოტიც ამით დასრულდა.

როზა პარკსის სახელი ისტორიის სახელმძღვანელოებში შევიდა – სამოქალაქო უფლებებისთვის მოძრაობა კი შეერთებულ შტატებში მთელი სიმძლავრით დაიწყო.

ავტობუსების ბოიკოტის კამპანიით საკუთარი ორგანიზატორული შესაძლებლობების გამოვლენის შემდეგ, მარტინ ლუთერ კინგი ამ მოძრაობის ლიდერი გახდა.

როგორც როზა პარკსი რადიოინტერვიუში იხსენებდა, ბოიკოტის მონაწილეები თავიდანვე შეთანხმდნენ, რომ მათი პროტესტი არაძალადობრივი იქნებოდა.

სამოქალაქო უფლებებისთვის მოძრაობამ დაამტკიცა, რომ არაძალადობრივი წინააღმდეგობის ფილოსოფიას მნიშვნელოვანი პრაქტიკული შედეგების მიღწევა შეეძლო.

[როზა პარკსის ხმა] "ჩვენ უმცირესობას წარმოვადგენდით და გვესმოდა, რომ ძალადობით და აგრესიით ვერაფერს მივაღწევდით. გვჯეროდა, რომ არაძალადობრივი, პასიური წინააღმდეგობის გაწევით ბევრად მეტის მიღწევა შეგვეძლო. ჩვენ არავის ვეჩხუბებოდით; მხოლოდ ავტობუსებით მგზავრობა შევწყვიტეთ მანამ, სანამ სხვა მგზავრების მსგავსად არ დაგვიწყეს მოპყრობა."

თუმცა როზა პარკსმა ამაზე ბევრად მეტს მიაღწია. როგორც სამოქალაქო უფლებებისთვის მოძრაობის კიდევ ერთმა ლიდერმა, ჯესი ჯეკსონმა, რამდენიმე დღის წინ თქვა, როზა პარკსი ავტობუსის სკამზე იჯდა იმისათვის, რომ სხვები პროტესტის ნიშნად ფეხზე დამდგარიყვნენ.
XS
SM
MD
LG