Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას მალავს შიდა ქართლის რწმუნებულის ადმინისტრაცია


საჯარო ინფორმაციის თავისუფლად მიღების პრინციპი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობა უზრუნველყოფს, ქვეყნის პრაქტიკულად ყველა რეგიონში ირღვევა.

თუმცა, ამ მხრივ, ლიდერად შიდა ქართლს ასახელებს ,,ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია,” რომელიც პრეზიდენტის რწმუნებულთა ადმინისტრაციების მიერ თანხების კანონიერი და მიზნობრივი ხარჯვის მონიტორინგს ახორციელებს. საჯარო ინფორმაციის მოპოვების პროცესში შექმნილი პრობლემების გამო, ახალგაზრდა იურისტებს კონკრეტული რწმუნებულისადმი სერიოზული ეჭვი გაუჩნდათ და მის დადასტურებას ან უარყოფას შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გენერალური პროკურატურისაგან მოითხოვენ. რას ედავებიან მიხეილ ქარელს? - მინდა ამის თაობაზე მოგითხროთ.

,,პრეზიდენტის რწმუნებული ხალხის სამსახურში” - ასე ეწოდება პროექტს, რომელსაც ივნისიდან ახორციელებს ,,ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.” მისი წარმომადგენლები საქართველოს ექვს რეგიონში აკვირდებიან რწმუნებულთა ადმინისტრაციების ფინანსურ საქმიანობას და თანხების მიზნობრივ ხარჯვას. დასკვნებისთვის აუცილებელია საჯარო ინფორმაცია, რომლის გაცემის მხრივ, ახალგაზრდა იურისტების შეფასებით, ყველაზე რთული ვითარება შიდა ქართლის რეგიონშია:

[ანა დოლიძის ხმა] ,,რა დამოკიდებულებასაც ავლენს მიხეილ ქარელი და ის საქმიანობა, რომელსაც ის ახორციელებს, ჩვენი აზრით, სასირცხვილო იქნებოდა ყველა დემოკრატიული სახელმწიფოსათვის. იმიტომ რომ იგი ურცხვად, უხეშად, დაუსაბუთებლად და კანონის დარღვევით უარს ეუბნება მოქალაქეებს, უარს ეუბნება ჟურნალისტებს და ჩვენ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე, რისი მოთხოვნის უფლებაც ჩვენ გვაქვს კანონმდებლობის და კონსტიტუციის მიხედვით.” (სტილი დაცულია)

“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარის ანა დოლიძის განცხადებით, შიდა ქართლის ადგილობრივი ხელისუფლება განსაკუთრებულად მალავს იმ ინფორმაციას, რომელიც რწმუნებულის ადმინისტრაციის ფინანსურ საქმიანობას შეეხება. ამ მასალებს, რომელიც, კანონის მიხედვით, საჯაროა, ასოციაცია მიხეილ ქარელის ადმინისტრაციისგან ივნისიდან ითხოვს და დღემდე პასუხი მხოლოდ ერთ შეკითხვაზე მიიღო. ეს შეკითხვა ყველაზე მარტივი იყო და ევროპის რეგიონულ ასამბლეაში შიდა ქართლის მიერ საწევროს გადახდას შეეხებოდა. დანარჩენი შეკითხვები, რომელიც რწმუნებულის აპარატის მიერ გასული ორი წლის განმავლობაში გაწეულ ხარჯებსა და თავად რწმუნებულის ფონდის საქმიანობას შეეხებოდა, ადმინისტრაციამ უპასუხოდ დატოვა. ოქტომბრის დასაწყისში გორის სასამართლომ “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” სარჩელი დააკმაყოფილა და მიხეილ ქარელის ადმინისტრაციას საჯარო ინფორმაციის გაცემა დაავალა, თუმცა სასამართლოს ეს გადაწყვეტილება დღემდე არ აღსრულებულა. იურისტი პაატა კიკვიძე დარწმუნებულია, რომ ინფორმაციის ბლოკირება უშუალოდ მიხეილ ქარელის მითითებით ხდება:

[პაატა კიკვიძის ხმა] ,,ყველანაირი მეთოდის გამოყენებით შიდა ქართლში პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული თავს არიდებს სასამართლოს მიერ დავალებული ინფორმაციის გაცემას, რაც, ბუნებრივია, საფუძვლიან და დასაბუთებულ ეჭვებს წარმოშობს მისი საქმიანობის კანონიერებასთან დაკავშირებით. ამდენად, ჩვენი მიზანიც ამაში მდგომარეობს, რომ მოვითხოვოთ კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება.” (სტილი დაცულია)

იმის გარკვევას, თუ რა მიზეზით უმალავს შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაცია საჯარო ინფორმაციას “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას”, რადიო “თავისუფლების” გორელი კორესპონდენტი გოგა აფციაური შეეცადა. მას მიხეილ ქარელის აპარატის უფროსმა ადმინისტრაციის პრეს-სამსახურისკენ მიუთითა, პრეს-მდივანმა კი - კვლავ აპარატის უფროსისკენ. საბოლოოდ, პასუხის გაცემა რწმუნებულის მოადგილემ გელა ნასყიდაშვილმა გადაწყვიტა და ჟურნალისტები პრეზენტაციაზე მიიწვია:

[გელა ნასყიდაშვილის ხმა] ,,ფონდი ხომ იხურება, ჰოდა, მთლიანი ანგარიშები, თავისი ხარჯთაღრიცხვით, ვიდეომასალით, ფოტომასალით, აი, რაღაც პრეზენტაციის წიგნში.....ყველას დაგიძახებთ, მობრძანდით, ,,კაროჩე”, და არაფერი პრობლემა არ არი, რა.” (სტილი დაცულია)

მანამდე კი შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაცია გორის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს. თავად ადმინისტრაციას კი “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” შსს-სა და გენერალურ პროკურატურაში უჩივის და კონსტიტუციისა და ადმინისტრაციული კოდექსის დამრღვევთა გამოვლენას და დასჯას მოითხოვს. ახალგაზრდა იურისტებს მიაჩნიათ, რომ, ნების შემთხვევაში, მიხეილ ქარელისა და მისი ადმინისტრაციის მაგალითზე, ხელისუფლება დემოკრატიისა და საჯაროობის პრინციპის ერთგულებას დაამტკიცებს.
  • 16x9 Image

    ნინო როდონაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან.

XS
SM
MD
LG