Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა კვლავ მოექცა რუსეთის პრესის ყურადღების ცენტრში - რამდენიმე


თამარ ჩიქოვანი, თბილისი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა კვლავ მოექცა რუსეთის პრესის ყურადღების ცენტრში - რამდენიმე დღის წინ საქართველოში რუსეთის სამშვიდობო ნაწილის პოლკოვნიკის

რომან ბოიკოს დაკავებას თითქმის ყველა, მოსკოვში გამომავალი, გაზეთი გამოეხმაურა. გესაუბრებით რამდენიმე პუბლიკაციაზე.

24 ოქტომბრის გაზეთ „კომერსანტის“ ცნობით, გორში რუსეთის სამშვიდობო ნაწილის წარმომადგენლის რომან ბოიკოს დაპატიმრებასა და გათავისუფლებასთან დაკავშირებით სრული სურათის შექმნა რთულია: ერთი მხრივ, რუსმა პოლკოვნიკმა, მართლაც, დაარღვია 1992 წელს დაგომისში ხელმოწერილი შეთანხმება - ამ შეთანხმებით, რუსეთის სამშვიდობო ნაწილების წარმომადგენლებს, შერეული სამშვიდობო ნაწილების ხელმძღვანელობის ნებართვის გარეშე, კონფლიქტის ზონიდან გასვლის უფლება არა აქვთ, გორი კი კონფლიქტის ზონად არ ითვლება; მეორე მხრივ კი, თუ ქართული მხარის ეჭვი დაკავებულის გორის ტერაქტთან კავშირის შესახებ საფუძვლიანია, გაურკვეველია, რატომ გაათავისუფლეს იგი? კითხულობს გამოცემა და განაგრძობს:


რუს სამშვიდობოსთან დაკავშირებული ინციდენტი კიდევ უფრო დაძაბავს რუსეთ-საქართველოს, ისედაც საკმაოდ დაძაბულ, ურთიერთობას. რუსეთის მხარემ, საგარეო საქმეთა სამინისტროს სახით, კატეგორიული პროტესტი გამოთქვა რუსი პოლკოვნიკის დაკავების გამო და მისი სასწრაფოდ გათავისუფლება მოითხოვა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თავის ქართველ კოლეგას, გელა ბეჟუაშვილს, ტელეფონით დაუკავშირდა და გორის ინციდენტთან დაკავშირებით საქმის კურსში ჩააყენა. კარგად ინფორმირებული პირის ცნობით, სერგეი ლავროვმა პასუხი ვერ გასცა გელა ბეჟუაშვილის კითხვას, რა მიზნით იმყოფებოდა დოკუმენტების გარეშე ბოიკო გორში, თუმცა დაარწმუნა ქართველი მინისტრი, რომ მშვიდობისმყოფელის გათავისუფლების შემდეგ ამ საკითხს აუცილებლად გაარკვევდა.
არადა, არსებული ცნობებით, ბოიკოს დაპატიმრების მიზეზი მისი ტერორიზმთან შესაძლო კავშირი იყო - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან „კომერსანტს“ აცნობეს, რომ რომან ბოიკო ცხინვალის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობს. საქართველოს სპეცსამსახურების მტკიცებით, ბოიკოს გორში ჩასვლა ინფორმაციის შეგროვებას ისახავდა მიზნად, ანუ ქართული მხარე ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონის მახლობლად ახალი ტერაქტების მოწყობის შესაძლებლობას არ გამორიცხავს.


„კომერსანტის“ ცნობით, ასეთი სერიოზული ეჭვების მიუხედავად, ქართულმა მხარემ ბოიკო გაათავისუფლა - ის საქართველოში რუსეთის საელჩოს შენობაშია გადაყვანილი. ქართული მხარის განცხადებით, გათავისუფლების მიუხედავად, ბოიკოს მიმართ კითხვები არსებობს და ამ ფაქტის გამოძიება გრძელდება.



24 ოქტომბრის „ნეზავისიმაია გაზეტას“ ვარაუდით, “ვარდების რევოლუციის” მეორე წლისთავს საქართველოს ხელისუფლება მოკრძალებულად აღნიშნავს, რადგან პრობლემების მომატებასთან ერთად, თბილისელების ოპტიმიზმიც კლებულობს. ხელფასების მატების პარალელურად იზრდება ფასები. მოსახლეობის ცხოვრების დონე, საუკეთესო შემთხვევაში, არ გაუმჯობესებულა, უარეს შემთხვევაში - კიდევ უფრო დაეცა. იზრდება უმუშევართა რაოდენობა. კლებულობს ცხინვალისა და აფხაზეთის კონფლიქტების მოგვარების იმედი. ანუ, „ნეზავისიმაია გაზეტას“ აზრით, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს რევოლუციის მეორე წლისთავზე საზოგადოებისთვის მიღწევების თემაზე სათქმელი აღარაფერი აქვს.
XS
SM
MD
LG