Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აირტურბინები საქართველოში შემოვიდა


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი ფოთის პორტში ამერიკული კომპანიის მიერ დამზადებული ორი აირტურბინა შემოვიდა. ამ აგრეგატების დამონტაჟება გარდაბნის მეცხრე ენერგობლოკზე წლის ბოლოს დასრულდება,

რის შემდეგ ენერგოსისტემას 110 მეგავატი სიმძლავრე დაემატება, რაც დეფიციტს შეამცირებს. საიმტერესოა, შეძლებს თუ არა მთავრობა აირტურბინების მეშვეობით საქართველოში ენერგოკრიზისის დაძლევას.

ორი აირტურბინა, რომლის მეშვეობითაც ქართველი ენერგეტიკოსები მომავალი წლიდან საქართველოში ენერგოკრიზისის „დასამარებას“ გვპირდებიან, ფოთის პორტში უკვე ჩამოიტვირთა. თითოეული აირტურბინის სიმძლავრე 55 მეგავატია და, საერთო ჯამში, ისინი 110 მეგავატ ელექტროენერგიას გამოიმუშავებენ. აგრეგატები ”თბილსრესის” მეცხრე ენერგობლოკზე დამონტაჟდება და მისი ექსპლუატაციაში გაშვება უკვე მომავალი წლის დასაწყისიდან იქნება შესაძლებელი. ფოთში აგრეგატების ჩამოტვირთვას ენერგეტიკის მინისტრი ნიკა გილაური ესწრებოდა, რომელიც, აირტურბინების წყალობით, სისტემაში ენერგოდეფიციტის სერიოზულ შემცირებას დაგვპირდა:

[ნიკა გილაურის ხმა] ”მისი მონტაჟი მოხდება გარდაბანში და სამონტაჟო სამუშაოები, ჩვენი აზრით, დასრულდება დეკემბრის ბოლოს, იანვარში. ეს იქნება ის 110 მეგავატი, რომელიც დამატებით შეავსებს საქართველოს ენერგოდეფიციტს და რომელიც სერიოზულად გააუმჯობესებს ენერგომომარაგებას.”

აირტურბინების შესაძენად საქართველოს მთავრობას 140 მილიონი აშშ დოლარი ”ათასწლეულის გამოწვევის” პროგრამით გამოეყო. აგრეგატები ”ჯენერალ მოტორსისა” და ”პრეტ ენდ ვიტნის” წარმოებისაა.

ჯერ კიდევ მიმდინარე წლის დასაწყისში მთავრობის საგანგებო სხდომაზე ენერგეტიკის მინისტრის მიერ წარმოდგენილ პროექტს, რომლის თანახმადაც საქართველოში ენერგოდეფიციტის შესავსებად ახალი სიმძლავრეების გამოძებნა უკვე მიმდინარე წლის დეკემბერში დაიგეგმა, თავად მინისტრთა კაბინეტის ზოგიერთი წევრიც სკეფსისით შეხვდა. გილაურის კოლეგების სკეფსისს იწვევდა თავად პროექტის ღირებულება და ვადები, რომლის ფარგლებშიც აგრეგატები უნდა დამონტაჟებულიყო. აირტურბინები ენერგეტიკაში ახალი, თუმცა საკმაოდ ძვირი, ტექნოლოგიაა, მაგრამ მთავრობამ ამ პროექტზე ყურადღება მისი შემჭიდროებულ ვადებში რეალიზაციის გამო შეაჩერა, თუმცა ეჭვი, რომ წელს აგრეგატების შეძენა და მონტაჟი ვერ მოესწრებოდა, მაინც არსებობდა. ამ თემაზე მთავრობის წევრები სანაძლეოებსაც კი დებდნენ, საბოლოოდ, გამარჯვება ენერგეტიკის მინისტრს დარჩა, თავად ენერგოსისტემა კი მომავალი წლიდან, დამატებით, 110 მეგავატს შეიძენს. სხვათა შორის, აგრეგატების საქართველოში შემოტანა გაცილებით ადრეც იყო შესაძლებელი, თუმცა მისი ფოთში შემოტანის ვადებში კორექტივი ქარიშხალმა ”კატრინამაც” შეიტანა. ჯერჯერობით არ არის დაზუსტებული აირტურბინების მიერ გამომუშავებული ენერგიის ღირებულება. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ტარიფი 3 ცენტზე მეტი იქნება.
საინტერესოა, რომ აირტურბინების პროექტი ”ინტერნაციონალურია” და მასში სხვადასხვა ქვეყნების კომპანიები მონაწილეობენ. ამერიკულ ტურბინებში ფულს, ძირითადად, ამერიკელები იხდიან, მას ავსტრალიური საინჟინრო კომპანია ”კაპიტალტურბინა” დაამონტაჟებს, ხოლო აგრეგატის მენეჯმენტს რუსული ”ვნეშტორგბანკის” შვილობილი კომპანია ”ენერჯი ინვესტი” განახორციელებს.
XS
SM
MD
LG