Accessibility links

logo-print

2005 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი მეცნიერები


ალბათ, გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ მსოფლიოში არსებულ ჯილდოებს შორის ნობელის პრემია ყველაზე პრესტიჟულის სტატუსს ატარებს.

ამასთან, პრემია პირველი საერთაშორისო ჯილდოა, რომელიც 1901 წლიდან ყოველწლიურად გაიცემა ფიზიკის, ქიმიის, ფიზიოლოგიის ან მედიცინის, ლიტერატურისა და მშვიდობის დარგებში. რამდენიმე დღის წინ მსოფლიომ იმ მეცნიერების სახელები შეიტყო, რომლებსაც ეს პრესტიჟული პრემია წელს მიენიჭათ. კონკრეტულად რა მიღწევების გამო მიიღეს მათ ეს ჯილდო?

[იორნვალის ხმა] “კაროლინის ინსტიტუტის ნობელის ასამბლეამ დღეს გადაწყვიტა მედიცინასა და ფიზიოლოგიაში ნობელის პრემია 2005 წელს გასტრიტისა და კუჭის წყლულის დაავადებების გამომწვევი ბაქტერიის – ჰელიკობაქტერ პილორის – აღმოჩენისთვის ერთად მიენიჭოს ბარი მარშალსა და რობინ უორენს.”

ასე გამოაცხადა სტოკჰოლმის კაროლინის ინსტიტუტის მდივანმა ჰანს იორნვალმა მედიცინისა და ფიზიოლოგიის დარგში წლევანდელი გამარჯვებულები - ავსტრალიელი მკვლევარები, ბარი მარშალი და რობინ უორენი. ეს უკანასკნელი 1937 წელს არის დაბადებული და უკვე ათწლეულებია, რაც ამ კვლევაზე მუშაობს. 1951 წელს დაბადებული ბარი მარშალი კი კვლევას მოგვიანებით შეუერთდა. მათი ერთობლივი მუშაობის შედეგი მნიშვნელოვანი აღმოჩენით დაგვირგვინდა – კუჭის წყლულის და გასტრიტის მთავარი გამომწვევი ფაქტორები არა სტრესი თუ ქიმიური გამაღიზიანებლებია, როგორც ამას ადრე მიიჩნევდნენ, არამედ ბაქტერია, რომელსაც სახელად ჰელიკობაქტერ პილორი ეწოდება.

იმის გასარკვევად, თუ კონკრეტულად რა მნიშვნელობა ჰქონდა ამ აღმოჩენას მედიცინის სფეროსთვის, ჩვენ საქართველოს რესპუბლიკის მთავარ ენდოსკოპისტს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს და პროფესორს, ვლადიმერ შენგელიძეს მივმართეთ. მისი თქმით, ავსტრალიელმა მეცნიერებმა ეს აღმოჩენა ათიოდე წლის წინ გააკეთეს – და მას შემდეგ მნიშვნელოვნად შეიცვალა ექიმების მიდგომა წყლულოვანი დაავადებებისადმი:

[შენგელიძის ხმა] “რადიკალურად შეიცვალა მიდგომა მკურნალობისადმი. წინათ - თუნდაც 10-12 წლის წინ - ჩვენ წყლულოვან დაავადებებს და გასტრიტებს ვმკურნალობდით იმავე დიეტით; არ შეიძლებოდა გამაღიზიანებელი საკვები და მკურნალობაც იყო მიმართული აბსოლუტურად სხვა მიმართულებით – შეხორცებაზე. დღევანდელ დღეს, როდესაც გაირკვა, რომ ეს დაავადება არის გამოწვეული ამ ბაქტერიით, პრაქტიკულად დიეტა არ სჭირდება პაციენტს; ეს ერთი. და მეორე, რადგან ინფექციაა, რადგან ბაქტერიაა, ბრძოლა მასთან მიმდინარეობს უკვე ანტიბიოტიკებით.”

ვლადიმერ შენგელიძის თქმით, მართალია, წყლულოვანი დაავადებები ჯერ კიდევ ქრონიკულ ავადმყოფობებად რჩება, ამ აღმოჩენამ ბევრად გააუმჯობესა მკურნალობის ეფექტიანობა.

ქიმიის დარგში 2005 წლის ნობელის პრემია სამ მეცნიერს – ამერიკელებს, რობერტ გრაბსა და რიჩარდ შროკს, და ფრანგ ივ შოვინს ერგოთ. მათ ორგანული ქიმიის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან რეაქციად მეტათეზისი აქციეს და შესაძლებლობები შექმნეს ახალი მოლეკულების წარმოებისთვის, მაგალითად, ფარმაცევტულ სფეროში.

სამი მეცნიერიდან ერთ-ერთი, რიჩარდ შროკი, ასე აფასებს ამ აღმოჩენას:

[შროკის ხმა] “პროფესორმა გრაბსმა და მე კატალიზატორი შევიმუშავეთ – უფრო სწორად, კატალიზატორების ჯგუფი. ამით შესაძლებელი გახდება ისეთი რეაქციების მოხდენა, რომლებიც ტრადიციული ორგანული მეთოდებით არ გამოდის. ვფიქრობ, ეს აღმოჩენა უდიდეს გავლენას მოახდენს ორგანულ ქიმიაზე, პოლიმერების ქიმიასა და, შესაძლოა, სხვა დარგებზეც.”

ფიზიკოსები, რომლებსაც წლევანდელი ნობელის პრემია ერგოთ, ასევე სამნი არიან – ამერიკელები, როი გლობერი და ჯონ ჰოლი, და გერმანელი თეოდორ ჰენში. როი გლობერს პრემიის ნახევარი კვანტურ თეორიაში შეტანილი წვლილისთვის ერგო. დანარჩენმა ორმა მეცნიერმა კი პრემიის თითო მეოთხედი მიიღო ლაზერული სპექტროსკოპიის განვითარებისთვის.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კვანტური ელექტრონიკის ლაბორატორიის ხელმძღვანელმა, პროფესორმა მერაბ ჯიბლაძემ ლაზერული სპექტროსკოპია ასე აგვიხსნა:

[ჯიბლაძის ხმა] “ეს არის ლაზერული სპექტროსკოპია – დარგი, რომელიც ლაზერების შემდეგ წარმოიქმნა, უფრო სწორად, ლაზერის სხივმა დაბადა ეს დარგი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ამ დარგმა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ოპტიკური სპექტროსკოპია. ის უფრო ზუსტი გახდა – გაცილებით ზუსტი, ვიდრე ჩვეულებრივი მეთოდებით შეიძლებოდა სპექტრის გაზომვა. საერთოდ, ნებისმიერ ნივთიერებას აქვს თავისი განსაზღვრული სპექტრი. ეს სპექტრი თითქოს ამ ნივთიერების პასპორტია. ამ სპექტრით ჩვენ შეგვიძლია განვსაზღვროთ რა ნივთიერებებია, ვთქვათ, კოსმოსურ სხეულებზე. შედგენილობა განისაზღვრება სწორედ სპექტროსკოპიული მეთოდებით, ძირითადად.”

მერაბ ჯიბლაძის თქმით, ნობელის პრემიის წლევანდელმა ლაურეატებმა ლაზერულ სპექტროსკოპიაში ახალი მეთოდები შექმნეს, რომელიც ყველა ადრე არსებულზე გაცილებით ზუსტია:

[ჯიბლაძის ხმა] “სპექტროსკოპია მრავალი წელია, რაც არსებობს – მრავალი საუკუნეა, უფრო სწორად. მას შემდეგ, რაც ნიუტონმა დაშალა სინათლის თეთრი ფერი სხვადასხვა ფერებად, იქიდან დაიწყო სპექტროსკოპია. შემდეგ ის, რასაკვირველია, განვითარდა. მთავარი ის არის, რომ ლაზერული სპექტროსკოპია რამდენიმე ათასჯერ უფრო ზუსტია, ვიდრე ჩვეულებრივი სპექტროსკოპია. და ამდენად, ნივთიერების შესწავლა სპექტროსკოპიით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.“

ეს, რაც შეეხებოდა წლევანდელი ნობელის პრემიის იმ ლაურეატებს, რომლებმაც ჯილდო მეცნიერებაში შეტანილი წვლილისთვის მიიღეს. 7 ოქტომბერს სამშვიდობო პრემიის ლაურეატი გახდება ცნობილი; კიდევ უფრო მოგვიანებით კი აკადემია ეკონომიკის დარგსა და ლიტერატურის სფეროში გამარჯვებულებსაც გამოავლენს.
XS
SM
MD
LG