Accessibility links

logo-print

2005 წლის ნობელის სამშვიდობო პრემია ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს და მუჰამედ ბარადეის ერგოთ


სამშვიდობო პრემია წელს გაეროს ატომურ უწყებასა და მის ხელმძღვანელს ერგოთ.

პრესტიჟული პრემია ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტომ და მუჰამედ ბარადეიმ ატომური იარაღის გავრცელების წინააღმდეგ გაწეულ ბრძოლაში მიიღეს.

ნორვეგიის ნობელის კომიტეტის ხელმძღვანელმა ოლე დანბოლდ მიოესმა ოსლოს ნობელის ინსტიტუტში ასეთი განცხადება გააკეთა:

[მიოესის ხმა] “ნორვეგიის ნობელის კომიტეტმა გადაწყვიტა, რომ 2005 წლის ნობელის სამშვიდობო პრემია ორ ნაწილად გაიყოს და ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოსა და მის გენერალურ დირექტორს მუჰამედ ბარადეის გადაეცეს. პრემია მათ ატომური ენერგეტიკის სამხედრო დანიშნულებით გამოყენების წინააღმდეგ ბრძოლასა და ატომური ენერგეტიკის მშვიდობიანი მიზნებით გამოყენებისას მაქსიმალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში ეძლევათ.”

მუჰამედ ბარადეი 1942 წელს დაიბადა ქაიროში. იგი განათლებით იურისტია – 1962 წელს ქაიროს უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ბაკალავრის ხარისხი მოიპოვა, 1974 წელს კი ნიუ-იორკის სამართლის ინსტიტუტში სადოქტორო დისერტაცია დაიცვა საერთაშორისო სამართლის დარგში.

გაეროს ატომურ უწყებას ბარადეი 1997 წლიდან ხელმძღვანელობს. ამ ხნის განმავლობაში მას არაერთი კრიტიკული პერიოდის გადატანა მოუხდა – იქნებოდა ეს ერაყსა და ჩრდილოეთ კორეაში შექმნილი კრიზისი თუ სხვა მოვლენები.

ატომური უწყების ხელმძღვანელობის პერიოდში ბარადეის მუშაობას ბევრი დადებითი გამოხმაურება აქვს მიღებული. თუმცა იყო კრიტიკის შემთხვევებიც.

ორი წლის წინ, როდესაც შეერთებული შტატები ერაყში სამხედრო კამპანიის დაწყებისთვის ემზადებოდა, ბარადეი გამუდმებით აცხადებდა, რომ მას არ გააჩნდა მონაცემები იმის თაობაზე, რომ სადამის რეჟიმს ატომური იარაღის შექმნის პროგრამა ჰქონდა დაწყებული.

მას შემდეგ ბარადეის უწყებამ ირანი ამხილა ატომური ენერგიის გაუვრცელებლობის საერთაშორისო რაგულაციების მიმართ დაუმორჩილებლობაში. გასულ თვეში სააგენტოს მმართველთა საბჭომ განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ატომურ პოლიტიკას არ შეცვლის, ირანის საქმეს გაეროს უშიშროების საბჭო განიხილავს.

ნობელის კომიტეტის ხელმძღვანელის დანბოლტ მიოესის თქმით, მაშინ, როდესაც ატომური იარაღის გავრცელების საფრთხე კვლავ იზრდება, ბარადეი გაბედულ ნაბიჯებს დგამს ატომური იარაღის გაუვრცელებლობის უზრუნველსაყოფად:

[მიოესის ხმა] “მაშინ, როდესაც განიარაღებისთვის ბრძოლა თითქოს ჩიხშია შესული; როდესაც როგორც ცალკეულ ქვეყნებში, ისე ტერორისტულ ჯგუფებში ატომური იარაღის გავრცელების საფრთხე კვლავ არსებობს; და როდესაც ატომური ენერგეტიკის როლი კვლავ იზრდება, ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს სამუშაო უდიდეს მნიშვნელობას ატარებს.

ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს წარმომადგენლის მელისა ფლემინგის თქმით, პრემიით დაჯილდოება სააგენტოს ისტორიაში ყველაზე საამაყო მომენტია. დღეს მიღებულ ჯილდოს თავად მუჰამედ ბარადეი ასე გამოეხმაურა:

[ბარადეის ხმა] “ჩემი აზრით, ეს ჯილდო ხაზს უსვამს უდიდეს საფრთხეს, რომლის წინაშეც ვდგავართ დღეს: ეს გახლავთ ბირთვული იარაღის გავრცელების საფრთხე, ბირთვული იარაღის ათასობით ერთეულის არსებობა და ბირთვული ტერორიზმის საშიშროება.”

ბარადეი და ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო მილოცვებს მთელი მსოფლიოდან იღებს.

გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა განაცხადა, რომ ძალიან გახარებულია და რომ ამ ჯილდოს იმის ნიშნად აღიქვამს, რომ ატომური განიარაღებისთვის ბრძოლა კვლავაც უნდა გაგრძელდეს.

საფრანგეთის პრეზიდენტი ჟაკ შირაკი დღევანდელ მოვლენებს ასე გამოეხმაურა:

[შირაკის ხმა] ”მოხარული ვარ, რომ ნობელის პრემია ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტომ და სააგენტოს დირექტორმა ბატონმა ბარადეიმ მიიღეს. დიდი ხანია, რაც ისინი ბევრს აკეთებენ მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოების დამყარებისთვის. ეს განსაკუთრებით დღევანდელ რთულ ვითარებაშია ასე.”

საფრანგეთის პრეზიდენტ ჟაკ შირაკთან სტუმრად მყოფი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ტონი ბლერის რეაქცია კი ასეთი იყო:

[ბლერის ხმა] “მთლიანად ვუერთდები პრეზიდენტ შირაკის მიმართვას და ბარონ ბარადეისა და ატომური ენერგეტიკის სააგენტოს ნობელის პრემიის მიღებას ვულოცავ. ეს ნამდვილად დამსახურებული ჯილდოა და აჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ის საქმე, რასაც სააგენტო აკეთებს.”

იმას, რომ წლევანდელ სამშვიდობო პრემიას საერთაშორისო ატომური სააგენტო და ბარადეი მიიღებდა, ბევრი წინასწარმეტყველებდა. ეს ნაწილობრივ იმიტომაც იყო მოსალოდნელი, რომ მიმდინარე წელს ძალიან აქტუალურია ირანსა და ჩრდილოეთ კორეაში შექმნილი ატომური კრიზისი.

ამავე დროს, წელს ხიროსიმასა და ნაგასაკის ატომური დაბომბვიდან 60 წელი შესრულდა.

გასულ წელს ეს პრემია ერგო კენიელ გარემოს დამცველ ქალს, ვანგარი მათაის, აფრიკის კონტინენტზე ხეების დარგვის კამპანიისთვის.

ამიტომ ბევრი წინასწარმეტყველებდა, რომ წლევანდელი პრემია მშვიდობის განმტკიცების ან განიარაღებისთვის მებრძოლ პირს ან ორგანიზაციას ერგებოდა.

პრემიის დამაარსებელს, ალფრედ ნობელს, თავის ანდერძში განიარაღება პრემიის გაცემისთვის ერთ-ერთ მთავარ კრიტერიუმად აქვს დასახელებული.
XS
SM
MD
LG