Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს უშიშროების საბჭო მხარს უჭერს კოსოვოს სტატუსის შესახებ მოლაპარაკების დაწყებას


"ახალი ევროპის" მორიგ გამოშვებაში

კოსოვოს შესახებ გვექნება საუბარი. იურიდიულად სერბიის შემადგენლობაში შემავალი კოსოვო 1999 წელს, ნატოს მხრიდან სერბი ძალების წინააღმდეგ განხორციელებული დაბომბვის კამპანიის შემდეგ, გაეროს მანდატით იმართება. გუშინ კი გაეროს უშიშროების საბჭომ მხარი დაუჭირა კოსოვოს საბოლოო სტატუსის შესახებ საერთაშორისო მოლაპარაკების დაწყებას. რა სირთულე ელით წინ მოლაპარაკებაში მონაწილე მხარეებს, როგორი შეიძლება იყოს გადაწყვეტილება და რა გავლენა შეიძლება იქონიოს კოსოვოს პრეცედენტმა სხვა ქვეყნების - მათ შორის, საქართველოს - ტერიტორიულ კონფლიქტებზე?


ორშაბათს მიღებული გადაწყვეტილებით, ოფიციალურად გაიხსნა მოლაპარაკება კოსოვოს სტატუსის შესახებ. ამ მოლაპარაკებას შუამავლობას გაერო უწევს.

მოლაპარაკება საკმაოდ რთული იქნება. ეთნიკური ალბანელების ლიდერებს კოსოვოს დამოუკიდებლობა სურთ; სერბიის პრემიერ-მინისტრი კი აცხადებს, რომ კოსოვო ქვეყნის შემადგენლობაში უნდა დარჩეს.

კოსოვოში გაეროს მთავარმა წარმომადგენელმა სიორენ იესსენ-პეტერსენმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ იმ სირთულეების მიუხედავად, რომელიც მომავალშია მოსალოდნელი, მოლაპარაკების დაწყება ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია:

[იესენ-პეტერსენის ხმა] “ვფიქრობ, რომ ეს ისტორიული მომენტია. ექვს-ნახევარი წლის შემდეგ ჩვენ სტატუსის შესახებ მოლაპარაკებას ვიწყებთ. ეს ნამდვილად ისტორიული პროცესია და, ვფიქრობ, მას კოსოვოში დადებითად გამოეხმაურებიან.”

გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ მოლაპარაკებებზე საკუთარ წარმომადგენლად, ალბათ, ფინელ დიპლომატს, მართი აჰთისაარის, მიავლენს.

უშიშროების საბჭოს მიერ ამ გადაწყვეტილების მიღებამდე გაეროს წარმომადგენელმა კაი ეიდემ მოლაპარაკების დაწყებას კოსოვოსთვის საუკეთესო პერსპექტივა უწოდა.

ეიდემ გაეროს უშიშროების საბჭოს განუცხადა, რომ ალბანელთა უმრავლესობასა და სერბ უმცირესობას შორის ურთიერთობა საკმაოდ დაძაბულია. მისი თქმით, ძალადობის შიშის, საკუთრების ირგვლივ გადაუჭრელი უთანხმოებებისა და კანონის უზენაესობის სისუსტის გამო, ბევრი სერბი არ დაბრუნებულა პროვინციაში.

მაგრამ, ამ ყველაფრის მიუხედავად, არსებული ვითარების შენარჩუნება, ეიდეს აზრით, სიტუაციას კიდევ უფრო გაართულებს:

[ეიდეს ხმა] “მჯერა, რომ დადგა დრო, დავიწყოთ მოლაპარაკება კოსოვოს სამომავლო სტატუსზე. შარშანდლიდან მოყოლებული, – აქტიური საერთაშორისო მხარდაჭერის წყალობით, – მხარეში მიმდინარეობს პოლიტიკური პროცესი. მას ვერც შეწყვეტ და ვერც შეაჩერებ. სტაგნაციიდან მოლოდინის ეტაპზე გადასვლის შემდეგ დაუშვებელია წარსულში დაბრუნება."

სერბიის პრემიერ-მინისტრმა ვოისლავ კუშტუნიცამ უშიშროების საბჭოს არაერთხელ მოუწოდა, პატივი სცეს მისი ქვეყნის დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას. კუშტუნიცას თქმით, ბელგრადი კომპრომისზე დაფუძნებული გამოსავლის პოვნითაა დაინტერესებული, მაგრამ კოსოვოს სერბიის შემადგენლობიდან გამოყოფა დაუშვებელია:

[კუშტუნიცას ხმა] “ჩვენი და, დარწმუნებული ვარ, ამ დიდად პატივცემული ორგანიზაციის აზრით, დაუშვებელია მისი ნებისა და დემოკრატიის წინააღმდეგ გადაწყვეტილების მიღება – გადაწყვეტილების, რომელიც საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს უქმნის საფრთხეს.”

კოსოვოს ალბანელი ლიდერები, თავის მხრივ, ბელგრადისგან გამოყოფას მოითხოვენ. ამასთან, კოსოვოს პრემიერ-მინისტრის ბაირამ კოსუმის განცხადებით, არ შეიძლება კოსოვოს სტატუსის გადაწყვეტა ბელგრადს დაევალოს:


[კოსუმის ხმა] “ბელგრადს არასოდეს ექნება უფლება, კოსოვოს ბედს სწყვეტდეს. ბელგრადს ვინმე რომ ეკითხებოდეს, კოსოვო რუკიდან კარგა ხნის წაშლილი იქნებოდა.”

იმის გამო, რომ მოლაპარაკებაში მონაწილე მხარეებს ასეთი განსხვავებული პოზიციები აქვთ, მოსალოდნელია, რომ საკუთრივ მოლაპარაკების პროცესი რთული იქნება.
მაგრამ, ამის მიუხედავად, უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნები - შეერთებული შტატები და დასავლეთ ევროპის სახელმწიფოები – მოლაპარაკების მიმდინარე წლის ბოლომდე დაწყებას უჭერენ მხარს.

საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი გიორგი ხელაშვილი მოლაპარაკების შედეგების ასეთ პროგნოზს აკეთებს:

[ხელაშვილის ხმა] ”მე ვფიქრობ, რომ გადაწყვეტილება იქნება კოსოვოს დამოუკიდებლობის სასარგებლოდ. ამაზე მეტყველებს მთელი წინაისტორია ამ კონფლიქტის; ამაზე მეტყველებს მიმდინარე მოლაპარაკების პროცესი; ამაზე მეტყველებს შეერთებული შტატების, ნატოს და პროცესში ჩართული დიდი სახელმწიფოების - მათ შორის, ევროკავშირის - პოზიცია. ასე რომ, ვფიქრობ, კოსოვოს და კოსოვარების სასარგებლოდ იქნება გადაწყვეტილება მიღებული.”

ეს გადაწყვეტილება, ალბათ, იმის გამოც იქნება მნიშვნელოვანი, რომ ის ეთნიკური და ტერიტორიული კონფლიქტის გადაჭრის გარკვეულ პრეცედენტს შექმნის. ამან კი, თავის მხრივ, შესაძლოა, გავლენა იქონიოს სხვა ქვეყნების - მათ შორის, საქართველოს - ტერიტორიულ კონფლიქტებზე. გიორგი ხელაშვილი ამ საკითხს ასე განიხილავს:

[ხელაშვილის ხმა] “რაც შეეხება საქართველოსთვის ამის შესაძლო შედეგებს, მე ვფიქრობ, რომ ეს, ერთი მხრივ, ჩვენთვის მაინცდამაინც ხელსაყრელი არ არის, ვინაიდან საერთაშორისო ორგანიზაციებმა შეიძლება ეს პრეცედენტად დაისახონ და შემდეგ იგივე განახორციელონ უკვე საქართველოს ტერიტორიაზე გაყინულ კონფლიქტებთან მიმართებაში; მაგრამ, მეორე მხრივ, არ არის გამორიცხული, რომ, საქართველოსა და სერბიის წინაისტორიის გათვალისწინებით, მათ დიფერენცირება მოახდინონ ქართულ კონფლიქტებსა და კოსოვოს კონფლიქტს შორის. საქართველოში ისეთი ცალმხრივი დარღვევა უმცირესობების უფლებების, როგორც ეს კოსოვოში ხდებოდა მილოშევიჩის დროს, ალბათ, არ ყოფილა. აქ უფრო სამოქალაქო ომი იყო, ვიდრე უმცირესობის ეთნიკური წმენდა და შევიწროება.”(სტილი დაცულია)

ის, თუ რა გავლენას მოახდენს კოსოვოს სტატუსის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება სხვა ქვეყნების კონფლიქტების მოგვარებაზე, მომავალში გაირკვევა. მანამდე კი საკუთრივ ეს გადაწყვეტილებაა მისაღები. ჯერჯერობით მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ ამ გადაწყვეტილების მისაღებად მოლაპარაკება დაიწყება და რომ ეს, ალბათ, უახლოეს მომავალში, მიმდინარე წლის დასრულებამდე, მოხდება.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG