Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქაქუცა ჩოლოყაშვილის ნეშტს ლევილიდან მთაწმინდის პანთეონში გადაასვენებენ


კულტურის სამინისტროსთან შექმნილმა სპეციალურმა სახელმწიფო კომისიამ საქართველოს ეროვნული გმირის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის, ლევილის სასაფლაოდან

მთაწმინდის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში გადასვენების გადაწყვეტილება მიიღო. ამ გადაწყვეტილებას საქართველოს პრეზიდენტი ნორმატიული აქტით დააკანონებს. “ვარდების რევოლუციის” ორი წლისთავის საიუბილეო დღეებში დიდი ქართველი მამულიშვილის ნეშტს ქართულ მიწას მიაბარებენ. მოგვიანებით მთაწმინდის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში სიმბოლურად 1937 წლის რეპრესიების მსხვერპლთა– სანდრო ახმეტელის, ევგენი მიქელაძის, მიხეილ ჯავახიშვილისა და ტიციან ტაბიძის - მემორიალური საფლავიც გაკეთდება. სახელმწიფო კომისიამ გამოჩენილი ქართველი მწერლის ლევან გოთუას ნეშტის არმაზიდან გადასვენების საკითხზეც იმსჯელა.

ლევან გოთუას ნეშტი, სახელმწიფო კომისიის გადაწყვეტილებით, არა მთაწმინდაზე, არამედ დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაიდებს სავანეს.

[დავით მაღრაძის ხმა]“ შეგვიძლია იქიდან დავიწყოთ, რომ თამარმა ჯვარი დაიწერა დიდუბის ეკლესიაში. მე არ ვუყურებ ესე. ორ საფეხურად არ გავყოფდი მთაწმინდას და დიდუბეს - ნაკლებად და მეტად.“(სტილი დაცულია)

მწერალი დავით მაღრაძე იმ სახელმწიფო კომისიის წევრია, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივის პასუხად შეიქმნა. მიხეილ სააკაშვილი იყო სწორედ იმის მოთავე, რომ 1924 წლის აჯანყების ერთ–ერთი ლიდერის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის, საფლავი საქართველოში ყოფილიყო და არა პარიზში. ელდარ შენგელაიამ ლევილის ქართული სასაფლაო პირველად ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში ნახა:

[ელდარ შენგელაიას ხმა] “ საფლავი და ქვა, რომელზეც წერია: “საქართველოს ეროვნული გმირი ქაქუცა ჩოლოყაშვილი”. მე რომ წავიკითხე პირველად, ჩემზე განსაკუთრებულად იმოქმედა. დავდექი და ვიდექი და ვიდექი.“

ქაქუცა ჩოლოყაშვილის საქართველოში გადმოსვენების მიზანი საქართველოს თავისუფლების იდეის უკვდავებაა. ქაქუცა ჩოლოყაშვილი საზოგადოებისათვის, ძირითადად, ეროვნული მოძრაობის წლებში გახდა ცნობილი. ემიგრაციაში გარდაცვლილი ეროვნული გმირი საქართველოში დღესაც დიდი პოპულარობით სარგებლობს.

[მოქალაქის ხმა]“ ჩოლოყაშვილი ქაქუცა იყო მებრძოლი თავისუფლებისათვის. ჩვენ თუ დღეს თავისუფლება გვინდა, უნდა იყოს ზუსტად ილიასთან, აკაკისთან და ამ ბრწყინვალე ხალხთან.”

ქაქუცა ჩოლოყაშვილის ნეშტს მთაწმინდის მიწას 23 ნოემბერს მიაბარებენ. სპეციალური სახელმწიფო კომისიის წევრი ელდარ შენგელაია მიიჩნევს, რომ ეროვნული გმირის საფლავი მთაწმინდაზე პრაქტიკულად ლევილის საფლავის იდენტური უნდა იყოს. ისეთივე მოკრძალებული, უბრალო, მარტივი და მეტყველი წარწერით. საქართველოს კულტურის მინისტრის თქმით, საფლავის ფორმაზე საგანგებოდ იმსჯელებენ:

[გოკა გაბაშვილის ხმა]“იქნება საუბარი ლევილის სათვისტომოსთან, ემიგრანტთა საზოგადოებასთანაც. იქნება საუბარი ოჯახთან. ბატონ ელდარის იდეა მე ძალიან მომწონს და მხარს ვუჭერ.“

თუ ქაქუცა ჩოლოყაშვილის საფლავის ფორმის საკითხი ჯერ მხოლოდ მსჯელობის საგანია, პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ მთაწმინდაზე პირველი მემორიალური საფლავი 1937 წლის რეპრესიის მსხვერპლთა იმ ოთხეულის იქნება, ვისი საფლავები ფიზიკურად არც კი არსებობს. მიხეილ ჯავახიშვილი, ტიციან ტაბიძე, ევგენი მიქელაძე და სანდრო ახმეტელი მხოლოდ სიმბოლურად დაივანებენ მთაწმინდაზე. თუმცა როდის, ჯერ არ არის ცნობილი.
XS
SM
MD
LG