Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

26 ოქტომბრიდან თბილისის ერთ ნაწილს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება


26 ოქტომბრიდან გლდანი-ნაძალადევის რაიონის მოსახლეობის დიდი ნაწილი ბუნებრივი აირის გარეშე დარჩება და ასეთი ვითარება, სულ მცირე, 3 ნოემბრამდე შენარჩუნდება.

ძირითად მიზეზად გაზმომარაგების სისტემის ზამთრისთვის მომზადება სახელდება, თუმცა ”თბილგაზს” გლდანი-ნაძალადევის რაიონის მისამართით სერიოზული პრეტენზიებიც აქვს. ამიტომ მეთვალყურეები ფიქრობენ, რომ ზამთრისთვის მზადება გაზმომარაგების შეწყვეტის ნამდვილი მიზეზი არ არის. ასეა თუ ისე, აშკარაა, რომ გაკოტრების რეჟიმში გადასული ”თბილგაზი” ბოლო დროს საგანგებოდ გააქტიურდა და გადასახადების მაქსიმალურად ამოღებას ცდილობს. ისიც ფაქტია, რომ აბონენტებისგან ფულის ამოსაღებად ამხანაგობა ”ახალ მენეჯმენტს” დიდი დრო აღარ რჩება. დაახლოებით 2 წლის წინათ დაკავებული ადგილის გათავისუფლება ”ახალ მენეჯმენტს” სულ მალე მოუწევს. მას შემდეგ, რაც ”თბილგაზი”, სასამართლოს მიერ დანიშნული გაკოტრების მმართველი, მუშაობას დაასრულებს, დღის წესრიგში ”თბილგაზის” გაყიდვის საკითხი უნდა დადგეს. ვინ იყიდის ვალებით დამძიმებულ ობიექტს? ამ საკითხზე დღეს მხოლოდ ვარაუდებით საუბრობენ, თუმცა გარკვეული კონტურები მაინც იკვეთება..

გლდანი-ნაძალადევის რაიონის მოსახლეობისთვის ”თბილგაზს” ცუდი ამბავი აქვს:

(ეკა სარიას ხმა) ”26 ოქტომბრის დილის 11 საათიდან მთლიანად თემქის მოსახლეობას და ასევე მოსახლეობას კინო ”საქართველოდან” ხუდადოვის ქუჩის ჩათვლით შეუწყდება გაზმომარაგება.” (სტილი დაცულია)

კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი გაზმომარაგების შეწყვეტის მიზეზად წნევის დარეგულირებას და ზამთრისთვის მოსამზადებელ შიდა ქსელურ სამუშაოებს ასახელებს. ეკა სარიას თქმით, ხსენებული პროცესი 8 დღეში, ანუ 3 ნოემბერისთვის, უნდა დასრულდეს. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ გლდანი-ნაძალადევის რაიონში გაზმომარაგება სწორედ ამ დროისთვის განახლდება. ამის სავარაუდოდ კიდევ ერთი მიზეზი არსებობს:

(ეკა სარიას ხმა) ”აქ არის გაზის ძალიან დიდი დანაკარგები. ფაქტიურად, ყველაზე დიდი დანაკარგები ”თბილგაზს” ამ უბანში აქვს - დაახლოებით 90 პროცენტი. ანუ მხოლოდ 10 პროცენტის ამოღებას ვახერხებთ ზამთარში.” (სტილი დაცულია)

ურჩი გადამხდელებისა და ყალბი მრიცხველების აღმოსაჩენად, 26 ოქტომბრიდან 15 ოპერატიული ჯგუფი იმუშავებს. შავ სიაშია შეტანილი 50 ქუჩა და დაახლოებით 15 ათასი აბონენტი, რომლებიც, ძირითადად, კერძო სახლებში ცხოვრობენ. ”თბილგაზში” ამბობენ, რომ ყველაფერი მოსახლეობის დამჯერობაზე იქნება დამოკიდებული:

(ეკა სარიას ხმა) ”თუ ეს სამუშაოები გაიწელება და მოსახლეობის მხრიდან იქნება წინააღმდეგობები, კარებს არ გააღებენ და ვერ მოვიყვანთ წესრიგში ამ სამუშაოებს, მაშინ გაზის მიწოდება მათ არ აღუდგებათ არც 3 ნოემბერს და ეს პირდაპირპროპორციულად გაიწელება იმ დრომდე, სანამ მთლიანად ვერ მოვახერხებთ მოსახლეობის გაწმენდას.” (სტილი დაცულია)

თუკი გავითვალისწინებთ, რომ ოპერატიულმა ჯგუფებმა ინდივიდუალური ჩაჭრის პრონციპით უნდა იმუშაოს, ადვილი წარმოსადგენია, რომ 15 ათასი აბონენტის კარდაკარ ჩამოვლა ანდა, თუ გნებავთ - ჩამორბენა, ალბათ, 8 დღეში ვერ მოხერხდება. მეთვალყურეები მიიჩნევენ, რომ პროცესის გაჭიანურება ”თბილგაზის” ინტერესებში შედის და რომ ამით ისედაც გაკოტრების პირას მისული კომპანია მთავარ მიზანს მიაღწევს, ანუ ბუნებრივ აირს დაზოგავს.

”თბილგაზის” გაკოტრების პროცედურა 12 აგვისტოდან დაიწყო. თუმცა ვიდრე სასამართლოს მიერ დანიშნული გაკოტრების მმართველი კომპანიის მევალეებისა და მოვალეების ვალდებულებებს ზუსტად გამოითვლის და მას გაკოტრებულად გამოაცხადებს, ამხანაგობა ”ახალი მენეჯმენტი”გადასახადების ამოღებას დაჩქარებული ტემპებით ცდილობს და ეს თბილისის სხვა რაიონებსა და უბნებშიც შეინიშნება. 10-წლიანი მართვის უფლებით სარგებლობა ”ახალმა მენეჯმენტმა” მხოლოდ 2 წლით შეძლო. ხელშეკრულება უნდა გაუქმდეს, დრო ცოტაა, მალე კომპანიის აქციების გასხვისების საკითხი უნდა დადგეს. აქვე ვიტყვი, რომ ამჟამად ”თბილგაზის” აქციების თითქმის ასივე პროცენტი თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაა.

ხმები იმის შესახებ, რომ კომპანიის ყიდვით ყაზახი ინვესტორები დაინტერესდნენ, ”თბილგაზში” არც კი სმენიათ. ამ საკითხზე კონკრეტულად ვერც ზურაბ მინდელი საუბრობს - თბილისის საკრებულოს ეკონომიკური რეფორმებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარის მოადგილე და ფრაქცია ”ერთობის” თავმჯდომარე:

(ზურაბ მინდელის ხმა) ”შეიძლება იყიდოს ყაზახეთმა, შეიძლება - რუსეთმა, ”გაზპრომმა”. ეს ”შეიძლებაა” ყველაფერი და სანამ არ გაირკვევა, ესე იგი... გამოცხადდება პირობები გაყიდვის, სატენდერო პირობები, აუქციონის პირობები. აი, იმ პირობებს ვინც დააკმაყოფილებს, იმის მიხედვით...” (სტილი დაცულია)

ისე კი, რუსეთი და ყაზახეთი ამ საკითხში ბევრისთვის სწორედაც რომ თანამოაზრეებად აღიქმებიან. საკრებულოს წევრი ლეიბორისტი პაატა ჯიბლაძე ერთგვარ შეთქმულებაზეც კი საუბრობს:

(პაატა ჯიბლაძის ხმა) ”ძირითად აქტივებს იქ მაინც რუსეთის ხელისუფლება ფლობს. თუ ადრე პირდაპირ ”გაზპრომი”იყო დაინტერესებული გაზსადენების შესყიდვით, ”თბილგაზიც” ერთ-ერთი დამაკავშირებელი რგოლია, აი, იმ დიდი შეთქმულებისა საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც ისახავს მიზნად ენერგოგამტარების, ანუ ამ შემთხვევაში - ”თბილგაზის”, სხვადასხვა სტრატეგიული ობიექტების, ხელში ჩაგდებას. ამას, ყაზახების მეშვეობით, ალბათ, დღეს უკვე რუსეთი ახორციელებს”. (სტილი დაცულია)

თუმცა ”თბილგაზში” ყაზახი ინვესტორების შემოსვლას ბევრი მისაღებად იმის გამო მიიჩნევს, რომ ყაზახები თბილისს ყაზახური გაზით მოამარაგებენ. ეს კი, ბუნებრივი აირის რუსეთიდან მიღების ერთადერთი ალტერნატიული გზაა. ეკონომისტი დავით ნარმანია ამ საკითხს არა მხოლოდ ეკონომიკურ, არამედ პოლიტიკურ ჭრილშიც განიხილავს:

(დავით ნარმანიას ხმა) ”საქართველო ბოლო პერიოდში რუსული გაზით მარაგდებოდა. ამავე დროს, საქართველო სომხეთში ატარებს რუსულ გაზს. თუ საქართველო მიიღებს ყაზახურ გაზს, რუსეთმა უნდა გამოატაროს ეს ტრანზიტით და არის ერთმანეთთან დაკავშირებული საკმაოდ ბევრი საკითხი. ამიტომ კომპლექსურად უნდა იქნას ეს საკითხი შესწავლილი და არა ცალკეული ფრაგმენტების დონეზე, თუ რამდენად მიზანშეწონილია ”თბილგაზის” ყიდვა-გაყიდვა.” (სტილი დაცულია)

შემოვლენ თუ არა ყაზახები ”თბილგაზში”, ამის პროგნოზირება ჯერ ძნელია. თუმცა არც იმის გარკვევა აღმოჩნდა ადვილი, თუ რა ხნით დარჩება გლდანი-ნაძალადევის რაიონი ბუნებრივი აირის გარეშე და ხომ არ დაემუქრება იგივე თბილისის სხვა რაიონებსა და უბნებს.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG