Accessibility links

logo-print

ცვლილებები ქართულ-ოსური კონფლიქტის მოწესრიგების პროცესში?


ქართულ- ოსური კონფლიქტის მოწესრიგების პროცესში ძირეული ცვლილებები იკვეთება - ამის შესახებ 28 ოქტომბერს განცხადება გააკეთა სახელმწიფო მინისტრმა

კონფლიქტების მოწესრიგების საკითხებში გიორგი ხაინდრავამ. რამდენიმე დღის წინ ის მოსკოვში ქართულ- ოსური კონფლიქტის მოწესრიგების შერეული საკონტროლო კომისიის სხდომას ესწრებოდა. სწორედ შერეული საკონტროლო კომისიის 2 დღიანი შეკრების შედეგმა დაანახვა სახელმწიფო მინისტრს პროცესში სასიკეთო ცვლილებები, რომელიც კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოწესრიგებაზეა ორიენტირებული. რა შედეგებსა და ცვლილებებზეა ლაპარაკი?

ლაპარაკია არა მხოლოდ სასიკეთო ცვლილებებზე, არამედ გარღვევაზე, ოღონდ ჯერ მხოლოდ ქაღალდზე - ასე ახასიათებს გიორგი ხაინდრავა დოკუმენტს, რომელიც მოსკოვში შერეული საკონტროლო კომისიის სხდომის 2 დღიანი მუშაობის შედეგად გაფორმდა:

[გიორგი ხაინდრავას ხმა] ”მოსკოვში შერეული საკონტროლო კომისიის სხდომაზე მიღებულია დოკუმენტი, რომლის მნიშვნელობა არის უაღრესად დიდი, ყოველ შემთხვევაში - ქაღალდზე. პირველად ჩვენს ურთიერთობებში, რუსულმა, ჩრდილოოსურმა და სამხრეთ ოსეთის მხარემ მხარი დაუჭირა კონფლიქტის იმ სამეტაპიან გეგმას, რომელიც პრეზიდენტის მიერ თავის დროზე წარმოდგენილი იყო ნიუ-იორკში.”

სამეტაპიანი სამშვიდობო გეგმის ფუნდამენტურ პირობასაც ერთა თვითგამორკვევის, კულტურული თვითმყოფადობისა და უმცირესობათა უფლებების დაცვა წარმოადგენს. გეგმის პირველი ეტაპი გულისხმობს კონფლიქტის ზონის სრულ დემილიტარიზაციას და მხარეთა შორის ნდობის აღდგენას, მეორე - კონფლიქტის ზონის სოციალურ-ეკონომიკურ რეაბილიტაციას, მესამე კი - პოლიტიკურ მოწესრიგებას. ეს გეგმა ახლახან ვენაში ეუთოს სამიტზეც იქნა წარდგენილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ და მას 50 ქვეყნის ელჩმა დაუჭირა მხარი. ცოტა ხნით ადრე საქართველოს პრეზიდენტის სამშვიდობო გეგმა მოწონებულ და მხარდაჭერილ იქნა თეთრ სახლში. ცნობილია, რომ ამ გეგმის მხარდაჭერის პირობით შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი გამოვიდა. როგორც ჩანს, თეთრი სახლის პოზიციამ გაჭრა. სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოწესრიგებასთან დაკავშირებით საქართველოს სამეტაპიან სამშვიდო გეგმას რუსეთმაც დაუჭირა მხარი, მის მხარდამხარ კი - შერეულ საკონტროლო კომისიაში წარმოდგენილმა ოსურმა მხარეებმაც. ”ქართულ-ოსური კონფლიქტის მოწესრიგების შერეული საკონტროლო კომისია თანხმდება, რომ სამეტაპიანი გეგმა სამშვიდობო პროცესის განვითარების რეალურ საფუძველს წარმოადგენს,” - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელშიც შერეული საკონტროლო კომისიის სხდომის შედეგებზეა ლაპარაკი. იქვე მითითებულია ისიც, რომ კომისიამ კიდევ ერთხელ მოუწოდა მხარეებს კონფლიქტის ზონის დემილიტარიზაციისკენ ისე, როგორც ამაზე თავის დროზე საქართველოს გარდაცვლილი პრემიერი ზურაბ ჟვანია და სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მეთაური შეთანხმდნენ.

საქართველოს სამეტაპიან გეგმას ამ დღეებში ოსურ მხარეს პირადად გიორგი ხაინდრავა გადასცემს, - ის ცხინვალში ჩასვლას გეგმავს. უახლოეს მომავალში ცხინვალის რეგიონში ქართულ სოფლებთან ერთად ოსურ სოფლებს მოინახულებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი. 15 ნოემბრამდე ის ედუარდ კოკოითის უნდა შეხვდეს. აღნიშნულის შესახებ შეთანხმება მოსკოვში, შერეული საკონტროლო კომისიის სხდომაზე, იქნა მიღწეული. კომისიის სხდომაზე საქართველოს მხარემ პრინციპული მნიშვნელობა მიანიჭა 20 სექტემბერს ცხინვალის დაბომბვის ფაქტის გამოძიებას საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით. რაც შეეხება შერეული საკონტროლო კომისიის ფორმატის გაფართოების საკითხს, -რომელიც ასევე საქართველოს მხარემ დასვა და რასაც რუსეთის მხარე შეეწინააღმდეგა, - უნდა ჰონდეს თუ არა ეუთოსა და ევროკომისიას ქართულ-ოსური კონფლიქტის მოწესრიგების შერეულ საკონტროლო კომისიაში სრული ხმის უფლება, ისე როგორც ამას საქართველო ითხოვს, ამაზე მხარეები მსჯელობას უკვე ლუბლიანაში გააგრძელებენ. შერეული საკონტროლო კომისია სლოვენიაში 15-16 ნოემბერს შეიკრიბება. გიორგი ხაინდრავა ფიქრობს, რომ კომისიის ფორმატის გაფართოება რეალურია და ამიტომ ეს მოთხოვნა დღის წესრიგიდან არ მოიხსნება.
XS
SM
MD
LG