Accessibility links

მერიის წინ თავისუფლებისა და გამარჯვების მონუმენტი აღიმართება


თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, თავისუფლების მოედანზე, იქ, სადაც გასული საუკუნის 90-იან წლებამდე ლენინის ძეგლი იდგა,

ხოლო ამჟამად შადრევანი მოჩქეფს, თავისუფლებისა და გამარჯვების 30-მეტრიანი მონუმენტი აღიმართება. პროექტის ავტორია მოსკოვში მოღვაწე ცნობილი მოქანდაკე ზურაბ წერეთელი, რომელიც მონუმენტის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს - ურჩხულთან მებრძოლი წმინდა გიორგის ბრინჯაოს ქანდაკებას - უსასყიდლოდ გადასცემს დედაქალაქის მუნიციპალიტეტს. რას ფიქრობენ თბილისელები მერიის მორიგ წამოწყებაზე და როდის დასრულდება მონუმენტის მშენებლობა?

სამშენებლო კომპანია „ივერიის“ მუშებმა თავისუფლების მოედნის ცენტრის შემოღობვა დილაადრიან დაიწყეს. იქვე გამართეს დაფა, რომელზეც, კომპიუტერული გრაფიკის წყალობით, იერშეცვლილი მოედანია გამოსახული.

[მამაკაცის ხმა] „რა შენდება? რა ვიცი. მგონი, წმინდა გიორგის ძეგლი. უკეთესი რა უნდა გავაკეთოთ ქართველმა ერმა. მე ასე მგონია... ვისაც სწამს, ყველა ასე ფიქრობს.“

მუშებისაგან განსხვავებით, თბილისის მერმა ზუსტად იცის, თუ რა შენდება თავისუფლების მოედანზე. გიგი უგულავას თქმით, დაახლოებით 30 მეტრი სიმაღლის სვეტზე ურჩხულთან მებრძოლი წმინდა გიორგის ბრინჯაოს ქანდაკება დაიდგმება:

[გიგი უგულავას ხმა] „ამ მონუმენტის სიმაღლე იქნება მერიის სიმაღლის ტოლი, ანუ 30 მეტრი. ქვევით იქნება შადრევანი დ, ერთიანობაში, ეს შექმნის იმ სისავსეს, რასაც ავტორი ზურაბ წერეთელი უწოდებს „თავისუფლებისა და გამარჯვების მონუმენტს“.

უგულავა დარწმუნებულია, რომ 30-მეტრიანი მონუმენტი დაამშვენებს საქართველოს მთავარ მოედანსა და მთლიანად თბილისს. მერის ამ მოსაზრებას არ იზიარებს სამხატვრო აკადემიის რექტორი გია ბუღაძე, რომელსაც მონუმენტის გაბარიტები აფიქრებს:

[გია ბუღაძის ხმა] „ასეთ მაღალ შპილს - 35 მეტრიანი შპილი მაქვს მხედველობაში - გმირთა მოედანზე უფრო წარმოვიდგენდი, ვიდრე თავისუფლების მოედანზე, იმიტომ რომ გმირთა მოედანი ჩავარდნილია, თავისუფლების მოედნისთვის კი ზედმეტად მაღალია.“

თავისუფლებისა და გამარჯვების მონუმენტში წმინდა გიორგის ქანდაკების ჩართვის იდეას არ იწონებს საქართველოს მართლამდიდებელი ეკლესია. საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსის მოადგილე ზურაბ ცხოვრებაძე ამბობს, რომ მართლმადიდებლურ სამყაროში არ არის მიღებული წმინდანისთვის ქანდაკების დადგმა:

[ზურაბ ცხოვრებაძის ხმა] „ეს არ არის ტრადიციული ჩვენთვის. ზოგადად, შეიძლებოდა გაკეთებულიყო - წმინდა გიორგის პატივისცემაზეა ლაპარაკი - სტელა, რომელზეც, ბარელიეფის სახით, ამოიტვიფრებოდა წმინდა გიორგის ცხოვრების სცენები.“

თავისუფლების მოედნის ცენტრში წამოწყებულმა მშენებლობამ გულგრილი ვერც გამვლელები დატოვა.

[მამაკაცის ხმა] „წმინდა გიორგის სიმაღლე განუსაზღვრელია და არავის აქვს უფლება ასწიოს 35, 100 მეტრზე და, საერთოდ, წმინდანისთვის ძეგლის დადგმა არ შეიძლება. მე ძაან შეშფოთებული ვარ.“(სტილი დაცულია)

[მამაკაცის ხმა] „პრინციპში მისაღებია, რატომაც არა! წმინდა გიორგი საქართველოს მფარველია და ცუდი არ იქნება. მთავარია, როგორ ძეგლს ააგებენ.“

ვინ დააფინანსებს თავისუფლებისა და გამარჯვების მონუმენტის მშენებლობას? თბილისის პრემიერის თემურ ქურხულის თქმით, დედაქალაქის ბიუჯეტი მინიმალურ თანხას გაიღებს.

[თემურ ქურხულის ხმა] „ძირითადი ნაწილი ამ ქანდაკებისა აიგება შემოწირულობის ხარჯზე. ბიუჯეტი გაიღებს ძალზე მცირე თანხას და, რაც მთავარია, მინდა გითხრათ, რომ ზედა, ძირითადი, ნაწილი ბატონ ზურაბ წერეთლის საჩუქარი არის.“(სტილი დაცულია)

თბილისის პრემიერის თქმით, მონუმენტი მომავალი წლის გაზაფხულზე, 26 მაისს, უნდა გაიხსნას. სამშენებლო კომპანია „იბერიის“ წარმომადგენელი ზაზა მაისურაძე უკვე საძირკვლის მშენებლობას ხელმძღვანელობს.

[ზაზა მაისურაძის ხმა] „დაახლოებით ჩავდივარ 4 მეტრ სიღრმეზე. იქნება რკინა-ბეტონის ფილა, 10 მეტრი დიამეტრით და 2 მეტრა სიმაღლის. ეს იქნება საძირკველი. გარშემო შადრევნისთვის გაკეთდება 24 მეტრიანი აუზი, რომლის საძირკვლის მშენებლობაც მალე დაიწყება.“ (სტილი დაცულია)
XS
SM
MD
LG