Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ასრულებული "ამერიკული ოცნება" – ბილ გეიტსი 50 წლისაა


დღეს მსოფლიოს ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანს, მაიკროსოფტის კორპორაციის შემქმნელსა და ხელმძღვანელს, ბილ გეიტსს, 50 წელი შეუსრულდა.

ბევრი მას თანამედროვე კაპიტალიზმის სიმბოლოდ და, ამავე დროს, მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს ქველმოქმედად მიიჩნევს.

როდესაც 1977 წელს სტუდენტმა უილიამ ჰენრი გეიტსმა ჰარვარდის უნივერსიტეტში სწავლას თავი დაანება და კომპიუტერის პროგრამების სფეროში კარიერის კეთება დაიწყო, მაშინ, ცხადია, არავინ იცოდა, რომ ამით "ამერიკულმა ოცნებამ" იშვიათი სიმძლავრით შეისხა ხორცი. სათვალეებიანმა - ერთი შეხედვით, არაფრით გამორჩეულმა - გეიტსმა "საკუთარი თავის შექმნის" ამერიკული მითი რეალობაში ზედმიწევნით განახორციელა და რამდენიმე წლის შემდეგ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან პირად იქცა.

დღეს ბილ გეიტსი გლობალურ კორპორაციას, მაიკროსოფტს, ხელმძღვანელობს. ამ კორპორაციაში, მსოფლიოს მასშტაბით, 55 ათასზე მეტი ადამიანი მუშაობს. კორპორაციას გასულ წელს დაახლოებით 37 მილიარდი ამერიკული დოლარის ოდენობის მოგება ჰქონდა. საკუთრივ გეიტსის პირადი კაპიტალი კი 50 მილიარდ ამერიკულ დოლარს აჭარბებს.

ბილ გეიტსის წარმატების შესახებ დღეს უკვე წიგნები იწერება. მისი კორპორაციის ისტორიას სტუდენტები უნივერსიტეტებში სწავლობენ. ბევრი ადამიანი ცდილობს ამოხსნას, მაინც რამ განაპირობა გეიტსის ფენომენალური წარმატება. მიზეზებს შორის ასახელებენ: მის ენერგიას, შრომისმოყვარეობას, საქმის მიმართ უპირობო ერთგულებას, ქარიზმას, ადამიანების დარწმუნების უნარს.

თუმცა არიან ისეთებიც, ვინც ბილ გეიტსის წარმატებას ოდნავ უფრო პრაქტიკული ასპექტებით ხსნის. მაგალითად, საერთაშორისო ურთიერთობების ბრიტანელი ლექტორი ჯორჯ უელტონი ასე ფიქრობს:

[ჯორჯ უელტონის ხმა] “გეიტსის შემთხვევაში მთავარი მისი მარკეტინგის უნარია და არა საკუთრივ ტექნოლოგიის განვითარების საიდუმლო. როდესაც გეიტსმა ამ სფეროში მუშაობა დაიწყო, მაშინ აი-ბი-ემი კომპიუტერებს ავითარებდა. მანქანების ამუშავებისთვის აი-ბი-ემს ოპერირების სისტემა სჭირდებოდა და ამისათვის მათ გეიტსს მიაკითხეს. გეიტსს უნივერსიტეტი ახალი მიტოვებული და კომპიუტერის პროგრამების კომპანია ახალი დაარსებული ჰქონდა. იგი მაშინვე მიხვდა, რომ ბევრად მომგებიანი იქნებოდა აი-ბი-ემისთვის სისტემის ლიცენზირება, ვიდრე მიყიდვა. მან მაშინდელი ოპერირების სისტემა, ემ-ეს-დოსი, ძალიან მცირე თანხად შეიძინა და ლიცენზია აი-ბი-ემს მისცა. ძალიან მალე კომპიუტერების შექმნა, აი-ბი-ემის გარდა, სხვა კომპანიებმაც დაიწყეს – და იმისათვის, რომ სტანდარტად ქცეულ ოპერირების სისტემაში ჩართულიყვნენ, ოპერირების სისტემას ყველა ეს კომპანია გეიტსისგან ყიდულობდა.”

მართლაც, დღეს ძალიან ბევრი მიიჩნევს, რომ მაიკროსოფტის წარმატება არა საკუთრივ შექმნილი პროგრამების ხარისხში, არამედ მათ სტანდარტად ქცევასა და ინტენსიურ გავრცელებაშია. ჯორჯ უელტონის აზრით, სწორედ ამით აჯობა მაიკროსოფტმა თავის ერთ-ერთ მთავარ კონკურენტს, მაკინტოშს:

[ჯორჯ უელტონის ხმა] “ირონია იმაშია, რომ მაკინტოშის სისტემა შეიძლება მაიკროსოფტზე ბევრად უკეთესი და უფრო მდგრადიც იყოს. ყოველ შემთხვევაში, ბევრი ასე ფიქრობს. მაკინტოშის ავტორსა და ბილ გეიტსს შორის ერთხელ ცნობილი დიალოგი შედგა, სადაც ბილ გეიტსმა კონკურენტს პირდაპირ უთხრა: ჩემი კომპანია შენსას იმით აჯობებს, რომ ჩვენი პროდუქტი უკვე სტანდარტადაა ქცეული და კომპიუტერების უმეტესობაშია ჩატვირთულიო.”

ბილ გეიტსსა და მაიკროსოფტის კორპორაციას ხშირად აგრესიული ბიზნესის წარმოებასა და ამით ბაზრის მონოპოლიზაციაში ადანაშაულებენ. ამგვარი ბრალდებების გამო კორპორაციას სასამართლოშიც არაერთხელ ჰქონია საქმე. ჯორჯ უელტონი ამის მაგალითად შემდეგ შემთხვევას იხსენებს:

[ჯორჯ უელტონის ხმა] “გეიტსი ძალიან დაუნდობელია, როდესაც საუბარი კონკურენტებს ეხება. ამის კარგი მაგალითია ის, თუ როგორ შეძლო მან დამოუკიდებელი ინტერნეტ-ბრაუზერების, მაგალითად, ნეტსკეიპის ბაზრიდან განდევნა. გეიტსმა, უბრალოდ, აიღო და მაიკროსოფტის სტანდარტულ უინდოუსის პაკეტში თავისი ინტერნეტ-ბრაუზერი, ექსპლორერი, ჩადო. ამგვარად, როდესაც ხალხი ახალ კომპიუტერს ყიდულობდა, მათ მთელი სისტემა, ინტერნეტ-ბრაუზერის ჩათვლით, უკვე ჩატვირთული ხვდებოდათ. პროგრამების პაკეტში წინასწარ ჩადებისა და ამ გზით კომპანიების ბაზრიდან განდევნისთვის მაიკროსოფტი არაერთხელ წარდგა სასამართლოს წინაშე როგორც ევროპაში, ისე ამერიკაში.”

თუმცა აგრესიული ბიზნესის წარმოების პარალელურად, ბილ გეიტსი აქტიურ და მასშტაბურ ქველმოქმედებასაც ეწევა. ცოლთან ერთად მან საქველმოქმედო ორგანიზაცია - "ბილ და მელინდა გეიტსების ფონდი" – დააარსა. ფონდი სტუდენტებს სტიპენდიებით ეხმარება და შიდსსა და ღარიბ ქვეყნებში არსებულ დაავადებებთან ბრძოლას აფინანსებს. მიმდინარე წლის განმავლობაში ფონდმა 27.5 მილიარდი ამერიკული დოლარი განკარგა.

სკეპტიკურად განწყობილები ბილ გეიტსს აქაც აკრიტიკებენ.მათ მიაჩნიათ, რომ ქველმოქმედებაში დახარჯული თანხა, მართალია, დიდია, მაგრამ, გეიტსის შემოსავლის რაოდენობის გათვალისწინებით, იგივე პროცენტი გამოდის, რასაც ქველმოქმედებაზე ბევრი ჩვეულებრივი მოქალაქეც ხარჯავს. სხვები აღნიშნავენ, რომ გეიტსი სკოლებს ხშირად კომპიუტერების შეძენაში ეხმარება, რასაც, საბოლოო ჯამში, ისევ მაიკროსოფტისთვის მოაქვს მოგება.

მაგრამ როგორც კრიტიკოსების, ასევე თაყვანისმცემლების აზრით, თანამედროვე მსოფლიოზე, ალბათ, ძალიან ცოტა ვინმეს თუ მოუხდენია ბილ გეიტსის მსგავსი გავლენა. ბევრ ქვეყანაში ხომ "უინდოუსი" დღეს უკვე ყოველდღიური ყოფის განუყოფელი ატრიბუტია. გლობალური კაპიტალიზმის პირობებში კი, ალბათ, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს სულ უფრო მეტ ქვეყანაში იქნება ასე.

ასეთი მასშტაბური ასპექტების გარდა, ბილ გეიტსის ფიგურა ბევრისთვის სხვა სიახლეებთანაც ასოცირდება. მაგალითად, ჯორჯ უელტონი ფიქრობს, რომ გეიტსმა "წესიერი" ბიჭის დისკრედიტირებული იმიჯი სამყაროს სულ სხვა კუთხით დაანახვა:

[ჯორჯ უელტონის ხმა] ”კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელიც მან მოიტანა, "ხუთოსნის" იმიჯის პოპულარიზაცია იყო. ახლა ამ იმიჯს მომავალ სიმდიდრესთან აკავშირებენ, ადრე კი ბიჭებს, რომლებსაც მათემატიკა და ფიზიკა აინტერესებდათ და მთელი დღე კომპიუტერის ეკრანს იყვნენ მიშტერებულები, სკოლასა და კოლეჯში თავში ურტყამდნენ ხოლმე.”
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG