Accessibility links

logo-print

ვინ იქნება მორიგი ”განტევების მინისტრი” საქართველოს ხელისუფლებაში, 2004 წლის ნოემბერში


ვინ იქნება მორიგი ”განტევების მინისტრი” საქართველოს ხელისუფლებაში, 2004 წლის ნოემბერში უკრაინისგან შეძენილ სამხედრო ტექნიკასთან დაკავშირებული სკანდალი,

ტერმინალ ”ოპიზის” საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შექმნა - ასეთი გახლავთ დღევანდელი პრესის ფურცლებზე გაშუქებული მთავარი თემები.

დღეიდან მუშაობას შეუდგა პარლამენტის საგამოძიებო კომისია, რომელიც ტერმინალ ”ოპიზის” საქმიანობასა და მასთან დაკავშირებულ სახელმწიფო მოხელეების ბიზნესინტერესის არსებობას შეისწავლის. გაზეთი ”ალია” დაინტერესდა კომისიის თავმჯდომარის დეპუტატ ფრიდონ რუხაიას ვინაობით. ”ალიასთან” ინტერვიუში რუხაია ამბობს, რომ თავის დროზე ის სატრანსპორტო პოლიციის დეპარტამენტში ჯერ ინსპექტორი იყო, მერე ტვირთების ხელყოფის წინააღმდეგ ბრძოლის სამსახურის უფროსი, ამის შემდეგ - ფოთის საბაჟოს უფროსი, საბაჟოსი, რომელიც მოგვიანებით დასავლეთ საქართველოს საბაჟოდ გადაკეთდა. ”მაშინ შემოსავლების მინისტრი მიშა მაჭავარიანი იყო?” - ეკითხება რუხაიას ჟურნალისტი. რუხაია უპასუხებს: ”კი, მე მან დამნიშნა, თუმცა პირადად არ მიცნობდა”. ”ახლა ”ოპიზის” საქმეში მაჭავარიანის გვარი რომ შეგხვდეთ სადმე, რას იზამთ, თქვენ ხომ მისგან დავალებული ხართ?” - განაგრძობს ჟურნალისტი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის გამოცდას. ”არავისგან არ ვარ დავალებული. მე იმ ხელისუფლების დროს ყველაზე უმართავ მოხელედ მიცნობდნენ”, - უპასუხებს მარტვილის მაჟორიტარი დეპუტატი რუხაია ”ალიას” შეკითხვას.

”განტევების მინისტრები” – ”ჯერი გიორგი ხაინდრავასა და კახა ბენდუქიძეზეა - სახელმწიფო მინისტრის პოსტები უქმდება”, - წერს გაზეთი ”ხვალინდელი დღე”. ”ნაციონალური მოძრაობის პარტიული ძლევამოსილების დემონსტრირება, როგორც ჩანს, სალომე ზურაბიშვილის გადაყენებით არ დასრულებულა. საპარლამენტო უმრავლესობაში მართლა ირწმუნეს, რომ პოლიტიკურ რეალობას ნაციონალური მოძრაობა ქმნის და პრეზიდენტი მხოლოდ პარტიული დაკვეთის შემსრულებელია. გუნდურობის პრინციპი სულაც არ არის მიუღებელი, მაგრამ ძნელად დასაჯერებელია, მიხეილ სააკაშვილი მხოლოდ დეპუტატ-სუფლიორების კარნახით მოქმედებდეს. ზურაბიშვილის შემდეგ პარტიული ანათემის რიგში გიორგი ხაინდრავა, გიორგი ბარამიძე და კახა ბენდუქიძე დგანან. პარლამენტის პრინციპულობის წარმოსაჩენად ამ ჯგუფს ეკონომიკის მინისტრი ირაკლი ჩოგოვაძეც ამშვენებს,” - წერს ”ხვალინდელი დღე”.

რამდენიმე გაზეთი ეხმაურება დღეს უკრაინისგან უვარგისი სამხედრო ტექნიკის შეძენასთან დაკავშირებულ სკანდალს. მიკერძოებაში ნუ ჩამომართმევთ, მაგრამ დღეს ამ თემაზე გამოქვეყნებული პუბლიკაციებიდან ყველაზე საყურადღებო ”24 საათში” დაბეჭდილი ჩვენი რადიოს კორესპონდენტ კობა ლიკლიკაძის სტატია გახლავთ. ის ცდილობს პასუხი გასცეს კითხვას: მართლაც უვარგისი იყო უკრაინისგან შეძენილი სამხედრო ტექნიკა თუ თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი ამ ტექნიკის გაძარცვის ფაქტის შენიღბვას ცდილობს. ”24 საათი” სვამს კითხვას: ”თუკი ზემოხსენებულმა დაკავებულმა ოფიცრებმა, “უკრაინის მხარისათვის უპირატესობის მინიჭების მიზნით”, მიიღეს ტექნიკა, რამდენად სანდო პარტნიორია უკრაინული სახელმწიფო სტრუქტურა? და თუკი იგი სანდო პარტნიორი არაა, მაშინ რატომ გრძელდება “უკრსპეცექსპორტთან” კონტრაქტი გაცილებით უფრო ძვირად ღირებული საბრძოლო ტექნიკის შეძენაზე?”. სტატიაში მოყვანილია ციტატა იმ ბრძანებიდან ”საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და უკრაინის სახელმწიფო კომპანია ”უკრსპეცექსპორტს” შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესრულების შესახებ”, რომლის ბოლო პუნქტშიც წერია: ”კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეს, პოლკოვნიკ ლ. ნიკოლეიშვილს”. ჟურნალისტი მკითხველს შეახსენებს: ”პოლკოვნიკი ლევან ნიკოლეიშვილი სულ მალე დააწინაურეს და იგი ამჟამად გენერალური შტაბის უფროსია. ბრძანებაში მოხსენიებული მე-2 და მე-3 ჯგუფის წევრები პოლკოვნიკი დ. ნატროშვილი და ვიცე-პოლკოვნიკი ბ.ბუქვაიძე, რომლებსაც ჯავშანტექნიკა უნდა მიეღოთ, დაკავებულები არიან ლოგისტიკის ყოფილ სარდალ პოლკოვნიკ მამუკა ლომსაძესთან ერთად”, - წერს ”24 საათი”.
XS
SM
MD
LG