Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნარკომანია და ნარკობიზნესი საერთაშორისო პრობლემაა და მას ყველა ქვეყანაში მეტ-ნაკლები


ნარკომანია და ნარკობიზნესი საერთაშორისო პრობლემაა და მას ყველა ქვეყანაში მეტ-ნაკლები წარმატებით ებრძვიან. საქართველო, სამწუხაროდ, ამ თვალსაზრისით, უდავოდ,

წარუმატებელი ქვეყნების რიგს განეკუთვნება. უფრო მეტიც, თვალსაჩინოა პარადოქსი, როცა ქვეყნის ხელისუფლება დეკლარირებულად ნარკომანიის დამარცხებას ერთ–ერთ მთავარ შიდა პრიორიტეტად მიიჩნევს, მაგრამ წლიდან წლამდე ამცირებს ამ სფეროს დაფინანსებას. ლოგიკურია შედეგიც: ნარკოდილერებისათვის გამოცხადებული ეგრეთ წოდებული დაუნდობელი ბრძოლის მიუხედავად, კატასტროფულად იზრდება ნარკოტიკის მომხმარებელთა რაოდენობა. ექსპერტთა შეფასებით, საქართველოში დღეისათვის 200 000 ნარკომანია აღრიცხული.

ქართველ ექსპერტთა შეფასებას არ ეთანხმება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ნარკოტიკებზე საერთაშორისო კონტროლის სტრატეგიის 2005 წლის ანგარიში. ანგარიშის თანახმად, სუბოტექსის კონტრაბანდის ხარჯზე, ნარკომანთა რიცხვი საქართველოში უკვე 275 000–მდე გაიზარდა. როგორც წესი, სტატისტიკური აღწერა ნარკომანიის მასშტაბის რეალურ სურათს ვერ ასახავს ხოლმე. რეალურად ზემოთ ნახსენები რიცხვები, შესაძლოა, რამდენიმეგზის გამრავლებასაც კი ექვემდებარებოდეს. ასეთ პირობებში ჯერაც არ არსებობს ნარკოტიკების მავნედ მოხმარების წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო სტრატეგია.

[გელა ლეჟავას ხმა]“ რასაკვირველია, სისტემა არ მუშაობს. მე მესმის შინაგან საქმეთა მინისტრის, რომელიც ამბობს, რომ ყველას ხომ ვერ დავიჭერთ. არც გვინდა, ყველა რომ დავიჭიროთ - რაში გვჭირდება. ცხოვრებაში ერთხელ უნდა მკურნალობა მიდიოდეს სახელმწიფოს ხარჯზე. არც ერთი ლარი არასოდეს არ გამოყოფილა ამისთვის. როგორც გითხარით, სავალდებულოსთვის არა. მერე კანონში ჩადებული იყო გარკვეული სპეციფიკა არასრულწლოვანებისთვის. ეს არ მუშაობს. ესე იგი, ფაქტიურად, არც ერთი ღონისძიება, რომელიც უნდა დაუპირისპირდეს ნარკომანიას, არ მუშაობს.“ (სტილი დაცულია)

არასრულფასოვნად მუშაობენ სტაციონარები, არ არსებობს ნარკომანთა სარეაბილიტაციო ცენტრები, კატასტროფულად მწირია საბიუჯეტო სახსრები. როგორც ნარკომანიის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გელა ლეჟავა შენიშნავს, გასული წლის 350 000 ლარიდან წლევანდელი წლის ბიუჯეტი 150 000–მდეა შემცირებული. მომავალი წლის ბიუჯეტი კი, სავარაუდოდ, 20 000 ლარით ნაკლები იქნება. ამ პერსპექტივას ნაწილობრივ უარყოფს საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე გიგი წერეთელი. მაშინ, როცა ნარკომანიის პრობლემის კომპლექსურად დაძლევა სახელმწიფოს ძალებს აღემატება, იგი ნარკოლოგებს, ჯანდაცვის სამსახურებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მოკლევადიანი პრიორიტეტების მკაცრად განსაზღვრისაკენ მოუწოდებს:

[გიგი წერეთლის ხმა]“ აი, ახლა ჩვენ გვჭირდება კონცენტრირება მოკლევადიან ნაბიჯებზე. გვჭირდება აუცილებელი მკურნალობა, იძულებითი მკურნალობა, რაც ჰუმანურია, ციხეში ჩასმასთან შედარებით, და რა გადაწყვეტილებაც სახელმწიფომ მიიღო, პოლიტიკის თვალსაზრისით. მაშინ უნდა ჩავდოთ კონკრეტულად ფული და შესაძლებელი იყოს იძულებით მკურნალობა, აბსტინენციის მოხსნა, პირველადი დახმარება. ეს უნდა იყოს მაქსიმალურად რეალისტური. შეიძლება იყოს მცირე, მაგრამ დასაწყისი იმ პრობლემის მოგვარების, რასაც დავისახავთ მიზნად, და გაისად ეს გავზარდოთ.“(სტილი დაცულია)

საქართველოს პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარის წინადადება, რასაკვირველია, მისაღებია ნარკომანიის სფეროში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვისაც. მოუსმინეთ, როგორ სახავს მოკლევადიან პრიორიტეტებს ევროკავშირისა და გაეროს სამხრეთ კავკასიის ანტინარკოტიკული პროგრამის ხელმძღვანელი ჯანა ჯავახიშვილი:

[ჯანა ჯავახიშვილის ხმა]“ სამი დიდი კომპონენტი არსებობს. ეს არის პრევენცია, მეორეა მკურნალობა და მესამეა რეაბილიტაცია. სამივე კომპონენტი პრიორიტეტულია. შეუძლებელია თქვა, რომ მარტო პრევენციით თავს გავართმევთ, მარტო რეაბილიტაციით თავს გავართმევთ. აი, ვთქვათ, ცოტა ნაივური იქნება ვთქვათ, რომ თუ რეაბილიტაციის ცენტრი გვექნება, პრობლემას მოვაგვარებთ. არა, ერთად არის საჭირო, კომპლექსურად, დაბალანსებულად. ამიტომ პირველ ეტაპზე, სავსებით ვეთანხმები ბატონ გიგის, რომ რეალისტური მასშტაბი უნდა ავიღოთ. თორემ უნდა იყოს პრევენციაც, მკურნალობაც და რეაბილიტაციაც.“(სტილი დაცულია)

მიუხედავად იმისა, რომ დღეისათვის საქართველოში, სახელმწიფოს პარალელურად, ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლაში აქტიურადაა ჩართული არასამთავრობო სექტორიც, არაეფექტურობის ნიშნით პრეტენზიები მათი მისამართითაც გაისმის - განსაკუთრებით საერთაშორისო პროექტების მისამართით. როგორც სახელმწიფო ნარკოპოლიტიკის განმსაზღვრელი საბჭოს თავმჯდომარე თამარ სირბილაძე შენიშნავს, უცხოელი დონორები ქართველ პარტნიორებს თავად უკარნახებენ პრიორიტეტებს:

[თამარ სირბილაძის ხმა]“ მთელი ეს ფინანსები, რაც შემოდის, კონცენტრირებულია, ფაქტიურად, თითქმის შიდსის პრევენციის თვალსაზრისით. ნარკოტიკების მომხმარებელთა მომსახურება და დანარჩენი ყველაფერი არის უყურადღებოდ მიტოვებული.“(სტილი დაცულია)

ნარკომანიის გავრცელებასთან ბრძოლის კამპანიაში ამიერიდან ერთვება ანტინარკოტიკული მედიაკლუბიც, რომლის საქმიანობის მთავარი მიზანი ნარკომანიის პრობლემის წინააღმდეგ საზოგადოების ინდიფერენტულობის დაძლევაა.
XS
SM
MD
LG