Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პენტაგონი ერაყელებს შორის მსხვერპლის რაოდენობის შესახებ


აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ, რომელსაც პენტაგონის სახელწოდებითაც ვიცნობთ, პირველად გაავრცელა ინფორმაცია ერაყელებს - უმთავრესად სამოქალაქო პირებს - შორის მსხვერპლის რაოდენობის შესახებ.

ეს არის ანგარიში, რომლის მიხედვით, 2004 წლის იანვრიდან დღემდე (ანუ თითქმის 2 წლის მანძილზე) 26 000-მდე ერაყელია დაიღუპული ან დაჭრილი მეამბოხეების თავდასხმების შედეგად. თუმცა, არსებობს სხვა მონაცემებიც და მათ მიხედვით, მსხვერპლი გაცილებით მეტია.

[აფეთქების ხმა] აფეთქების ხმა, ახლა რომ მოისმინეთ, ბაღდადში გასულ კვირაში, 24 ოქტომბერსაა ჩაწერილი. თუმცა აფეთქება (ბუნებრივია, ამათუ იმ მასშტაბის აფეთქება) ბაღდადში, ფაქტობრივად, ყოველ დღე ისმის. და არის მსხვერპლი, როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო პირებს შორის.

ერაყში ამერიკის ჯარების 2003 წლის მარტში შეჭრის შემდეგ ვაშინგტონი გამორჩეულ ყურადღებას უთმობს ჯარისკაცებს შორის მსხვერპლის - ძალადობის, თუ უბედური შემთხვევების შედეგად დაღუპული ამერიკელი სამხედროების - დათვლას. ბოლო ინფორმაციით, დაღუპული ამერიკელების რიცხვი 2 000-ს აღემატება.

მაგრამ, რაც შეეხება ერაყელებს შორის მსხვერპლს, პენტაგონი მათი დათვლით არ იყო დაკავებული - ბოლო დრომდე. ახლა კი ეს წესი, ჩანს, შეიცვალა.

როგორც საინფორმაციო სააგენტოები გუშინ იუწყებოდნენ, პენტაგონმა ამ თვეში კონგრესს მიაწოდა ცნობა, რომ 2004 წლის 1 იანვრიდან მოყოლებული, 26 000-მდე ერაყელია დაჭრილი და მოკლული. მათ შორის არიან როგორც სამოქალაქო პირები, ისე ერაყის უშიშროების უწყების მუშაკები.

მაინც, რატომ შეცვალა წესი პენტაგონმა, რატომ შეუდგა ერაყელი მსხვერპლის რიცხვის დადგენაზე ზრუნვას? რამდენიმე ამერიკელი ექსპერტის შეფასებით, უწინარეს ყოვლისა იმიტომ, რომ შექმნილია შთაბეჭდილება, თითქოს ამერიკელების სარდლობას მხოლოდ საკუთარი სამხედროების ბედი აღელვებდეს და ერაყელებზე დიდად არ ზრუნავდეს. ახლა, ერაყელებში მსხვერპლის რიცხვზე ინფორმაციის გავრცელებამ ეს შთაბეჭდილება რომ გააქარწყლოს კიდეც, რჩება კიდევ ერთი საგულისხმო შეკითხვა: რამდენად ზუსტია ამერიკელების მიერ გავრცელებული ინფორმაცია ერაყელებში მსხვერპლის რიცხვზე?

ერაყელი ჟურნალისტი, ჩვენი ბაღდადელი კორესპონდენტი მოიაედ ჰაიდარი აღნიშნავს, რომ სამოქალაქო მსვხერპლის რაოდენობაზე ზუსტი ინფორმაციის მოპოვება თითქმის შეუძლებელია.
[ჰაიდარის ხმა] ”ყოველდღიური ტერაქტების შედეგად დაღუპულების ან დაჭრილების რიცხვის დაზუსტებასთან დაკავშირებული ერთ-ერთი პრობლემა ის არის, რომ ადამიანები, რომლებმაც ოჯახის წევრები დაკარგეს, ერიდებიან პოლიციასთან კავშირის დამყარებას, ყველა ამ პროცედურის გავლას, რადგან ზოგს ტერორისტების შურისძიებისა ეშინია”.

შიშში არიან არა მარტო მსხვერპლის ახლობლები: ეშინიათ, როგორც ჩვენი ბაღდადელი კორესპონდენტი იუწყება, თვით პოლიციელებსაც. იყო შემთხვევები, როცა პოლიციელებს უარი უთქვამთ ამათუიმ ობიექტის შემოწმებაზე იქ ტერორისტების სავარაუდო იერიშების შიშით. და, ისევდაისევ შიშის გამო, ზოგი ერაყელი ახლობლის დაღუპვის შესახებ ინფორმაციას არ აწვდის ოფიციალურ უწყებას, ისე კრძალავს დაღუპულს.

ამ ფონზე პენტაგონი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ინფორმაცია დაღუპული ერაყელების რაოდენობაზე ზუსტი არ არის, შეფასებებს ეფუძნება. და მაინც - თვალშისაცემია სხვაობა, ერაყელი მსხვერპლის შესახებ პენტაგონისა და ზოგი სხვა წყაროს მონაცემებს შორის.
მაშინ, როცა პენტაგონი 26 000 მსხვერპლზე ლაპარაკობს, ბრიტანეთში სამედიცინო ჟურნალ “ლანცეტის” ერთი წლის წინანდელ პუბლიკაციაში ლაპარაკი იყო 98 000 დაღუპულზე - ერაყელებზე, რომელთა სიცოცხლე 2003 წელს ერაყში ამერიკელების შეჭრის შემდეგ შეიწირა ძალადობამ, ან ომთან დაკავშირებულმა სხვა მიზეზებმა.

ჟურნალში დაბეჭდილი გამოკვლევის ავტორები ამერიკის ქალაქ ბალტიმორის უნივერსიტეტში მოღვაწე მეცნიერები არიან. მათი კვლევის შედეგები უკვე არაერთხელ იყო კრიტიკის საგანი - უწინარეს ყოვლისა მას ბრიტანელი და ამერიკელი ოფიციალური პირები იწუნებენ.

მაგრამ რაც უნდა იყოს, რამდენიც უნდა იყოს ერაყელებს შორის მსხვერპლის რიცხვი, ერთ საკითხში ყველა გამოკვლევის ავტორებს შორის ერთსულოვნება სუფევს: ერაყში მსხვერპლის რიცხვი სულ უფრო მატულობს და დაჭრილები, დაღუპულები უწინარეს ყოვლისა სამოქალაქო პირები არიან. მაგალითი: შაბათს, 29 ოქტომბერს - საბარგო ავტომანქანის აფეთქებამ 30 კაცის სიცოცხლე შეიწირა. ეს აფეთქება ცენტრალური ერაყის ქალაქ ჰოვაიდერში მოაწყო თვითმკვლელმა თავდამსხმელმა.
XS
SM
MD
LG