Accessibility links

logo-print

შესრულდა თუ არა გასული 9 თვის ბიუჯეტი?


მიმდინარე წელს საქართველოს მინისტრთა კაბინეტმა სამჯერ მოითხოვა სახელმწიფო ბიუჯეტის გაზრდაზე პარლამენტის თანხმობა.

ხელისუფლება ირწმუნება, რომ ეს ეკონომიკის გამოცოცხლებითა და საბიუჯეტო შემოსავლების მატებითაა გამოწვეული. რა არის ბიუჯეტის კანონის გახშირებული შესწორებების რეალური მიზეზი და მართლაც გადაჭარბებით სრულდება ქვეყნის მთავარი საფინანსო გეგმა?

საქართველოს ხელისუფლებაში აღტაცებას ვერ ფარავენ 2005 წლის ბიუჯეტის მესამედ გაზრდის გამო. ამ ფაქტს აღნიშნავს საშუალო თუ მაღალი დონის ჩინოვნიკი, მათ შორის, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ”მთავრობის საქმიანობა მთლიანად არის ძალიან, ძალიან დადებითად შესაფასებელი და ეს უნდა ყველამ გაიაზროს და ეს, მართლაც, ჩანს ციფრებში. ჩვენ სამჯერ გავზარდეთ ბიუჯეტი...”

ოპოზიციას არაერთხელ გამოუთქვამს ეჭვი ამ 3-ჯერ გაზრდილი ბიუჯეტის რეალურობის გამო, თუმცა ეს ეჭვები პროფესიულად არავის დაუსაბუთებია. ამ ეჭვებზე პასუხის გაცემას, ევრაზიის ფონდის მხარდაჭერით, ”ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი” შეეცადა. 31 ოქტომბერს ამ ცენტრის ექსპერტმა რეზო საყევარიშვილმა ბიუჯეტის შესრულების 9 თვის მაჩვენებლების ანალიზი გამოაქვეყნა.

[რეზო საყევარიშვილის ხმა] ”ეს არის ხაზინიდან მიღებული ციფრები, სადაც, რა თქმა უნდა, ჩანს ის პოზიტიური ტენდენცია, რომელიც ჩანს შემოსავლების მობილიზების ნაწილში, ანუ აქ არის ზრდა. მაგრამ თავისთავად ეს ზრდა არანაირად არ ყოფნის იმ გასაწევ ხარჯებს, რომელიც ამ ბიუჯეტის მეორე ნაწილშია, ანუ გასავლების ნაწილშია. ეს ნიშნავს იმას, რომ ზრდა არის, მაგრამ არასაკმარისი.” (სტილი დაცულია)

”ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის” მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად, გაირკვა, რომ, 9 თვის მაჩვენებლების მიხედვით, ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის სრულად დასაფინანსებლად დამატებით 340 მილიონი ლარია საჭირო.

[რეზო საყევარიშვილის ხმა] ”რომ მომხდარიყო ყველა დაგეგმილი ხარჯის გაწევა, უნდა აკრეფილიყო 2 მილიარდ 238 მილიონი, რეალურად კი, მოგახსენეთ, რომ მილიარდ 898 მილიონია ბიუჯეტში მობილიზებული, რაც არის დაგეგმილის მხოლოდ 85 პროცენტი, ანუ გარღვევა 340 მილიონს აღწევს.”

ბიუჯეტის ამგვარად დაგეგმვის პრაქტიკა რეზო საყევარიშვილს იმის თქმის საფუძველს აძლევს, რომ მთავრობა ბიუჯეტის შემოსავლით ნაწილს განგებ დაბალს გეგმავს, რათა შემდეგ მისი გადაჭარბებით შესრულების ილუზია შექმნას. ამით საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი, მართლაც, იწონებდა თავს მინისტრთა კაბინეტის ერთ-ერთ ბოლო სხდომაზე:

[ზურაბ ნოღაიდელის ხმა] ” ქვეყნის საბიუჯეტო წარმატებები არის, ალბათ, ყველაზე მთავარი ინდიკატორი მთავრობის წარმატებების.”

საწინააღმდეგოს ფიქრობენ ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ექსპერტები. მათ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, მიმდინარე წლის საფინანსო გეგმა ძალიან წააგავს გასული წლების ბიუჯეტებს, ანუ მთელი დატვირთვა - როგორც შემოსავლით, ასევე ხარჯვით ნაწილში - საბიუჯეტო წლის ბოლოზე მოდის. ბიუჯეტის კანონის მიხედვით, დარჩენილ 2 თვეში საქართველოს მთავრობამ 900 მილიონზე მეტი შემოსავალი უნდა მიიღოს და 1 მილიარდ ლარზე მეტი ხარჯი გასწიოს.

[რეზო საყევარიშვილის ხმა] ”9 თვის ხარჯები, რომელიც ბიუჯეტში იყო დაგეგმილი, სრულად არ არის დაფინანსებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს უნდა დაემატოს წლის ბოლო კვარტალს, რომელიც ისედაც მძიმეა თავისი შინაარსით, და ამ ხნის მანძილზე მოხდეს ბაზარზე საკმაოდ დიდი რაოდენობის თანხის გამოსროლა, რაც შეიძლება უარყოფითი თვალსაზრისით აისახოს ინფლაციურ პროცესებზე.” (სტილი დაცულია)
XS
SM
MD
LG