Accessibility links

რატომ ჭირვეულობს ამინდი


თითქმის ერთი კვირაა, რაც საქართველოში გადაუღებლად წვიმს. სინოპტიკოსების ცნობით, გამოდარებას არც უახლოესი დღეების განმავლობაში უნდა ველოდეთ.

თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ნოემბერში საქართველოს ტერიტორიაზე, საშუალო მრავალწლიურ რაოდენობასთან შედარებით, მეტი ნალექი მოვა. წელიწადის ეს დრო, როგორც წესი, უხვტენიანობით გამოირჩევა, რაც, თავის მხრივ, უამრავ პრობლემას უქმნის მეწყერსაშიშ ზონაში მცხოვრებ ადამიანებს, რომლებმაც სტიქიის ძლევამოსილება სულ ახლახან საკუთარ თავზე გამოსცადეს, როცა ათობით უჯახი უსახლკაროდ დარჩა. რატომ ჭირვეულობს ამინდი და რა იწვევს მეწყერსა და წყალდიდობას?

საქართველოში ამინდის პროგნოზს ყველაზე ყურადღებით აჭარის, გურიისა და იმერეთის მაღალმთიან რაიონებში მცხოვრები ადამიანები ეცნობიან. სულ რაღაც ერთი თვის წინ წყალდიდობამ და მეწყერმა ათობით ოჯახს წლების განმავლობაში ნაგროვები ქონება და საცხოვრებელი წაართვა.

[ქალბატონის ხმა] „ფაქტობრივად, საცხოვრებელი სახლი აღარ გვაქვს. ყოველღამე მეზობლებთან ვიძინებთ. სახლში ვეღარ ვჩერდებით იმის გამო, რომ გვეშინია არ წაგვიღოს წყალმა.“

[ქალბატონის ხმა] „წყალს მივყავართ, წყალი შემოგვივარდა სახლში. ასეთი მდგომარეობა არის 82 წლიდან. არავინ ყურადღებას არ გვაქცევს.“

ადიდებულმა მდინარეებმა სერიოზული პრობლემები წარმოშვა აღმოსავლეთ საქართველოშიც - მცხეთა-მთიანეთში, შიდა ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში. იციან რა მდინარე დურუჯის ავი ზნის ამბავი, წვიმის მოსვლას გულის ხეთქით ხვდებიან ყვარლის რაიონშიც.

[მამაკაცის ხმა] „წყალი კი მოდიდებულია, მაგრამ ამ ეტაპზე საშიშროება არ არის, თუმცა, თუ გაგრძელდა ინტენსიურად ეს წვიმები, შეიძლება რაღაც პრობლემები შექმნას დურუჯმა.“

თუმცა, როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიის კათედრის გამგე, პროფესორი ნოდარ ელიზბარაშვილი ამბობს, პრობლემას არა მდინარეები, არამედ თავად ადამიანები ქმნიან, რომლებიც უმუწყალოდ აჩანაგებენ ტყეებს:

[ნოდარ ელიზბარაშვილის ხმა] „რომ ნახოთ ბახმაროს მიდამოები, რომ ნახოთ გურიაში ბჟუჟას მიდამოები... გომისთა არის მანდ... რომ ნახოთ ასევე საირმის მიდამოები, დარწმუნდებით, რომ ტყეები აღარ არსებობს. ეს არის ყველაზე ნალექიანი ადგილები, სუბალპური ზონა, სადაც მოდის 2000-2200 მილიმეტრი ნალექი. ეს ტერიტორიები არის მოშიშვლებული და მოსული წყალი ვეღარ ასწრებს ჩაჟონვას ნიადაგში, ანუ ბუნებრივი რეგულირება აღარ ხდება. წყალდიდობები ამასთან არის დაკავშირებული.“

ნოდარ ელიზბარაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოში წყალდიდობებსა და მეწყერს გარემოში მიმდინარე გლობალური ცვლილებები არ იწვევს. ენერგეტიკულ კრიზისს, რომელიც საქართველოში ათ წელიწადზე მეტია გრძელდება, ათასობით ჰექტარი ტყე შეეწირა:

[ნოდარ ელიზბარაშვილის ხმა] „გლობალური დათბობა ასე უცბად არ ხდება. გლობალურ დათბობას სჭირდება ათწლეულები და ასწლეულები. ეს არის ადგილობრივი, ლოკალური გამოვლინება... ეს წვიმები ადრეც მოდიოდა, მაგრამ ბუნება მზად იყო შეხვედროდა და გაეკეთებინა თვითრეგულირება. ახლა რომ გახვიდეთ და ნებისმიერი ხეობა რომ ნახოთ, არის კატასტროფული სიტუაცია: გზის პირას არის ტყე, შეხვალ, 20 მეტრს გაივლი და ტყე აღარ არსებობს.“

ნოემბერში მოსული უხვი ნალექი არ უკვირთ ჰიდრომეტეოროლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტში, რომლის წარმომადგენლის, ხათუნა გოგსაძის, თქმით, გამოდარებას არც უახლოესი 4-5 დღის განმავლობაში უნდა ველოდეთ:

[ხათუნა გოგსაძის ხმა] „რამდენიმე დღის განმავლობაში ეს წვიმები გაგრძელდება მთელ საქართველოში. შეიძლება პერიოდულად ინტენსივობამ იკლოს, მაგრამ მნიშვნელოვანი გამოდარება მოსალოდნელი არ არის.“

თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ სინოპტიკოსები ნოემბერში საშუალო მრავალწლიურ რაოდენობასთან შედარებით მეტ ნალექს ელიან.
XS
SM
MD
LG