Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთს ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარების სამშვიდობო გეგმის განხორციელების ვადა არ მოსწონს


აშშ-ისა და ეუთოს მიერ ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარების სამშვიდობო გეგმის მხარდაჭერა საქართველოს ხელისუფლებამ ,,თვისებრივად ახალი ეტაპის” დაწყებად გამოაცხადა.

გამოითქვა ამ პროცესში რუსეთის კონსტრუქციული მონაწილეობის იმედიც, თუმცა თავად მოსკოვი გეგმის რეალიზაციის ვადას არარეალურს უწოდებს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ორშაბათს გამოხატული ეს პოზიცია სამშაბათს დაადასტურა საქართველოში რუსეთის ფედერაციის ელჩმა. მის მიერ დასახელებული ერთი წელი თბილისში არასწორ ინტერპრეტაციად შეფასდა. მინდა საქართველოსა და რუსეთის უთანხმოების ბოლო მიზეზზე მოგითხროთ.

ავტორი იმ განცხადებისა, რომლის განმარტებისთვის სამშაბათს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ვლადიმერ ჩხიკვიშვილი მიიწვიეს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვალერი კენიაკინია. მან არარეალური უწოდა ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარების სამშვიდობო გეგმას და პრობლემის დაძლევისთვის განსაზღვრულ ერთ წელს. განსხვავებული არაფერი უთქვამს არც რუსეთის ელჩს. ვლადიმერ ჩხიკვიშვილმა საქართველოს მაგალითისთვის შეახსენა კვიპროსის პრობლემა, რომლის მოგვარების პროცესი, დიპლომატის განცხადებით, ოცდაათ წელზე მეტია გრძელდება:

[ვლადიმერ ჩხიკვიშვილის ხმა] ,,ამიტომ ერთ წელიწადში ჩვენ ეს არარეალურად მიგვაჩნია. კონფლიქტის მოგვარებისადმი აუცილებელია ეტაპობრივი მიდგომა, ისევე როგორც ეს საქართველოს პრეზიდენტმა სააკაშვილმა ნიუ-იორკში განაცხადა. მისი წინადადება სამ ეტაპს ითვალისწინებდა. მიგვაჩნია, რომ ნიუ-იორკის გეგმა გაცილებით რეალურია, ვიდრე ამჟამინდელი.”

ნიუ-იორკის გეგმაში იგულისხმება გასული წლის სექტემბერში საქართველოს პრეზიდენტის მიერ გაეროსთვის შეთავაზებული ინიციატივა, რომელიც ორივე კონფლიქტურ რეგიონს შეეხებოდა და ეტაპობრივად ითვალისწინებდა ნდობის აღდგენას, დემილიტარიზაციას, სამშვიდობო პროცესის ინტერნაციონალიზაციას და რეგიონებისთვის ფართო ავტონომიების მინიჭებას. წელს, იანვარში, პრეზიდენტმა სააკაშვილმა კონკრეტულად ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარების სამშვიდობო ინიციატივა ევროსაბჭოს წარუდგინა და რეგიონს ფართო ავტონომია, ადგილობრივი ხელისუფლების მიერ ეკონომიკური პოლიტიკის კონტროლი, ენისა და კულტურის დაცვა, რესტიტუცია, ეკონომიკური რეაბილიტაცია და მოსახლეობის დასაქმება შესთავაზა. ივლისში საქართველოში გამართულ სპეციალურ კონფერენციაზე კი პრეზიდენტმა ამ ინიციატივებს ცხინვალის რეგიონის გარანტირებული თვითმმართველობა, თავისუფალი ეკონომიკური ზონა და პენსიით მოსახლეობის უზრუნველყოფა დაამატა.
ოქტომბრის ბოლოს ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარების სამშვიდობო გეგმას მხარი დაუჭირეს აშშ-ის ადმინისტრაციამ და ეუთომ, რომლებსაც თბილისის სამშვიდობო ინიციატივები პრემიერ-მინისტრმა ნოღაიდელმა გააცნო. ამავე პერიოდში მოსკოვიდან დაბრუნებული სახელმწიფო მინისტრი გიორგი ხაინდრავა კონფლიქტის მოგვარების ახალი ეტაპის დაწყებაზე საუბრობდა:

[გიორგი ხაინდრავას ხმა] ,,შერეული საკონტროლო კომისიის სხდომაზე, რომელიც, გარკვეულწილად, საეტაპო სხდომა იყო, მიღებული არის დოკუმენტი, რომლის მნიშვნელობა - ყოველ შემთხვევაში, ქაღალდზე - არის უაღრესად დიდი, იმიტომ რომ, პირველად ჩვენს ურთიერთობებში, რუსულმა, ჩრდილოოსურმა და სამხრეთოსურმა მხარემ მხარი დაუჭირა კონფლიქტის მოგვარებას იმ სამეტაპიანი გეგმის საფუძველზე, რომელიც იყო პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ წარმოდგენილი ნიუ-იორკში.” (სტილი დაცულია)

სამშაბათს გიორგი ხაინდრავამ მოსკოვის ბოლო პოზიციას გაუგებარი უწოდა და განაცხადა, რომ რუსი კოლეგებისგან დასაბუთებული პასუხი ვერ მიიღო. რაც შეეხება რუსი დიპლომატების მიერ მოხსენიებულ ერთ წელს, სახელმწიფო მინისტრის განმარტებით, ეს ვადა განსაზღვრულია არა ქართულ-ოსური კონფლიქტის სრულად მოგვარების, არამედ კონკრეტული მოქმედების დასაწყებად. ქართული სამშვიდობო გეგმის ცხინვალში ჩატანას და ოსური მხარისთვის გაცნობას პრემიერ-მინისტრი და სახელმწიფო მინისტრი გასული კვირის ბოლოს აპირებდნენ. უამინდობის მოტივით გადადებული ამ ვიზიტის პერსპექტივა ჯერჯერობით გაურკვეველია. ამასთან, სამშაბათს რუსეთმა კვლავ განაცხადა, რომ ის ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარების ამჟამინდელი ფორმატის შეცვლას ეწინააღმდეგება. თბილისის შესაბამისი ინიციატივა, რომელიც შერეული საკონტროლო კომისიის რეფორმირებას და მასში ხმის უფლებით ეუთოს, ევროკომისიის და აშშ-ის ჩართვას ითვალისწინებს, ნოემბრის შუა რიცხვებში ლუბლიანაში დაგეგმილი მოლაპარაკებისას განიხილება. კონკრეტულად ევროკავშირმა ამ ინიციატივის განხორციელების შესაძლებლობა პოლიტიკურ საკითხად უკვე შეაფასა, რაც ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარებაში თვისებრივად ახალი ეტაპის დაწყების კონტექსტს ნაკლებად შეესაბამება.
  • 16x9 Image

    ნინო როდონაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან.

XS
SM
MD
LG