Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას დაეძებს ფინანსური პოლიცია თბილისის სუპერმარკეტებში


31 ოქტომბერს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიცია სუპერმარკეტების ქსელ ”პოპულიში” შევიდა და შემოწმების ჩასატარებლად ამ ქსელის 13 სავაჭრო

ობიექტი დალუქა. მანამდე, რამდენიმე კვირით ადრე, ფინანსური პოლიციის საგამოძიებო ქმედებათა განსახორციელებლად, დედაქალაქის მსხვილი სუპერმარკეტები და სავაჭრო ობიექტები იქნა დახურული. ამავე მიზეზით, არაოფიციალური ინფორმაციის თანახმად, მუშაობა შეაჩერა კომპანია ”ყაზბეგის” კონტრაქტანტმა რამდენიმე სადისტრიბუციო კომპანიამ. რას დაეძებს ფინანსური პოლიცია თბილისის სავაჭრო ობიექტებში?

ქართველ საქმოსნებს არაერთხელ გამოუთქვამთ კრიტიკა ახალი საგადასახადო კოდექსით დაწესებულ ეგრეთ წოდებულ საბუღალტრო წიგნის წარმოებასთან დაკავშირებით. მოკლედ გეტყვით, რომ ამ წიგნში ყოველდღიურად უნდა აღიწეროს მსხვილი თუ წვრილი კომპანიის მიერ წარმოებული ათიათასობით დასახელების პროდუქციის ნებისმიერი გადაადგილება. სწორედ ამ მოთხოვნის შეუსრულებლობა გახდა მიზეზი იმისა, რომ ფინანსურმა პოლიციამ სუპერმარკეტების ქსელის, ”პოპულის”, 13 სავაჭრო ობიექტი დალუქა.

[კარლო დოლიძის ხმა] ”ჩვენ გვქონდა ოპერატიული ინფორმაცია: “პოპულის” ქსელის მაღაზიებში არასწორად მიმდინარეობდა საბუღალტრო წიგნის აღრიცხვა, რომელიც კეთდება, სავარაუდოდ, იმისთვის, - ამას გამოძიება დაადგენს, ყოველ შემთხვევაში, - რომ რაც შეიძლება დიდი ოდენობით გადასახადები დაიმალოს.”(სტილი დაცულია)

ეს არის კარლო დოლიძე, ფინანსური პოლიციის თბილისის სამმართველოს უფროსის მოადგილე. მან ისიც მითხრა, რომ “პოპულის” მაღაზიების ბუღალტერიაში უკვე აღმოაჩინეს სრული ქაოსი. პრობლემებია იურიდიულ დოკუმენტაციასთან დაკავშირებითაც.

მანამდე ფინანსური პოლიცია თბილისის სხვა სუპერმარკეტებსაც ესტუმრა და ”სიმბას”, ”ზემელს” და ”დიპლომატს” ასიათასობით ლარის გადახდა დააკისრა ბიუჯეტის სასარგებლოდ, ოღონდ სულ სხვა მიზეზით. ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსს ლევან მხეიძეს მოვუსმინოთ:

[ლევან მხეიძის ხმა] ”რიგი იმპორტიორებისა შეგნებულად ამცირებს ფასებს საბაჟოზე. აქედან გამომდინარე, თუ ერთხელ იმალება საბაჟოზე გადასახადი, ის ავტომატურად გულისხმობს იმას, რომ ავტომატურად იმალება გადასახადი სივრცეშიც. ჩვენ გავედით მერე იმპორტიორებიდან დისტრიბუტორებზე, ხოლო შემდგომში დისტრიბუტორებიდან გავედით სუპერმარკეტებზე.”(სტილი დაცულია)

მე იმის გასარკვევად, მსგავს ქსელში მონაწილეობას “პოპულისაც” ხომ არ აბრალებენ, ამ კომპანიის სათავო ოფისთან დაკავშირება ვცადე, თუმცა უშედეგოდ: იქ ტელეფონს არავინ უპასუხა. იმავე შეკითხვაზე “პოპულის” ერთ-ერთი სუპერმარკეტის მენეჯერმა, თათა გოგოლაშვილმა, შემდეგი რამ განაცხადა:

[თათა გოგოლაშვილის ხმა] ”მაგდენს ვერ გეტყვით, მე არ ვარ ინფორმირებული. მე საქმის კურსში ვარ, რომ დღეს უნდა ჩატარდეს ინვენტარიზაცია და დღეს საღამოს უკვე გავიხსნებით.”(სტილი დაცულია)

უფრო მეტი ინფორმაცია გამოძიების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი. როგორიც უნდა იყოს ის, ბიზნესმენების დიდი უმრავლესობა მაინც ვერ ფარავს თავის უკმაყოფილებას ფინანსური პოლიციის და, საერთოდ, სახელმწიფო უწყებების ქმედებათა გამო. კომპანია ”ყაზბეგის” პრეზიდენტ გოგი თოფაძის კომენტარი:

[გოგი თოფაძის ხმა] ”სახელმწიფოც საკმაოდ აქტიურად არეკეტებს დღეს მეწარმეებს. პრაქტიკულად ისეთი კანონები მივიღეთ, რომ არც ერთი წარმოება აღარ მუშაობს დღეს საქართველოში.”

გოგი თოფაძის კომპანიის წარმომადგენლის თეა სხიერელის განცხადებით, რამდენიმე კვირაა ფინანსურ პოლიციას დალუქული აქვს “ყაზბეგის” კონტარქტანტი 3 კომპანია, რომლებიც “ყაზბეგის” პროდუქციის დისტრიბუციას ახორციელებდნენ. სხიერელისვე თქმით, “ყაზბეგის” დისტრიბუტორთა გაჩერებით “ყაზბეგის” კონკურენტი ფირმის დისტრიბუტორი კომპანიის მფარველები არიან დაინტერესებულნი და ერთ-ერთ მათგანს, სკანდალურად ცნობილ კობა ბექაურს, ასახელებს. ფინანსურ პოლიციაში კი “ყაზბეგზე” საუბარს გაურბიან და დისტრიბუტორი კომპანიების დალუქვის ფაქტს არც უარყოფენ და არც ადასტურებენ.
XS
SM
MD
LG