Accessibility links

logo-print

"ახალი ევროპის" დღევანდელი გამოშვება რუსეთის


"ახალი ევროპის" დღევანდელი გამოშვება რუსეთის

პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის მხრიდან ევროპის მისამართით გამოთქმულ უჩვეულოდ მწვავე კრიტიკას ეძღვნება. პუტინმა დღეს ოფიციალური ვიზიტი დაიწყო ჰოლანდიაში – ქვეყანაში, რომელიც ევროპის კავშირის ისტორიული წევრია და რომელიც რუსეთისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სავაჭრო პარტნიორს წარმოადგენს. ნიდერლანდებში ჩასვლამდე პუტინმა ტერორიზმის მიმართ ევროპის დამოკიდებულება სირბილის გამო გააკრიტიკა. მისი თქმით, ევროპელებს ტერორისტებთან ამოკიდებულებაში "დაშოშმინების ტრადიცია" ახასიათებთ. რამდენად ეფუძნება სიმართლეს პუტინის ეს შენიშვნა და რამდენად ემსახურება ის რუსეთის მხრიდან ჩეჩნეთში განხორციელებული პოლიტიკის გამართლებას?

ტერორიზმთან ბრძოლაში ევროპის მხრიდან გამოვლენილ სისუსტეებზე მსჯელობისას რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უჩვეულოდ პირდაპირი იყო.

ჰოლანდიურ გაზეთში – NRC Handelsblad-ში - დღეს გამოქვეყნებულ ინტერვიუში პუტინი ევროპული ქვეყნების მიმართ ბრალდებას გამოთქვამს. მისი თქმით, იმისათვის, რომ ძალადობა თავიდან აიცილონ, ამ ქვეყნებს ტრადიციულად ახასიათებთ აგრესორებსა და ექსტრემისტებთან მოლაპარაკებისა და მათი დაშოშმინების ტენდენცია.

პუტინის აზრით, ეს საშიში მსოფლმხედველობაა, რომელმაც არაერთი ტრაგედია მოიტანა.

ექსტრემისტების "დაშოშმინების" კონკრეტული მაგალითი პუტინს არც ისტორიიდან და არც თანამედროვე ეპოქიდან არ მოუყვანია. თუმცა, შესაძლოა, მას მხედველობაში ევროპის ქვეყნების მხრიდან ჩეჩენი მეამბოხეებისთვის თავშესაფრის გამოყოფა ჰქონდა.

პოლიტიკური პროცესების ანალიტიკოსები კი ყოფილი სუკის მოხელის მიერ ევროპაზე ამ თავდასხმის მიზეზად სხვა ფაქტორს ასახელებენ. მათი აზრით, პუტინს სურდა თავიდან აეცილებინა კრიტიკა იმ პრობლემატური სიტუაციის გამო, რომელიც რუსეთს ჩეჩნეთში აქვს შექმნილი. ჰოლანდიის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის წარმომადგენელი დიკ ლურდაიკი ასე ფიქრობს:

[ლურდაიკის ხმა] “პუტინის ეს გამოსვლა მე არ მაკვირვებს, ვინაიდან მისი კონტრტერორისტული სტრატეგია, რა თქმა უნდა, ჩეჩნეთში შექმნილ სიტუაციას ეყრდნობა. მას, პირველ რიგში, ჩეჩნეთში არსებული ვითარება აღელვებს და ცდილობს გამართლება მოუძებნოს პოლიტიკას, რომელსაც იქ ატარებს.”

თუმცა შედარების გაკეთება არც ისე იოლია. ჩეჩნეთში განვითარებული მოვლენების მასშტაბი ბევრად სცილდება იმ ტერორისტული აქტების მასშტაბს, რომლებიც ევროპის ქვეყნებში მოხდა – იქნება ეს მადრიდის მატარებლების აფეთქება თუ ლონდონის მეტროში განხორციელებული ტერაქტები, რომლებმაც, მთლიანობაში, 300-მდე ადამიანი შეიწირეს.

პრორუსულად განწყობილი ჩეჩნეთის მთავრობის მეთაურის ტაუს ჯიბრაილოვის მიერ ამ წლის აგვისტოში გავრცელებული მონაცემებით, რუსი სამხედროების, ჩეჩენი მეამბოხეებისა და მოქალაქეების ჩათვლით, 1994 წლის შემდეგ ჩეჩნეთში ას სამოცი ათასი ადამიანი დაიღუპა. ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციების შეფასებით, ეს რიცხვი გარდაცვლილთა რეალურ რაოდენობაზე ბევრად ნაკლებია.

ფრანგმა აქტივისტმა და ფილოსოფოსმა ანდრე გლუკსმანმა გასულ თვეში, პრაღაში ყოფნისას, თქვა, რომ, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ჩეჩნეთის ომის შედარება ევრაზიის არც ერთ კონფლიქტთან არ შეიძლება:

[გლუკსმანის ხმა] “არც ისე ხშირია სიტუაცია, როდესაც ჯარი 400, 000 მცხოვრებიან ქალაქს - მაგალითად, გროზნოს - ანადგურებს. ევროპაში – და, საერთოდ, მსოფლიოში – ეს უკანასკნელად ევროპის ჯარმა 1944 წელს გააკეთა – მაშინ, როდესაც ჰიტლერმა ვარშავა გაანადგურა.”

2001 წლის 11 სექტემბერს ნიუ-იორკსა და ვაშინგტონში განხორციელებულ ტერაქტებამდე, ჩეჩნეთის ტერიტორიაზე რუსეთის ქცევა ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციებისა და სხვადასხვა ქვეყნის მთავრობების მხრიდან ხშირად ხდებოდა კრიტიკის საგანი. მაგრამ 11 სექტემბრის შემდეგ მოსკოვი გარკვეული წარმატებით ახერხებს ჩეჩნების ამბოხების არა მოსკოვის დომინაციის წინააღმდეგ სახალხო ბრძოლად, არამედ ტერორისტულ ქმედებად წარმოჩენას.

ჰოლანდიური მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში პუტინმა კიდევ ერთხელ გაიმეორა კრიტიკა, რომ დასავლეთი ტერორისტებთან მიმართებაში "ორმაგ სტანდარტებს" ამჟღავნებს. მისი აზრით, მაშინ, როდესაც ევროპა ტერორისტების წინააღმდეგ მკაცრ პოლიტიკას არ ატარებს, მას რუსეთის კრიტიკის საფუძველი არა აქვს.

რაც შეეხება მოსაზრებას, რომ ევროპა ტერორს არც ისე მტკიცედ ებრძვის, პოლიტიკური პროცესების ანალიტიკოსი ლურდაიკი მიიჩნევს, რომ ასეთი შთაბეჭდილება იმის გამო შეიძლება შეიქმნას, რომ ევროპის კავშირს ჯერ კიდევ არა აქვს შემუშავებული ტერორიზმთან ბრძოლის ერთიანი პოლიტიკა. სახელმწიფოების დონეზე კონტრტერორისტული პოლიტიკა ახლა ჩამოყალიბების პროცესშია:

[ლურდაიკის ხმა] “ტერორიზმის წინააღმდეგ ერთიანი სტრატეგიის შემუშავებას დრო სჭირდება. 25 წევრიანი ევროპის კავშირი სწორედ ასე მუშაობს. თუ ერთიანი პოლიტიკის მიღება გვსურს, ამას დრო უნდა. და პუტინს სწორედ ეს არ მოსწონს.”

ტერორთან დაკავშირებული საკითხების გარდა, რუსეთის პრეზიდენტი ჰოლანდიის პრემიერ-მინისტრ იან პეტერ ბალკენენდესსა და სხვა ოფიციალურ პირებთან სავაჭრო ურთიერთობათა გაუმჯობესების შესახებ გამართავს შეხვედრებს. გერმანიის შემდეგ რუსეთისთვის ჰოლანდია ყველაზე დიდი პარტნიორი ქვეყანაა ვაჭრობის სფეროში. პუტინი დედოფალ ბეატრისსაც შეხვდება.
XS
SM
MD
LG