Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როდის დაიწყება “შალვა რამიშვილის საქმის” სასამართლო გამოძიება


საბაჟო ტერმინალი “ოპიზა” და მისი საქმიანობის კანონიერება არ არის ერთადერთი საქმე, რომელშიც პარლამენტარი კობა ბექაური საეჭვოდ ფიგურირებს. “ნაციონალური მოძრაობისЭ

აქტივისტი დეპუტატის სახელი უშუალოდ უკავშირდება სისხლის სამართლის საქმეს, რომელსაც აგვისტოს ბოლოს ტელეკომპანია “202”-ის პოპულარულ გადაცემა “დებატების” წამყვანის შალვა რამიშვილისა და არხის გენერალური დირექტორის დავით კოხრეიძის დაპატიმრება მოჰყვა. მაშინ დეპუტატმა კობა ბექაურმა, რომელსაც სხეულზე ფარული კამერა ჰქონდა მიმაგრებული, შალვა რამიშვილს ფული გადასცა, რათა ამ უკანაკსნელს ეთერით არ გადაეცა ჟურნალისტური გამოძიება, რომელშიც სწორედ ტერმინალ “ოპიზას” უკანონო საქმიანობაზე იყო საუბარი. რა ვითარებაშია ახლა რამიშვილის საქმე და შესაძლოა თუ არა პოპულარული ჟურნალისტის წინასწარი გამოძიება უსაშველოდ გაიწელოს?

ორ თვეზე მეტია, რაც პოპულარული ტელეწამყვანი შალვა რამიშვილი და არხის გენერალური დირექტორი დავით კოხრეიძე წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან. 27 აგვისტოს თითქმის ყველა ტელეარხით გავრცელებულ ე.წ. ოპერატიულ ვიდეომასალაზე ჩანდა, თუ როგორ აძლევს დეპუტატი კობა ბექაური 30 ათას დოლარს ჟურნალისტს. როგორც შემდეგ გაირკვა, ფარული კამერა თავად დეპუტატმა შეიტანა იმ ბინაში, სადაც შეხვედრა მოხდა. ბინა კი საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტის პრეს-ცენტრის უფროსს, ჟურნალისტ ირმა სტეფნაძეს ეკუთვნოდა. გამოძიების ვერსიით, შალვა რამიშვილმა დეპუტატისგან ფული აიღო იმისათვის, რომ ტელეარხ “202”-ის მეშვეობით არ გადაეცა ჟურნალისტური გამოძიება, რომელიც ადასტურებდა კობა ბექაურისა და მისი კუთვნილი საბაჟო ტერმინალის, “ოპიზას”, უკანონო საქმიანობას. ჟურნალისტმა შალვა რამიშვილმა აღიარა, რომ ფული, 30 ათასი დოლარი, მართლაც აიღო ბექაურისაგან, ოღონდ მხოლოდ იმ მიზნით, რომ დარჩენილი 70 ათასის გადაცემის ფაქტი უკვე თავად ჩაეწერა ფარული კამერით. ასეთია, ძალიან მოკლედ, ამ საქმის წინაისტორია. თუმცა ფაქტი ისაა, რომ შალვა რამიშვილი ციხეში ზის, დაზარალებული დეპუტატი ბექაური კი განაგრძობს საპარლამენტო მოღვაწეობას. საზოგადოებას აინტერესებს, როდის დამთავრდება წინასწარი და როდის დაიწყება სასამართლო გამოძიება, რომ უფრო ნათელი გახდეს “შალვა რამიშვილის საქმის” ანატომია. როგორც ირკვევა, წინასწარი გამოძიება 19 ოქტომბერს დასრულდა. პროცედურის თანახმად, მასალები გასაგზავნად დაზარალებულ ბექაურს გადაეცა, ერთი კვირის წინ კი წინასწარი გამოძიების მასალების შესწავლა ბრალდებულის მხარემ დაიწყო. წინასწარ პატიმრობაში მყოფი შალვა რამიშვილისა და დავით კოხრეიძის ადვოკატი გოჩა სვანიძე ჩამოთვლის პროცედურებს, რაც სასამართლო გამოძიებამდეა გასავლელი.

[გოჩა სვანიძის ხმა]

ადვოკატი გოჩა სვანიძე აცხადებს, რომ წინასწარი გამოძიება შემჭიდროებული ვადებით მიდის და მისი ხელოვნური გაჭიანურების საფრთხე არ არსებობს, როგორც ეს სხვა რეზონანსული საქმეების გამოძიების დროს მომხდარა საქართველოში. ადვოკატი დარწმუნებულია იმაშიც, რომ შალვა რამიშვილის პროცესზე ყველა მოწმე კიდევ ერთხელ დაიკითხება და ნაწილობრივ იმის იმედიც აქვს, რომ სასამართლო გამოძიების სხდომა ღია იქნება.

[გოჩა სვანიძის ხმა]

რაც შეეხება შალვა რამიშვილს, იგი წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება, თავს კარგად გრძნობს და დარწმუნებულია, რომ სასამართლო გამოძიების დროს ბევრ რამეს მოეფინება ნათელი.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG