Accessibility links

logo-print

უმუშევართა და პენსიონერთა მოძრაობა მდუმარე აქციისთვის ემზადება


სოციალურად დაუცველი მოქალაქეების უფლებების დამცველი მოძრაობა, სახელწოდებით „ჩვენ ვიწყებთ“, რომელიც ერთი თვის წინ შეიქმნა



და მიზნად პენსიონერთა, უმუშევართა, მეანაბრეთა და კოოპერატიული ბინათმშენებლობების წევრთა უფლებების დაცვა დაისახა, ხელისუფლების წინააღმდეგ საპროტესტო აქციების მოწყობას გეგმავს. საქმე ისაა, რომ გავიდა ხელისუფლებისთვის წაყენებული ულტიმატუმის ერთთვიანი ვადა. მოძრაობის ლიდერები ხელისუფლებისგან სამუშაო ადგილების შექმნას, მეანაბრეთათვის დანაზოგების დაბრუნებასა და კოოპერატიული მშენებლობის წევრთა ბინებით დაკმაყოფილებას მოითხოვენ, თუმცა, როგორც მოსალოდნელი იყო, ხელისუფლებამ ამ მოთხოვნებს დუმილით უპასუხა. რას აპირებენ ერთი თვის წინ დაფუძნებული მოძრაობის წევრები?

მოძრაობის წევრებმა ხელისუფლების დუმილი გამოწვევად მიიღეს. ისინი ახლა საკადრისი პასუხის გასაცემად ემზადებიან.

გია ბერძენიძე, ლიდერი ორგანიზაციისა „ჩვენ ვიწყებთ“, ამბობს, რომ აქცია, პირობითი სახელწოდებით „დუმილი რეკავს“, 4 ნოემბერს თბილისის მერიის წინ გაიმართება:

[გია ბერძენიძის ხმა] „4 ნოემბერს, 4 საათზე, მერიის წინ გაიმართება მდუმარე საპროტესტო აქცია „დუმილი რეკავს”. მართალია, საჯარო განცხადებებს არ გავაკეთებთ, მაგრამ ჩვენი შეკრებით ხელისუფლებას შევახსენებთ, რომ ქვეყანა ხვალ და ზეგ შეიძლება ჩადგეს უფრო რთულ მდგომარეობაში, რაც ჩვენ თვითონ არ გვაწყობს.“(სტილი დაცულია)

გია ბერძენიძის თქმით, 4 ნოემბერს, 12 საათზე, მოძრაობის წევრები, სოციალურად დაუცველი ადამიანები და მათი მხარდამჭერები შეიკრიბებიან. რა უნდათ ამ ადამიანებს - რამ გააერთიანა ისინი და რას ითხოვენ ხელისუფლებისგან?

[მამაკაცის ხმა] „პირველ რიგში ხალხის გადარჩენაა. აგერ ზეიმს მართავ და მეორეს იქვე მიასვენებენ. ეგ არის კაცობა, ხელმძღვანელობა და მთავრობა? ყველას გვინდა გაკეთებული ქუჩები და ბაღები, მაგრამ ეგ არის ყველაფერი? პირველ რიგში, გაჭირვებულს უნდა უშველო, მშრომელს უნდა უშველო.“(სტილი დაცულია)

[ქალბატონის ხმა] „ჩვენ არ მოვეშვებით, გავერთიანდებით. დღეს თუ 2 ათასი არ ვართ, სულ მალე 5 და 10 ათასი ვიქნებით. არ მოვეშვებით!.. ჩვენ უნდა მივაღწიოთ ჩვენსას, ჩვენი უფლებები უნდა დავიცვათ, ჩვენ ზედმეტს არაფერს ვთხოულობთ.“

აქციის მონაწილეთა შორის უთუოდ იქნებიან მოტყუებული მეანაბრეები.

[ქალბატონის ხმა] „დანაზოგი გვქონდა შეტანილი ანგარიშზე, გვპირდებოდნენ, ინდექსაცია გაკეთდება და მოგცემთ ამ თანხასო, მაგრამ დღემდე არაფერი ჩანს, დავრჩით უმოწყალოდ. სხვა საარსებო წყარო ჩვენ არ გაგვაჩნია... 50 წელი ვემსახურე ხალხის ჯანმრთელობას, მაგრამ ახლა აღარაფერი გამაჩნია ქვეყანაზე, - აღარც ბინა და აღარც თანხა, - რომ ჩემს თავს ვუშველო.“

არადა, მოქმედი ხელისუფლება არ მალავს, რომ უახლოეს მომავალში არ აპირებს წინამორბედისგან მემკვიდრეობით მიღებული ვალის გასტუმრებას.

[დეპუტატის ხმა] „ეს საკითხი შეიძლება ოდესღაც მდიდარმა, წელში გამართულმა და ყველანაირად მაღალ დონეზე მყოფმა საქართველომ განიხილოს და, როგორც საჩუქარი, საკუთარ ხალხს დაუბრუნოს ანაბრები. ოღონდ დღეს ათი წლის წინანდელ დამნაშავე ხელისუფლების დანაშაულზე ლაპარაკს, მაშინ როცა ძალიან სერიოზული ამოცანები აქვს ქვეყანას წინ, დემაგოგიურ ლაპარაკს არ გირჩევთ.“(სტილი დაცულია)

ხელისუფლების გულისხმიერების იმედი არც უმუშევრად დარჩენილ გელა ქოქაშვილს აქვს, თუმცა იგი 4 ნოემბრისათვის დანიშნულ აქციაზე მისვლას მაინც აპირებს:

[გელა ქოქაშვილის ხმა] „მაინცდამაინც არ გვაქვს იმედი, რომ შეისმენენ, მაგრამ ჩვენ თუ ჩვენი წუხილი არ გამოვხატეთ, მკაფიოდ არ ვთქვით ჩვენი სათქმელი და „მშვიდობიანი ძალისმიერი მეთოდებით“ არ მივაწექით, ისე არაფერი გამოვა. ...და დუმილი, ხომ იცით, რისი ნიშანია? დუმილი ეს არის „სიწყნარე ქარიშხლის წინ“, როგორც რუსები იტყვიან.“

უმუშევართა, ვეტერან პენსიონერთა და სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა საორგანიზაციო კომიტეტი, ცხადია, ერთი აქციით არ დაკმაყოფილდება. გია ბერძენიძის თქმით, ნოემბრის მეორე ნახევარში გაიმართება მოძრაობის ყრილობა, რომლის დელეგატებსაც სპორტის სასახლე უმასპინძლებს.
XS
SM
MD
LG