Accessibility links

logo-print

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის რეფორმის წინააღმდეგობრივი ფონი –დებატები პარლამენტში


საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის რეფორმირებასთან დაკავშირებულმა სჯა–ბაასმა დღეს საქართველოს პარლამენტის შენობაში გადაინაცვლა. განათლების მინისტრმა კახა ლომაიამ

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრებს განსახილველად წარუდგინა პროექტი, რომელიც რადიკალურად ცვლის აკადემიის დაფინანსების პრინციპებს. აკადემიის, როგორც საბჭოური გადმონაშთის, დაშლის გეგმას დეპუტატები მეცნიერების რეპლიკების ფონზე გაეცვნენ.

დღევანდელი სხდომა, რომელშიც განათლების სამინისტროს წარმომადგენლებსა და დეპუტატებთან ერთად 100–ზე მეტი მეცნიერი ღებულობდა მონაწილეობას, გარკვეულწილად, საეტაპოდაც კი შეიძლება იქცეს. ამის უმთავრესი მიზეზი კი ისაა, რომ მხარეებს კონკრეტული პროექტების გარშემო სჯა–ბაასის საშუალება მიეცათ. სამინისტროსთან დიალოგი კი, რის დეფიციტზეც მეცნიერები სისტემატურად ჩიოდნენ, ამის შემდეგ თანამშრომლობაში უნდა გადაიზარდოს. ყოველ შემთხევევაში, ეს ითვლება მეცნიერებათა აკადემიაში დაგეგმილი რეფორმის ურთიერთკონფრონტაციულ კალაპოტში ჩაყენების საშუალებად. სხდომაზე კი არაერთხელ ითქვა ის, რომ რეფორმას ალტერნატივა არა აქვს და მისი გარდაუვალობის საკითხი სადავოს არც ერთი მხარისთვის აღარ წარმოადგენს. რეფორმას ემხრობა აკადემიკოსი ირაკლი ჟორდანიაც, თუმცა...

[ირაკლი ჟორდანიას ხმა]“ აქ არის, ალბათ, მთავარი სადავო საკითხი - აკადემიური ინსტიტუტები უნდა ფინანსდებოდნენ და იმართებოდნენ აკადემიის პრეზიდიუმის და მისი ხელმძღვანელობის მიერ თუ უნდა იმართებოდეს და ფინანსდებოდეს საქართველოს მეცნიერებისა და განათლების სამინისტროს მიერ. როგორც ერთს, ისე მეორეს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი. მთავარია, იყოს ნორმალური მართვა, თანამედროვე დონეზე, და იყოს ნორმალური დაფინანსება, რომ მეცნიერება არ გაიყინოს და, პირიქით, ჰქონდეს გარკვეული პროგრესი.“ (სტილი დაცულია)

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მეცნიერთა ფართო სამსჯავროზე წარდგენილი გეგმა ძირეულად ცვლის საქართველოში მეცნიერების ორგანიზაციის სისტემას. კერძოდ, განსაზვრავს მეცნიერების 4 ძირითად ფუნქციას და დაინტერესებულ საზოგადოებას იმ პრიორიტეტების ჩამოყალიბებისკენ მოუწოდებს, რომელთაც მეცნიერება უნდა დაეყრდნოს. თუმცა კი მანამ, სანამ ეს პრიორიტეტები დაკონკრეტდება, ცნობილია, რომ საქართველოს მთავრობა სახელმძღვანელოდ და ორიენტირად ევროკავშირის პრიორიტეტებს ირჩევს. მაინც რა პრინციპებს უნდა დაეყრდნოს საქართველოში მეცნიერების ორგანიზაციის სისტემა და რა ფუნქციები უნდა ჰქონდეს მეცნიერებათა აკადემიას? როგორც კახა ლომაია განმარტავს, მეცნიერებათა აკადემია უმაღლეს საპატიო სამეცნიერო დაწესებულებად, პრეზიდენტის კოლექტიურ მრჩევლად და საქართველოში მიმდინარე სამეცნიერო კვლევების კოორდინატორ ორგანოდ უნდა იქცეს. სისტემის რეორგანიზაცია კი აკადემიის სისტემაში მოქმედი კვლევითი ინსტიტუტების საჯარო სამართლის იურიდიულ პირად გადაქცევით უნდა დაიწყოს. სწორედ ამ უკანასნკელ ცვლიელებას უნდა დაეყრდნოს დაფინანსების ახალი სისტემაც. კერძოდ, კვლევით ინსტიტუტს საჯარო იურიდიულ პირად რეგისტრაციის შემდეგ ექნება საბიუჯეტო დაფინანსება, საკუთარი საბანკო ანგარიში და გრანტების მიზიდვის საშუალება. ანუ, განათლების სამინიტროს ხედვით, აკადემიის პრეზიდიუმს თანხების თავისი შეხედულებისამებრ განკარგვის უფლება უპირობოდ უნდა ჩამოერთვას.“

[კახა ლომაიას ხმა]“მაგალითად, დაფინანსება 2005 წელს ინსტიტუტებს ჰქონდათ ერთი, 2006 წლის იმ პროექტში, რომელიც აკადემიამ წარმოადგინა წელს, არის სულ სხვა: ზოგიერთ ინსტიტუტს მოაკლდა, ზოგიერთ ინსტიტუტს მოემატა, რის საფუძველზე გაკეთდა ან ერთი, ან მეორე, ძალიან ძნელი სათქმელია. ამ შემთხვევაში საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამისად, უჩნდება თავისი დამოუკიდებელი სტრიქონი დაფინანსებაში, ანუ ეს არის დაცული და გარანტირებული კანონი.“

საქართველოს განათლების მინისტრის კახა ლომაიას მიერ წარმოდგენილ გეგმას მეცნიერებმა თავიანთი ალტერნატიული პროექტით უპასუხეს.

[მარიკა ლორთქიფანიძის ხმა]“ ამ პროექტის მიზანი ის არის, რომ აკადემიამ მთელი თავისი ფუნქციებით შეინარჩუნოს არსებობა, რომ ნელ–ნელა არ ჩამოართვან ფუნქციები. ართმევენ ნელ–ნელა ფუნქციებს აკადემიას. ვითომ არ აუქმებენ, მაგრამ, ფაქტობრივად, ნელ–ნელა გაუქმდება.“

ქალბატონ მარიკა ლორთქიფანიძეს წარდგენა, ალბათ, არც კი სჭირდება. მრავალწლიანი ნაყოფიერი სამეცნიერო მოღვაწეობის შემწეობით, მის დარად, ქართველ მეცნიერთა დიდი ნაწილი საზოგადოებისათვის ახლაც კარგად ცნობადი სახეა. სტატისტიკით, ქართველ მეცნიერთა 2–3 ხანდაზმულ ასაკსაა მიღწეული, თუმცა, ამის მიუხედავად, მათ პოზიციების დამაჯერებლად დაცვა არ უჭირთ. მეცნიერებათა აკადემიის რეფორმირების საპროექტო შერკინება, როგორც მოსალოდნელი იყო, ხმაურიანი და დაძაბული გამოდგა. თუმცა, როგორც თავიდანვე ითქვა, ესეც ერთგვარი დიალოგია, რომელიც მომავალშიც გაგრძელდება.
XS
SM
MD
LG