Accessibility links

logo-print

ყველაზე ცნობილი ქართული არჩევნებიდან 2 წელი გავიდა

  • ნინო როდონაია

დღეს ზუსტად 2 წელი შესრულდა 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებიდან, რომელმაც სათავე დაუდო ,,ვარდების რევოლუციად” წოდებულ მოვლენებს.

ამომრჩეველთა უფლებების დაცვის საბაბით დაწყებული პროცესი საქართველოს ხელისუფლების შეცვლით დასრულდა.
თუმცა ორი წლის წინანდელმა ორმა ნოემბერმა ქვეყნის ამჟამინდელ პარლამენტს მემკვიდრეობით მაჟორიტარ დეპუტატთა ნაწილიც დაუტოვა. მინდა შარშანწინდელი ნოემბრის რამდენიმე დღე გავიხსენო.

ხელისუფლებას რომ, შეიძლებოდა, სერიოზული პრობლემები შექმნოდა, ამის თაობაზე ორი წლის წინანდელი ოპოზიციის ლიდერებმა ედუარდ შევარდნაძის მთავრობა 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებამდე 1 დღით ადრეც გააფრთხილეს. საუბარი იყო სასამართლოსთვის წარდგენილ სარჩელზე, რომლის ავტორი ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ნინო ბურჯანაძისთვის რეგისტრაციის გაუქმებას მოითხოვდა. თუმცა მაშინ ამ მოთხოვნაზე უარი თავად მომჩივანმა თქვა. 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებში 12 პარტია და 9 ბლოკი მონაწილეობდა. მათგან პირველი სამი ადგილის მფლობელის ვინაობა საარჩევნო ადმინისტრაციამ, წინასწარი წესით, მეორე დღესვე გამოაქვეყნა. პირველი აღმოჩნდა შევარდნაძის ბლოკი ,,ახალი საქართველოსთვის”, მეორე - სააკაშვილის ,,ნაციონალური მოძრაობა,” მესამე კი - ნათელაშვილის ,,ლეიბორისტული პარტია.” წინასწარი შედეგები გამოქვეყნებისთანავე გააპროტესტა ოპოზიციამ, რომელმაც რუსთაველის გამზირი გადაკეტა და ხელისუფლებას ნაციონალების გამარჯვების აღიარება მოსთხოვა:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ,,ჩვენ არ ვაპირებთ უკან დახევას. ან ნაციონალური მოძრაობის პირველი ადგილი, ან შევარდნაძის დაუმსახურებელი პენსია.” (სტილი დაცულია)

მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნა რამდენჯერმე შეიცვალა - ჯერ ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნად გადაკეთდა, საბოლოოდ კი, პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის გადადგომის ულტიმატუმად იქცა. თავად შევარდნაძე 2 ნოემბრის არჩევნებს დემოკრატიულს უწოდებდა, ოპოზიციას კი ჯერ სასამართლოში ჩივილის, შემდეგ კი დიალოგისკენ მოუწოდებდა:

[ედუარდ შევარდნაძის ხმა] ,,ბატონ ზურაბთან შეიძლება საუბარი, ქალბატონ ნინოსთან შეიძლება. თვით მთავარსარდალთან, იცით თქვენ, ვინც მყავს მხედველობაში, იმასაც დაველაპარაკები, ოღონდ არ იყოს სამოქალაქო დაპირისპირება. ძვირფასო თბილისელებო, საქართველოს მოქალაქენო, არაფერი სეირის საყურებელი აქ არ იქნება, არავითარი თეატრალიზებული დადგმა არ იქნება. ის, რაც იქ უნდა გაკეთდეს დღეს, როგორც გვეუბნებიან, ათიათასობით და ასიათასობით ადამიანი შეკრიბონ, შეიძლება ვერაფერი ვერ შეკრიბონ, მაგრამ ხომ არის თეორიული შესაძლებლობა, არა?!” (სტილი დაცულია)

თეორიული შესაძლებლობა რეალობად იქცა, ისევე როგორც მიხეილ სააკაშვილის, როგორც ქვეყნის მთავარსარდლის, ოფიციალური სტატუსი. მანამდე კი, 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგების მიხედვით, ნაციონალებმა მეორედან მესამე ადგილზე გადაინაცვლეს, ბურჯანაძე-დემოკრატებმა მე-5 პოზიცია დაიკავეს, არჩევნებიდან ოც დღეში პარლამენტის პირველი სხდომა დაინიშნა და მასზე, ვარდით ხელში, მიხეილ სააკაშვილი მივიდა. თავად 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევდა დსთ-ის მისია, რომელიც, როგორც წესი, წევრ ქვეყნებში ჩატარებული არჩევნებისადმი კრიტიკით არ გამოირჩევა. 2 ნოემბრის არჩევნების გაყალბებაზე ჯერ კიდევ არჩევნებამდე საუბრობდა ასლან აბაშიძე, რომელიც ეჭვის დასადასტურებლად აჭარაში რეფერენდუმის დანიშვნასაც კი აპირებდა:

[ასლან აბაშიძის ხმა] ,,ჩვენ რეფერენდუმს ჩავატარებთ. ალბათ, მოსახლეობაც თავის აზრს გამოხატავს, რომ ვიცოდეთ ნამდვილად, ჩვენ სწორი ვართ თუ არა, როდესაც ამ დასკვნებს ვაკეთებთ.” (სტილი დაცულია)

ერთი რეფერენდუმი ორი წლის წინ, მართლაც, შედგა. 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების პარალელურად საქართველოს მოსახლეობამ მხარი დაუჭირა დეპუტატთა რაოდენობის 235-დან 150-მდე შემცირებას. არჩევნების შედეგებისგან განსხვავებით, ეს გადაწყვეტილება მისაღები აღმოჩნდა რევოლუციის შემდგომი ხელისუფლებისთვის, რომელმაც 2 ნოემბრის რეფერენდუმის შედეგი კონსტიტუციაში ასახა. ზუსტად ორი წლის წინ დაწყებული პროცესები არ შეხებია არც ამჟამინდელი პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატთა უდიდეს ნაწილს, რომელმაც პარლამენტის წევრის სტატუსი სწორედ 2 ნოემბრის არჩევნების შედეგად მიიღო. ორი წლის წინანდელი არჩევნების გაყალბების ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, თუმცა ეს საქმე დღეს აღარავის ახსოვს. გაურკვეველი დარჩა ისიც, თუ რა და ვინ იყო არასრულყოფილი საარჩევნო სიების მიზეზი. 2 ნოემბრის არჩევნებიდან თითქმის ორი წლის თავზე საარჩევნო სიებში საკუთარი თავი ბევრმა მოქალაქემ ვერც ბოლო ერთი თვის წინანდელი შუალედური საპარლამენტო არჩევნებისას აღმოაჩინა.
XS
SM
MD
LG