Accessibility links

logo-print

შეძლებს თუ არა რუსეთი საქართველოს გაუძვიროს ან საერთოდ შეუწყვიტოს გაზის მიწოდება


ახლოვდება 1 იანვარი - თარიღი, როდესაც გაზის მიწოდების თაობაზე საქართველოსა და რუსეთს შორის არსებული ხელშეკრულების მოქმედების ვადა იწურება.

ხელშეკრულების გაგრძელების მიზნით ერთი თვის წინ გამართული მოლაპარაკება უშედეგოდ დამთავრდა. მხარეები გაზის ტარიფზე ვერ შეთანხმდნენ. როგორც ცნობილია, რუსი პოლიტიკოსები საქართველოსთვის ბუნებრივი აირის საფასურის 65-დან 110-120 აშშ დოლარამდე გაზრდას მოითხოვენ. რა საპასუხო ზომებს მიმართავს საქართველო?

ამ დღეებში რუსულენოვანმა ინტერნეტგამოცემებმა საქართველოს სახელმწიფო მინისტრის კახა ბენდუქიძის ინტერვიუ გაავრცელეს, რომელშიც კახა ბენდუქიძე რუსული გაზის გაძვირების თუ შეწყვეტის ალტერნატივებზე საუბრობს. მანამდე ოფიციალური თბილისი ყველანაირად თავს იკავებდა ამ საკითხზე კონკრეტული პასუხის გაცემისაგან. მაგალითისთვის პარლამენტარების კითხვაზე ენერგეტიკის მინისტრის ნიკა გილაურის პასუხიც გამოდგება:

[ნიკა გილაურის ხმა] ”... რომელი ახალი ფასები? - გაზის იმპორტის ახალი ფასები. - რომელი ახალი ფასები, არ ვიცი. - მე გეკითხებით, რა იქნება ახალი ფასი? - თქვენ თუ იცით რამე. თუ არა, მე არ ვიცი ახალი ფასები.”

გილაურისგან განსხვავებით, რეალობას თამამად უსწორებს თვალს საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ეკონომიკური და სტრუქტურული რეფორმების საკითხებში კახა ბენდუქიძე. იგი ”ვრემია ნოვოსტეის” კორესპონდენტისთვის მიცემულ ინტერვიუში იმის დასაბუთებას ცდილობს, რომ საქართველოსთვის გაზის საფასურის გაძვირება რუსეთისთვისაა წამგებიანი:

”აი, რუსეთი ამბობს: საქართველოს არ მივაწვდით გაზსო. მაშინ საქართველო უპასუხებს: ჩვენ გაზსადენის დემონტაჟს მოვახდენთ. მაშინ როგორღა მიაწვდით გაზს სომხეთს? როგორ? ვერანაირად. ჩვენ შეგვიძლია გაზის მიღება აზერბაიჯანიდან მომავალ წელს. გამოიცანით, რა შანსი აქვს სომხეთს აზერბაიჯანიდან გაზის მიღების? გინდათ საქართველოს დასჯა, მაგრამ სომხეთის დასჯა გამოგივათ. ამას მე იმიტომ ვამბობ, რომ ფიქრია საჭირო.”

ბენდუქიძის ამ მოსაზრებას არ ეთანხმება ენერგეტიკის ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე და აცხადებს, რომ მომავალ წელს აზერბაიჯანიდან გაზს ვერ მივიღებთ. მისი განცხადებით, 2006 წელს მხოლოდ გაზსადენის მშენებლობის დამთავრებაა ნავარაუდევი, ხოლო გაზის მიღება 2007 წლის ბოლოსთვის იგეგმება. მე სანდრო თვალჭრელიძეს ისიც ვკითხე, დააკმაყოფილებს თუ არა მხოლოდ შახდენიზის ნავთობსადენიდან მიღებული გაზი საქართველოს მოთხოვნილებებს.

[სანდრო თვალჭრელიძის ხმა] ”პირველ წელს ნამდვილად არა. ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ 5 პროცენტი უფასოდ 2007 წელს გადაზიდული გაზისა და 1,5 პროცენტი შეგვიძლია ვიყიდოთ 55 დოლარად. არ ვიცი, რამდენს გადაზიდავენ ამ 2007 წელს.”

სანდრო თვალჭრელიძე რუსეთთან თანამშრომლობის მომხრეა და ფიქრობს, რომ ჩრდილოელ მეზობელთან ერთობლივი პროექტების განხორციელებით შესაძლებელია გაზის თემა პოლიტიკური ზეწოლის საგნად აღარ იქცეს. თუმცა კი ვითარებას ის ართულებს, რომ თბილისმა გადაიფიქრა ტრანსკავკასიური გაზსადენის რუსეთისთვის მიყიდვა, რითაც მოსკოვი სისხლხორცეულად იყო დაინტერესებული. კახა ბენდუქიძე აცხადებს, რომ რუსეთს სურვილის მეტი არაფერი გამოუთქვამს და საქმე ფასის დასახელებამდეც კი არ მისულა.

რეალურად კი მოლაპარაკების ჩაშლა განაპირობა შეშფოთებამ ამერიკის შეერთებული შტატებისა, რომელმაც შემდგომ, მილენიუმის პროგრამის ფარგლებში, გაზსადენის რეაბილიტაციისთვის 40 მილიონი დოლარი გამოყო. ნავთობისა და გაზის ექსპერტ ლიანა ჯერვალიძის კომენტარი:

[ლიანა ჯერვალიძის ხმა] ”ჩვენი სახელმწიფო ვერ მოახდენს ამ გადაწყვეტილებების მიღებაზე ზეგავლენას. ეს არის საერთაშორისო პოლიტიკის დიდი თამაშები. ამიტომ ჩვენ უნდა მოვძებნოთ ისეთი გზები, რომელიც ჩვენს ენერგეტიკას ასეთი ზეწოლის ბერკეტებიდან გამოიყვანს, ანუ გაზის წილი უნდა შევამციროთ დასაშვებ ნორმებამდე.” (სტილი დაცულია)

ამაზევე მიანიშნებს სახელმწიფო მინისტრი კახა ბენდუქიძეც ”ვრემია ნოვოსტეისთვის” მიცემულ ინტერვიუში და დასძენს, რომ არიან ქვეყნები, რომლებიც ბუნებრივ აირს საერთოდ არ მოიხმარენ.
XS
SM
MD
LG