Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანში არჩევნების მოახლოებასთან ერთად უნდობლობა ძლიერდება


აზერბაიჯანში 6 ნოემბრისთვის დანიშნულ საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღეღა რჩება. ქვეყანაში მრავალი საერთაშორისო დამკვირვებელი ჩადის,

რათა არჩევნების სამართლიანობის უზრუნველყოფას შეეცადოს. თუმცა ხელისუფლებას ბევრი არჩევნების გაყალბების გეგმაში სდებს ბრალს. ოპოზიცია ირწმუნება, რომ ილჰამ ალიევის მთავრობა პარლამენტის საკუთარი მომხრეებით გავსებას ცდილობს.

ამ დღეებში ბაქოში განსაკუთრებული ინტენსივობით ვრცელდება სხვადასხვაგვარი ხმები.

აზერბაიჯანში საარჩევნო კვირა დგას და ქვეყნის მოსახლეობას პირველად ეძლევა შესაძლებლობა, პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მმართველობა კოლექტიურად შეაფასოს.

ოპოზიციის მომხრეები ხელისუფლებას მათ დათრგუნვასა და სრულფასოვანი კამპანიის ჩატარებისთვის ხელის შეშლაში ადანაშაულებენ. ამ ბრალდებებს დიდწილად ეთანხმებიან საერთაშორისო დამკვირვებლები. ამით შექმნილი ზეწოლის გამო, გასულ კვირაში პრეზიდენტმა ალიევმა გასცა ბრძანება ამომრჩევლების მარკირების აუცილებლობის და ამით განმეორებით ხმის მიცემის თავიდან აცილების თაობაზე. ალიევმა, ამავე დროს, პროკურორებს მოუწოდა, არჩევნების გაყალბების მცდელობას სიმკაცრით მოეკიდონ.

პრეზიდენტის ეს ნაბიჯი აზერბაიჯანში შეერთებული შტატების ელჩმა რინო ჰარნიშმა დადებითად შეაფასა:

[ჰარნიშის ხმა] "თუ სწორად განხორციელდება, – და სწორად განხორციელების აუცილებლობას მე ხაზს ვუსვამ, – ეს ბრძანება ბევრი არსებული პრობლემის მოხსნას შეძლებს. თუმცა სხვა პრობლემებიც არის და მე ვიმედოვნებ, რომ ხელისუფლება მათ გადაჭრასაც შეეცდება. პრეზიდენტის მკაფიო მოწოდებების მიუხედავად, ჯერ კიდევ ვრცელდება ცნობები, რომ ყოფილი მსჯავრდებულები კანდიდატებსა და მათ ოჯახებზე ზეწოლას ახორციელებენ. ასეთი ადამიანები უნდა დააპატიმრონ. მოკლედ, მთლიანობაში, ამ კვირის განმავლობაში რამდენიმე პოზიტიური ნაბიჯი გადაიდგა, მაგრამ, ამავე დროს, ბევრი პრობლემა გადაუჭრელი რჩება."

აზერბაიჯანის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მდივანი ნატიკ მამედოვი, რომელიც აცხადებს, რომ, როგორც კომისიის მდივანი, ის პოლიტიკურად მიუკერძოებელია, სიტუაციას სხვაგვარად აღწერს. მან რადიო “თავისუფლებას” უთხრა, რომ, მისი აზრით, კამპანიის მიმდინარეობის პერიოდში მნიშვნელოვანი პრობლემა არ შექმნილა. მამედოვის თქმით, აზერბაიჯანში გარკვეული სირთულეები კი არის, მაგრამ მსგავსი სიძნელეები დასავლეთ ევროპის ქვეყნებშიც ხშირია:

[მამედოვის ხმა] “ვფიქრობ, ნორმალური არჩევნების ჩასატარებლად უკვე ყველაფერი გაკეთდა და ყველა პირობა შეიქმნა. არჩევნების დანიშვნამდე, ამ წლის 11 მაისს, პრეზიდენტმა ბრძანება გამოსცა, რითაც არჩევნების ნორმალურად მომზადება მნიშვნელოვნად უზრუნველყო.”

მამედოვთან შედარებით, სხვები ბევრად უფრო სკეპტიკურად არიან განწყობილნი. მაგალითად, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში ორგანიზაცია Hუმან ღიგჰტს ჭატცჰ-ის წარმომადგენელი, ავსტრალიელი მატილდა ბოგნერი, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიას პირველი დღეებიდანვე აკვირდებოდა, ასე ფიქრობს:

[ბოგნერის ხმა] “ჩვენ ოპოზიციის - დამოუკიდებელი კანდიდატებისა და მათი აქტივისტების - წინააღმდეგ მიმართული დევნის, დაპატიმრების, ცემის და სხვა დამთრგუნავი ქმედებების არაერთი შემთხვევა გვაქვს აღრიცხული. და ამგვარ ვითარებაში, როდესაც მთელი ქვეყნის მასშტაბით ასეთი დევნა წარმოებს, ვფიქრობ, წინასაარჩევნო კამპანიის თავისუფლად და სამართლიანად დახასიათება მართებული არ იქნება.”

თუმცა, თუკი ამ არჩევნებს 2003 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს და 2000 წლის საპარლამენტო არჩევნებს შევადარებთ, პროგრესი მაინც შესამჩნევია. ამ მოსაზრებას გაზეთ "იენი მუსავათის" რედაქტორი და ამ არჩევნებზე ოპოზიციური "აზადლიქის" – იმავე “თავისუფლების” - ბლოკის კანდიდატი რაუფ არიფოღლუც ეთანხმება. იგი აღიარებს, რომ ამჯერად ვითარება შედარებით უფრო ღიაა და რომ ოპოზიციას მედიასთან - მათ შორის, სახელმწიფო მედიასთან - მუშაობის მეტი შესაძლებლობა აქვს. აქედან გამომდინარე, ამომრჩევლებს ხმას ბევრად მეტი კანდიდატი აწვდენს.

მთავრობა აცხადებს, რომ ოპოზიციას მხარდაჭერა არ გააჩნია – თუმცა ამ კვირაში, ბაქოს ჩრდილოეთში მდებარე პატარა ქალაქ ბილგეჰში წარმოებული კამპანიის დროს, ყოფილი სურსათის მაღაზიის შენობაში არიფოღლუს გამოსვლის მოსასმენად 400-მდე ადამიანი მივიდა. ისინი, ვინც შენობაში ვერ მოხვდა, გამოსვლას გარეთ დამონტაჟებულ ხმის გამაძლიერებლებში უსმენდნენ.

ქალაქის მოსახლეობამ არიფოღლუ თბილად მიიღო, თუმცა აუდიტორია დროდადრო გაბრაზებას რეპლიკებით გამოხატავდა. ერთმა მამაკაცმა დაიყვირა, რომ ხალხი, თუნდაც სიცოცხლის ფასად, შეეცდება მთავრობას არჩევნების შედეგების გაყალბებაში ხელი შეუშალოს.

თავად რაუფ არიფოღლუ გამოსვლის დროს ბევრად უფრო თავდაჭერილი იყო, თუმცა მან, ძირითადად, იგივე გაიმეორა:

[არიფოღლუს ხმა] “ჩვენი მიზანია, არჩევნებში მონაწილეობა აზერბაიჯანის მცხოვრებთა უმეტესობამ დემონსტრაციულად მიიღოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ შევეცდებით, არჩევნების დღეს ყველა უბნიდან ოფიციალური შედეგები მოვიპოვოთ და ისინი 24 საათის განმავლობაში აღვრიცხოთ და გავაანალიზოთ. შემდეგ, თუ გაირკვევა, რომ ტოტალურ გაყალბებას ჰქონდა ადგილი, შესაბამისად მოვიქცევით. ადგილობრივი გაყალბების შემთხვევაში კი სხვა ზომებს მივიღებთ.”

მუქარა, რომელიც ამ სიტყვებში იგრძნობა, ოპოზიციის ზოგად ინტონაციას გამოხატავს. აზერბაიჯანში ამ დღეებში ბევრს ლაპარაკობენ "ფერადი რევოლუციების" შესახებ – იხსენებენ, რა მოჰყვა მთავრობის მხრიდან არჩევნების გაყალბების მცდელობას საქართველოში, უკრაინასა და ყირგიზეთში.

თუმცა ბევრი ფიქრობს, რომ, ყოველივე ამის მიუხედავად, აზერბაიჯანში რევოლუციური განწყობა ნაკლებად იგრძნობა. მოსახლეობა ბევრი ფაქტორის გამოა უკმაყოფილო – მათ შორის, მასშტაბური კორუფციისა და იმის გამოც, რომ ქვეყნისთვის ნავთობით მოტანილი მოგება მოქალაქეების ცხოვრების სტანდარტზე არ ასახულა. თუმცა ამ უკმაყოფილებას ჯერ კონცენტრაციისა და ერთიანი გამოვლინებისთვის არ მიუღწევია.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG