Accessibility links

logo-print

ალო, მინისტრი მინდოდა...


ქართულმა გაზეთებმა დღეს, შეიძლება ითქვას, აიტაცეს საქართველოს პრეზიდენტის გუშინდელი გამოსვლა მთავრობის სხდომაზე,

რომელზეც მან მინისტრებს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ ისინი ხალხის სამსახურში უნდა იყვნენ და ყველა სატელეფონო ზარს უნდა პასუხობდნენ.

”ალო, მინისტრი მინდოდა... ხიდჩატეხილობის პრობლემა მთავრობასა და საზოგადოებას შორის”, “პასუხობდნენ თუ არა პრეზიდენტის საყვედურის შემდეგ მინისტრები სატელეფონო ზარებს”, ”ხალხში ან სახლში! ქართველი მინისტრი უნდა იჯდეს ტროლეიბუსში და განუწყვეტლივ საუბრობდეს მობილურზე”, - ასეთი სათაურებით ეხმაურება ქართული პრესა მიხეილ სააკაშვილის შენიშვნას მინისტრების მიმართ. გაზეთი ”24 საათი” კი ყურადღებას ამახვილებს პრეზიდენტის გამოსვლის იმ ნაწილზე, სადაც პრეზიდენტი დეპუტატ ცეზარ ჩოჩელის სამეწარმეო საქმიანობას შეეხო. ეგ არის, რომ პრეზიდენტს იმის ხაზგასმა სურდა, რომ სამეწარმეო საქმიანობის წარმატებით დასაწყებად და ბიუროკრატიული პრობლემების თავიდან ასაცილებლად დეპუტატს პრემიერ-მინისტრის დახმარება დასჭირდა. ის მეწარმე კი, რომელსაც პირადი ნაცნობობა არ აკავშირებს მთავრობის წევრებთან, დაუცველი და გაუბედურებულია. ”24 საათი” წერს: ”რაც შეეხება დეპუტატ-მეწარმე ცეზარ ჩოჩელის საკითხს, იმავე რეგლამენტის შესაბამისად თუ ვიმსჯელებთ, ასეთი რამ უნდა მოხდეს: ”თუ პარლამენტის წევრი ეწევა სამეწარმეო საქმიანობას, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი აღნიშნული ფაქტის გამოვლენიდან 10 დღის ვადაში გამოითხოვს დოკუმენტურ მასალას, ჩამოართმევს მას ახსნა-განმარტებას და ამზადებს შესაბამის დასკვნას”. ამის შემდეგ კი ”საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ წარდგენილი დასკვნის საფუძველზე პარლამენტის ბიუროს პარლამენტის წევრისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი შეაქვს უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში”, - წერს ”24 საათი”.

გაზეთი ”ალია” შეეცადა გუშინვე გამოეცადა მინისტრების დამჯერობის ხარისხი და გადაწყვიტა მათ მობილურ ტელეფონებზე დაკავშირებოდა. როგორც ირკვევა, უშედეგოდ. ”ალიასთან” საუბარში კი დეპუტატი კობა დავითაშვილი ამბობს: ”მე ვურჩევდი პრეზიდენტს მაგალითი აჩვენოს მინისტრებს და ხალხს თავად მისცეს საკუთარი ნომერი. ის ყოველთვის ეუბნება მოსახლეობას შეხვედრებზე, დამიკავშირდით, პრობლემები თუ შეგექმნებათო, ნომერს კი არ უტოვებს. სად უნდა დაურეკოს ამ ხალხმა? საერთოდ, უცნობია ჩვენთვის მას აქვს თუ არა პირადი ნომერი”, - ამბობს დავითაშვილი.

”რეზონანსი” ასე უდგება საკითხს: ”არც ერთ ქვეყანაში მინისტრს ტელეფონზე პასუხის გაცემა არ ევალება. სხვათა შორის, ჟურნალისტებმა მაინც იციან, რომ ტელეფონის უცხო ზარებზე პასუხი არც ისე ადვილი საქმეა. თავად ჩვენი პრეზიდენტი პარლამენტარობის შემდეგ ”უცხო ზარს” არასდროს არ პასუხობდა. როდესაც იგი საკრებულოს თავმჯდომარეობდა, მასთან დაკავშირებისთვის მისი პრესსამსახურის უფროსთან ”ჩაწყობაც” კი არ ჭრიდა. პოლიტოლოგთა შეფასებით, პრეზიდენტის ეს მითითება იმდენად არარეალურია, რომ ”უფრო სიმბოლური აქცენტით უნდა გავიგოთ, ვიდრე პირდაპირ”, - წერს დღევანდელი ”რეზონანსი”.

რაც შეეხება სხვა თემებს, გაზეთი ”ხვალინდელი დღე” სასამართლო სისტემაში მიმდინარე რეფორმას აშუქებს და აქვეყნებს ინტერვიუს სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა მეიშვილთან. როგორც იცით, რეფორმის შედეგად, გაუქმდა საოლქო და შეიქმნა სააპელაციო სასამართლო. გაამარტივებს თუ არა ეს ცვლილება საქმის წარმოებას? სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე ამბობს: ”ამ ცვლილებებით ელემენტარულად მოხდა ის, რომ ყველა საქმე თანაბარ პოზიციაში ჩადგა. თუ ადრე საოლქო სასამართლოს პირველი ინსტანციის ფუნქციის შესრულებაც უწევდა და ხშირად რაიონულიდან წამოსულ საქმეს ხელახლა განიხილავდა, ახლა საქალაქო სასამართლოდან წამოსული საქმეები მხოლოდ აპელაციასა და შემდგომ უზენაეს სასამართლოში კასაციას დაექვემდებარება”, - აცხადებს ზაზა მეიშვილი ”ხვალინდელ დღესთან” ინტერვიუში.
XS
SM
MD
LG