Accessibility links

რამდენად რეალური იქნება მომავალი ქართული თვითმმართველობა?

  • ნინო როდონაია

მას შემდეგ, რაც ერთი წლის წინ საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა "ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიის" რატიფიკაციას,

ხელისუფლებამ განაცხადა, რომ დემოკრატიის ერთი გაკვეთილი უკვე ჩააბარა და ქვეყანაში რეალური თვითმმართველობის დამყარებაზე ზრუნვას იწყებს. შეიქმნა ტერიტორიული მოწყობის რეფორმის სახელმწიფო კომისია, რომელმაც ადგილობრივი თვითმმართველობის კანონპროექტი შეიმუშავა და განსახილველად პარლამენტს გადასცა. თვითმმართველობის კონცეფცია შექმნა არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციამაც, რომელმაც ამ დოკუმენტს, შესაძლოა, ალტერნატიული კანონპროექტის სახე მისცეს. ვინ როგორ აღიქვამს რეალურ თვითმმართველობას?

ის, თუ როგორი თვითმმართველობა ექნება საქართველოს, წლის ბოლოსთვის გაირკვევა, როდესაც პარლამენტი სახელმწიფო კომისიის მიერ მომზადებულ კანონპროექტს დაამტკიცებს. იმის დასადგენად, თუ რა სახე აქვს ამჟამინდელ ვარიანტს და რა შენიშვნები გაითვალისწინეს ავტორებმა, ,,სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ” ხუთშაბათს ბოლო საჯარო დისკუსია გამართა. ხელისუფლების წარმომადგენლები მთავარ მიღწევად თვითმმართველობისა და მმართველობის გამიჯვნას მიიჩნევენ. რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმარველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ედვარდ სურმანიძე აცხადებს, რომ, კანონპროექტის თანახმად, საქართველოს ექნება ერთდონიანი თვითმმართველობა, რომელსაც სრულყოფილი საკანონმდებლო ბაზა უზრუნველყოფს:

[ედვარდ სურმანიძის ხმა] ,,აირჩევა ეს ადგილობრივი ხელისუფლება პირდაპირ ხალხის მიერ. თვითონ განსაზღვრავს თავის ხელმძღვანელ ორგანოებს, თვითონ ექნება კომპეტენციები თავისი ბიუჯეტის შედგენისა და დამტკიცების. მას ექნება უკვე საკუთარი სამოქმედო ტერიტორია, განსაზღვრული და დაზუსტებული. მას ექნება თავისი ქონება, ბიუჯეტი და გარანტირებული შემოსავლები. მათ ექნებათ, ასევე, დელეგირებული უფლებამოსილებები, რომელსაც სახელმწიფოსთან ერთად ახორციელებენ. გამომდინარე აქედან, ეს იქნება ის საკანონმდებლო ბაზა, რომელიც სრულფასოვნად უპასუხებს ევროპული ქარტიის მოთხოვნებს.” (სტილი დაცულია)

კანონპროექტი რომ სრულყოფილი არ არის და არც ეკონომისტების ხელი ეტყობა და არც იურისტების, ეს სახელმწიფო კომისიის წევრებს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა შეახსენეს. მაგალითად, რამდენიმე დებულება ეწინააღმდეგება სხვა კანონებს, მათ შორის, ადმინისტრაციულ კოდექსს, ზოგიერთი პუნქტი კი ეყრდნობა ბიუჯეტის იმ კანონს, რომელიც 2003 წლიდან აღარ მოქმედებს. ამასთან, გაურკვეველია ის კრიტერიუმები, რომელთა მიხედვითაც საქართველოში თვითმმართველობის 70-მდე ერთეული იქნება. ხარვეზების არსებობას აღიარებენ კანონპროექტის ავტორები, თუმცა აცხადებენ, რომ მოდელი იდეალურთან მიახლოებულია და რეფორმის საფუძველს ქმნის. განსხვავებული მოსაზრება აქვს ფრაქცია ,,მემარჯვენე ოპოზიციის” წევრ მამუკა კაციტაძეს, რომელსაც მიაჩნია, რომ კანონპროექტი არ გამოხატავს რეალური თვითმმართველობის დამკვიდრების პოლიტიკურ ნებას და მხოლოდ იმიტომ შეიქმნა, რომ ამას რატიფიცირებული ევროპული ქარტია გვავალდებულებს:

[მამუკა კაციტაძის ხმა] ,,ის, რომ იჯდე თბილისში და კაბინეტიდან განახორციელო დეცენტრალიზაცია და დაწერო კანონი ისე, რომ არანაირი საზოგადოებრივი დაკვეთა არ მიიღო, არანაირი აზრი არ მიიღო ადგილებიდან, არის აბსოლუტურად წარმოუდგენელი. ჩვენ დავრწმუნდებით, როდესაც დავინახავთ კონკრეტულ ნუსხას ექსკლუზიური კომპეტენციებისა და უფლებამოსილების, რა გაიმეტა ცენტრალურმა ხელისუფლებამ ადგილებისთვის. თვითმმართველობა არ არის მხოლოდ ფანქრით შემოვლებული ტერიტორია. მას სჭირდება უფლებამოსილება, ფული, ქონება.” (სტილი დაცულია)

რას გაიმეტებს ხელისუფლება ადგილებისთვის, ეს მოგვიანებით გაირკვევა. განსხვავებით იმისაგან, რომ თვითმმართველობის კანონპროექტი არ ითვალისწინებს მერებისა და გამგებლების პირდაპირი წესით არჩევას, ეს პრინციპი, ორდონიან თვითმმართველობასთან ერთად, ხელისუფლებისთვის ყველაზე მეტად მიუღებელი აღმოჩნდა არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის მიერ მომზადებული კონცეფციიდან. თუმცა მისი ერთ-ერთი ავტორი, დავით ლოსაბერიძე, დარწმუნებულია, რომ მალე ხელისუფლება სხვა რეალობის წინაშე აღმოჩნდება:

[დავით ლოსაბერიძის ხმა] ,,წელს, თებერვალში, თვითმმართველობაზე პასუხისმგებელი სამინისტროების საერთო ევროპულმა თათბირმა რეკომენდაციად მიიღო პირდაპირი არჩევნები. ეს ნიშნავს, რომ წელიწადში - მაქსიმუმ ორ წელიწადში - ეს იქცევა კონვენციის ტიპის დოკუმენტად და სავალდებულო გახდება შესასრულებლად. ამაზე იქნება ზეწოლა - არამარტო ჩვენ მიმართ, სხვათა შორის. საკმაოდ ძლიერი ზეწოლა განხორციელდა საფრანგეთის, სერბიის, გერმანიის მიმართ და მათ უკან დაიხიეს. ახლა, მე არა მგონია, რომ ქართველებმა ამის იგნორირება მოვახდინოთ, მით უმეტეს, თუ ეს არის ჩვენს ინტერესებში.” (სტილი დაცულია)

იმას, რომ თვითმმართველობის შემოთავაზებული მოდელი გარდამავალი იქნება, კანონპროექტის ავტორები არ გამორიცხავენ. ამასთან, დროის სიმცირე სახელდება ერთ-ერთ მთავარ მიზეზად იმისა, რომ გაცილებით სრულყოფილი ვარიანტი ამ ეტაპზე არ არსებობს. რაც შეეხება სხვა კანონებთან წინააღმდეგობას, ამ ხარვეზების გამოსწორებას პარლამენტი პირველი მოსმენის, ანუ პრინციპების გაზიარების, შემდეგ დაიწყებს.
XS
SM
MD
LG