Accessibility links

logo-print

რას უქადის ევროპულ ღვინოს ოკეანისგადაღმელი მეღვინეების ახალი ტექნოლოგიის შემოსვლა ევროპის ბაზარზე


ჩვენი თემა დღეს ღვინის წარმოებაში, მეღვინეობაში,

ტრადიციული, ჭეშმარიტი ღვინისა და იმ სასმელის ჭიდილია, ახალი მეთოდით რომ აწარმოებენ და ბაზარს რომ უტევს. ახლახან ევროპის კავშირმა და აშშ-ის წარმომადგენლებმა წინასწარ შეთანხმებას მიაღწიეს იმის თაობაზე, რომ აშშ-ის ახლებური ტექნოლოგიით წარმოებულ ყურძნისგან მიღებულ სასმელს ევროპაში გაყიდვის საშუალებას მისცემენ. ამერიკელი - კერძოდ, კალიფორნიელი - მეღვინეები აღტაცებით შეხვდნენ ამ გარიგებას, მიუხედავად იმისა, რომ ძალაში შესვლამდე ის ევროკავშირის უფრო მაღალ დონეზე უნდა განიხილონ და დაამტკიცონ. განსაკუთრებით აღელვებთ ეს გარიგება ევროპის იმ მეღვინეებს, რომლებიც ღვინის დამზადების ტრადიციულ წესს მისდევენ და შიშობენ, რომ სხვა წესით დამზადებული სასმელი, რომელიც, ბევრის აზრით, ღვინო აღარც იქნება, გარდა იმისა, რომ კონკურენციას გაუწევს მათ ღვინოს ევროპაში, ღვინის კულტურას დაემუქრება, საერთოდ. ამერიკელები უკვე დიდი ხანია იყენებენ ღვინის არომატის მანიპულირების ხერხს: ღვინოში ხის ნაფოტების ჩაშვებით იღებენ სასურველ გემოს, რომელიც გაფიქრებინებთ, რომ ღვინო მუხის კასრებში იდგა. ოკეანის გადაღმა მიღებულია ასევე ღვინოში ტანინის დამატება, ასევე - წყლით გაზავება. იქვე გამოიგონეს მანქანა,რომელშიც ღვინოს შემადგენელ ნაწილებად შლიან და შემდეგ, სურვილის მიხედვით, კვლავ ერთმანეთში ურევენ. პროდუქტს, რომელსაც ასე აწარმოებენ, ახლა ევროპის ბაზარზე ადგილის მოპოვება სურს. კამათის სათავე, როგორც ითქვა, გარიგებაა ევროპის კავშირსა და აშშ-ის ღვინის ინსტიტუტს შორის, რომელსაც ამერიკული ღვინის 95 პროცენტი გააქვს უცხოეთში. ევროპაში მოქმედებს ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაცია, პარიზში ცენტრალური ოფისით, რომელიც ღვინის დამზადების ნორმებს ადგენს. აშშ ამ ორგანიზაციას გამოეყო, რითაც აუცილებლობა შეექმნა ორმხრივი ხელშეკრულებები დადოს. მაგრამ საქმე ისაა, რომ მისი წევრი ევროკავშირიც არის. ამ ორგანიზაციის მთავარი ექსპერტია გერმანიის მეღვინეობის და მევენახეობის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, რაინისპირელი პროფესორი მონიკა ქრისტმანი, რომელსაც პრაღიდან ტელეფონით დავუკავშირდი. მან, სხვათა შორის, ისიც მითხრა, ქართველი სტუდენტები მყავსო. მაგრამ ჩვენი თემა არ იყო ქართული ღვინო. ჩვენი თემა ევროპული ღვინისა და ამერიკული ღვინის ან მეღვინეების მოსალოდნელი დაპირისპირება გახლდათ.

(ქრისტმანის ხმა) “პრობლემა ის არის, რომ ერთ მხარესაა ახალი ტექნოლოგიები, რომლებიც ოკეანის გაღმა უკვე დაინერგა, მაგრამ, ღვინის ჩვენი კანონის თანახმად, დაშვებული არ არის. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ის ტექნოლოგიები ცუდია, - უბრალოდ, ჯერ დაშვებული არ არის.”

ღვინის გერმანელმა სპეციალისტმა განგვიმარტა, რომ ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციიდან აშშ-ის გასვლის შემდეგ, აშშ-ს შეუძლია ევროპაში თავისი პროდუქტის შემოტანა ისე, რომ ის ამ ორგანიზაციის მიერ დამტკიცებული არ იყოს. ანუ ევროპის კავშირში შევა ღვინის პროდუქტი, რომელიც ევროპულ ნორმებს არ შეესაბამება.

(ქრისტმანის ხმა) “წარმოიქმნება შესაბამისი კონფლიქტი. არ მსურს იმის თქმა, რომ ეს პროდუქტები მავნებელი იქნება. ეს ასე არ არის. უბრალოდ, ისინი მზადდება იმ ტექნოლოგიით, რომელიც ჩვენთან დაშვებული არ არის. ასე უფრო მარტივად ხდება წარმოება, ან უფრო იაფად, რაც ევროპულსა და ამერიკულ პროდუქტს შორის კონკურენციის პრინციპს არღვევს.”

მე დავინტერესდი, შეიძლება თუ არა ეწოდოს ღვინო პროდუქტს, რომელიც, მართალია, ყურძნის წვნისაგან მზადდება, მაგრამ მზადდება ტრადიციულისგან განსხვავებული მეთოდით.


(ქრისტმანის ხმა)“ჩვენ, მართლაც, უნდა ვიფიქროთ, როგორი იქნება ღვინის განსაზღვრება. ჩვენთანაც მზადდება პროდუქტები არაკონვენციური მეთოდით, მაგრამ მათ ღვინო აღარ ჰქვიათ. ეს არის უალკოჰოლო ღვინო, არომატიზებული ღვინო, მაგრამ საერთო სახელწოდება - ღვინო - მათ აღარა აქვთ. ამერიკაში პროდუქტს სხვაგვარად ამზადებენ, მაგრამ მაინც ღვინოს უწოდებენ. ასე რომ, საჭირო იქნება განისაზღვროს მომავალში, რას ვგულისხმობთ, როცა ვამბობთ ‘ღვინო’.”

მონიკა ქრისტმანის თქმით, ამერიკული პროდუქტის ავტორები შეეცდებიან ევროპაში თავიანთ პროდუქტს ღვინის სახელი შერჩეს. მისივე თქმით, მათ მიაღწიეს იმას, რომ არ არიან ვალდებულნი ეტიკეტზე განმარტონ, როგორაა სასმელი წარმოებული. ქრისტმანი, ჩანს, არც ევროპის კავშირის, როგორც ვაზის და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის წევრის, ქმედებით უნდა იყოს კმაყოფილი:

(ქრისტმანის ხმა) “ ამას ის ემატება, რომ ევროპის კავშირი, ამ საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი, ერთი მხრივ, პირობების შეზღუდვას მოითხოვს, რადგან ჩვენ გარკვეულ ტრადიციაზე ვართ დამოკიდებული, მაგრამ, მეორე მხრივ, ამერიკელებს ნებას რთავს, შემოიტანონ იმ მეთოდით დამზადებული პროდუქტი, რომელიც აქ არ არის რეგისტრირებული. ეს ართულებს საქმეს, რადგან, ერთი მხრივ, ვემხრობით ამას, მეორე მხრივ, არა.”
პრობლემა კიდევ უფრო გართულდება, როცა ხმას ამოიღებს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაცია, რომლის წესის თანახმად, ყველა წევრს ერთი და იგივე უფლებები აქვს. ანუ აშშ-ის მსგავსი უფლებები უნდა მიენიჭოს ღვინის სხვა ახალ მწარმოებლებს: ჩილეს, არგენტინას, ახალ ზელანდიას და სხვ. ამასთან, ირკვევა, რომ ახალი ტექნოლოგია გულისხმობს არა იაფი სასმელის წარმოებას, არამედ ძვირფასი პროდუქტის შექმნას, რასაც ყველა ესწრაფვის. მხოლოდ ახალი ტექნოლოგიის დანერგვა იაფი პროდუქტისთვის არ იქნებოდა რენტაბელური. ჩვენი საუბრის ბოლოს გერმანელმა მეცნიერმა, გაიზენჰამში - რაინის პირას - მოქმედი მეღვინეობისა და მევენახეობის ინსტიტუტის ხელმღვანელმა პროფესორმა მონიკა ქრისტმანმა, თქვა, ჩვენთვის ღვინო ტრადიციაა, სხვისთვის კი მხოლოდ ვაჭრობის ობიექტიო:

(ქრისტმანის ხმა) “ჩვენთან ღვინო ჯერ კიდევ განასახიერებს ტრადიციას, კულტურას, ცხოვრების გარკვეულ სტილს, მაშინ როცა სხვა ქვეყნებში ამას სხვაგვარად უყურებენ - ღვინო იქ საქმეა.”
XS
SM
MD
LG