Accessibility links

logo-print

შევსების მოლოდინში მყოფ ნაციონალურ მოძრაობას შესაძლოა სტრასბურგის სასამართლოში უჩივლონ


გუშინ საქართველოს პოლიტიკურ ძალთა ოპოზიციურ ფლანგზე სერიოზული სკანდალი მოხდა. ქუთაისის კონსერვატიული პარტიის საქალაქო ორგანიზაციამ პრაქტიკულად

თვითლიკვიდაცია მოახდინა, როცა ორგანიზაციის წევრთა 95 პროცენტის კონსერვატიული პარტიის რიგების დატოვების შესახებ ოფიციალურად განაცხადა. კონსერვატიული პარტიის ქუთაისის საქალაქო ორგანიზაციაში 400–ზე მეტი ადამიანია გაწევრიანებული. გუნდი ახალი დედა–პარტიის ძიებაშია. პოლიტიკური კონსულტაციები გრძელდება და ამ ეტაპზე ძნელია იმის თქმა, რომელ პოლიტიკურ ძალას მიანიჭებენ უპირატესობას ყოფილი კონსერვატორები. არ არის გამორიცხული, რომ დიდი შევსება სწორედ ნაციონალურმა მოძრაობამ მიიღოს. თუმცა, როგორც ნაციონალური მოძრაობის ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე, დეპუტატი გოჩა თევდორაძე ამბობს, მმართველი პარტია ყოფილ კონსერვატორთა საკუთარ რიგებში გაწევრიანების დიდ ინტერესს არ ავლენს. თავად გოჩა თევდორაძეს მოვუსმინოთ.

[გოჩა თევდორაძის ხმა]“ არც ისე დიდი ოდენობის არი, რომ ამ ხალხზე რაღაც კონკურსი გამოცხადდეს, რომ უთუოდ გვჭირდება და გვინდა. ჩვენგან მათთვის კარები ღია იქნება, მაგრამ ისე, რომ დიდი ინტერესი იყოს, არა. ეს არის სულ რაღაც 30–40 კაცი და არავითარ შემთხვევაში 400 და 500, როგორც ცხადდება”

კონსერვატიული პარტიიდან გასულ წევრთა კიდევ უფრო მცირე რაოდენობას ასახელებს პარტიის თავმჯდომარე კობა დავითაშვილი. მისი თქმით, კონსერვატორთა რიგები ორად ორმა განაწყენებულმა ადამიანმა დატოვა. მათგან ერთი შუალედური არჩევნების პრაიმერში ტყიბულის კანდიდატურეობის მოსურნე იყო, მეორე კი თავად ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე. სწორედ ეს უკანასკნელი ამტკიცებს დაბეჯითებით, რომ კონსერვატიულ პარტიას ერთდროულად 400–ზე მეტი წევრი განუდგა.

[დავით ძოწენიძის ხმა]“დაფუძნებაზე გვყავდა მარტო, მარტის თვეში დავფუძნდით, 380 კაცი. მის შემდეგ უკვე წევრიანდებოდა და წევრიანდებოდა ხალხი. ჩვენ 95 პროცენტი მიტომ ვთქვით, რომ ამჟამად წინააღმდეგი არ არის არავინ. მაგრამ, შეიძლება ვიღაც გამოჩნდეს, ან ვიღაცას რაღაცა ათქმევინონ და ამიტომ.“

დავით ძოწენიძე იმედოვნებს, რომ ყოფილ კონსერვატორებს თითქმის მთელი შემადგენლობით ვიხილავთ სხვა რომელიმე პარტიის, მათ შორის, არ არის გამორიცხული,, ნაციონალური მოძრაობის რიგებში. თუმცა ყოფილი კონსერვატორების მომავალ არჩევანზე, შესაძლოა, ნეგატიურადაც კი აისახოს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ნაციონალური პარტიის ერთ–ერთი წევრი, თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე გულიკო გიგიბერია მზადაა მართველ პარტიას სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოშიც კი უჩივლოს. იმ შემთხვევაში თუ უზენაესი სასამართლო მას ნაციონალური მოძრაობის პარტიულ–საარჩევნო სიაში არ აღადგენს. ამ სიიდან ქალბატონი გიგიბერია მიმდინარე წლის ზაფხულში ამოიღეს. მისი ადვოკატი მალხაზ პატარაია ვარაუდობს, რომ პარტიის მხრიდან ეს ერთგვარი პრევენცია იყო.

[მალხაზ პატარაიას ხმა]“ ეტყობა იმათ ჩათვალეს, რომ ქალბატონი გულიკო როგორც კი შევა პარლამენტში, ის არ იქნება პულტის დამჭერი და ვთქვათ მონურად მორჩილი.“

[გულიკო გიგიბერიას ხმა]“ არა, ნამდვილად ვერ ვიქნებოდი მორჩილი. იციან, რომ მე შემიძლია გამოვიჩინო ინიციატიგვა, მე გამაჩნია ჩემი საკუთარი აზრი, მე მაქვს ჩემი პრინციპები და მე ვიცი, რატომ მოვედი პარტიაში. და ნამდვილად ვერ ვიქნებოდი ვერავის მორჩილი, ამას მე ვადასტურებ.“

გულიკო გიგიბერია აცხადებს, რომ ნაციონალურ მოძრაობაში ახალი მოქალაქეთა კავშირის ტიპის პარტიული ნომეკლატურა მოქმედებს და მასთან დაპირისპირება ძნელია, მათ შორის სასამართლოს გზით.
XS
SM
MD
LG