Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზუბალაშვილების 4 ნომერში მცხოვრები ადამიანები შველას ითხოვენ


რადიო „თავისუფლება“ ახორციელებს პროექტს „ხალხში, ხალხის სახელით, ხალხის საკეთილდღეოდ“ და, ამ პროექტის ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები

ადამიანების ყოფის შესახებ მოგითხრობთ. იმის გასაგებად, თუ რა აწუხებთ თბილისში, ძმები ზუბალაშვილების ოთხ ნომერში, მცხოვრებ ადამიანებს და რა შინაარსის წერილი გაუგზავნეს მათ პრეზიდენტის მეუღლეს, მე ქალბატონ ნუნუ თვალავაძესა და მის მეზობლებს ვესტუმრე.

მთაწმინდის რაიონი, ძმები ზუბალაშვილების 4 ნომერი - შენობა, რომელიც ამ მისამართზე მდებარეობს, 1901 წელსაა აშენებული და დედაქალაქის მატერიალური კულტურის მნიშვნელოვან ძეგლად ითვლება. თუმცა, როგორც ჩემი მასპინძელი ნუნუ თვალავაძე ამბობს, ჟამთა სვლამ და სამი წლის წინ მომხდარმა მიწისძვრამ სამსართულიანი ულამაზესი სახლი, რომელიც 16 ოჯახს იტევს, საცხოვრებლად უვარგისი გახადა:

[ნუნუ თვალავიძის ხმა] „აი, მობრძანდით, ნახეთ. დღითიდღე ემატება ბზარები. კანკალით ამოვედი კიბეებზე. მეშინია თავზე არაფერი დამეცეს - ბეტონის ლოდები ცვივა. აქ რა მოხდა, იცით? მე მეგონა, ბომბი გასკდა. მთელი ჭერი ჩამოვარდა. აიხედეთ მაღლა.“

და, მართლაც, ჭერი, თითქმის ყველა კედელი და, მათ შორის, საყრდენი კედლებიც უზარმაზარი ბზარებითაა დაღარული. თავის დროზე მკვიდრად ნაგები შენობა ვერც ქარს აკავებს, ვერც წვიმას და ვერც სინათლეს.

[ნუნუ თვალავიძის ხმა] „ერთი საუკუნისა და ხუთი წლის სახლია ეს. აკაკი შანიძე, აცხონოს ღმერთმა, რომ გახდა 100 წლის, მოკვდა. ასეა ეს სახლიც, კვდება! არ ვართ ჩვენ ხელწამოსაკრავი ხალხი, უნდა დაგვეხმაროთ.“

ზუბალაშვილების 4 ნომერში მცხოვრებმა ადამიანებმა დახმარებისათვის დედაქალაქის მერიას მიმართეს. კოტე კობახიძე ქალბატონ ნუნუს კარის მეზობელი და ამ სახლის პირველი მფლობელის შთამომავალია.

[კოტე კობახიძის ხმა] „იმ დღეს, როცა შემოსასვლელში ჩამოინგრა ჭერი, მერიის ცხელ ხაზზე დავრეკეთ. არავინ გამოგვეხმაურა, მაგრამ მოვიდა პატრული, რომელმაც მითხრა, ნუ შეხვალ სახლშიო... ეს არის ავარიული სახლი, ძალიან ძველია, რომელიც გადასცეს ძეგლთა დაცვას. ძეგლთა დაცვა არ იძლევა დანგრევის უფლებას, მაგრამ თუ არ დაანგრიეს და რამე არ გააკეთეს, აქ, უბრალოდ, ვერ იცხოვრებ.“

ზუბალაშვილების 4 ნომერში მცხოვრები ადამიანები ასახელებენ კიდევ ერთ მიზეზს, რის გამოც სახლს არ ანგრევენ. საქმე ის არის, რომ ქუჩის გადაღმა, ზუბალაშვილების 7 ნომერში, პრეზიდენტის ოჯახი ცხოვრობს.

[გიორგი ყურაშვილის ხმა] „ჩვენს ქუჩაზე თითქმის ყველა სახლს ანგრევენ. ჩვენს სახლს კი იმიტომ არ ანგრევენ და არ აკეთებენ, რომ აქვე ცხოვრობს პრეზიდენტი და ერიდებიან, ხმაურმა არ შეაწუხოსო. იქით, გვერდზე, ძველ სახლებს ანგრევენ.“(სტილი დაცულია)

თუმცა ქალბატონი ნუნუ იმედოვნებს, რომ პრეზიდენტი და მისი მეუღლე გულთან ახლოს მიიტანენ მეზობლების გასაჭირს და ზუბალაშვილების 4 ნომერში მცხოვრებ ადამიანებს განსაცდელისგან იხსნიან:

[ნუნუ თვალავაძის ხმა] „პრეზიდენტმა გამოაცხადა, ხალხი რომ მოგმართავთ, უშველეთ, დაეხმარეთ და მოსუმინეთო. მოგვისმინეთ და დაგვეხმარეთ. გუშინ ქალბატონ სანდრას გადავეცით წერილი. ახლა ველოდებით. სანამ ჩვენს სიკვდილს არ გაიგონებენ, არ უნდა მოგვაქციონ ყურადღება? პოლიციელები რომ დგანან აქ, იმათ გადავეცით წერილი, როგორმე იქნებ მიაწოდონ. წერილში რას ვთხოვთ? შველას!“
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG